
,,კომერციული ბანკი, როგორც საქართველოს იურიდიული პირი, არ შეიძლება სამართლებრივად მოქმედებდეს იმგვარი წესის საფუძველზე, რომელიც ეწინააღმდეგება ეროვნულ კანონმდებლობას” – ავტორიტეტული ადვოკატის, პაატა შავაძის შეფასება
,,ქვეყანაში მოქმედი კომერციული ბანკები წარმოადგენენ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით შექმნილ იურიდიულ პირებს, რომელთა საქმიანობა ექვემდებარება საქართველოს კონსტიტუციასა და ეროვნულ კანონმდებლობას”, – აცხადებს ადვოკატი პაატა შავაძე.
პროფესიონალი ადვოკატის, პაატა შავაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი წარმოიქმნება კოლიზია სხვა იურისდიქციაში მიღებულ ნორმატიულ აქტსა და საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას შორის, მოქმედი კომერციული ბანკები ვალდებული არიან იმოქმედონ კონსტიტუციისა და კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად.
ამ საკითხზე ავტორიტეტული და ჩვენი ერთგული რესპონდენტის, პაატა შავაძის ვრცელ პოზიციას გთავაზობთ :
სამართლებრივი პოზიცია :
კომერციული ბანკების ვალდებულება საქართველოს სამართლებრივი წესრიგის ფარგლებში მოქმედების შესახებ.
1. სამართლებრივი სტატუსი
საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკები წარმოადგენენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებულ იურიდიულ პირებს. მათი საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, აგრეთვე სპეციალური საკანონმდებლო აქტი — საქართველოს კანონი კომერციული ბანკების შესახებ და ეროვნული ბანკის რეგულაციები.
2. კონსტიტუციის უზენაესობის პრინციპი
საქართველოს კონსტიტუციის უზენაესობის პრინციპიდან გამომდინარე, საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ყველა სუბიექტს, მათ შორის კომერციულ ბანკებს, ეკისრებათ ვალდებულება იმოქმედონ ეროვნული სამართლის ფარგლებში.
კონსტიტუცია წარმოადგენს უმაღლესი იურიდიული ძალის მქონე აქტს და სხვა ნორმატიული აქტები მასთან შესაბამისობაში უნდა იყოს. აღნიშნული პრინციპი განაპირობებს ეროვნული სამართლის პრიორიტეტს ქვეყნის შიდა სამართლებრივ სივრცეში.
3. კოლიზიის შემთხვევა უცხო იურისდიქციის აქტთან.
თუ წარმოიქმნება ნორმათა კოლიზია უცხო სახელმწიფოს ნორმატიულ აქტსა და საქართველოს კონსტიტუციას ან კანონმდებლობას შორის, საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მოქმედი კომერციული ბანკი ვალდებულია იხელმძღვანელოს საქართველოს სამართლებრივი ნორმებით.
უცხო სახელმწიფოს ნორმატიული აქტი შეიძლება წარმოშობდეს ვალდებულებას შესაბამისი იურისდიქციის ფარგლებში, თუმცა მას არ გააჩნია პირდაპირი და უპირატესი მოქმედების ძალა საქართველოს შიდა სამართლებრივ წესრიგში, თუ იგი არ არის აღიარებული ან იმპლემენტირებული საქართველოს კანონმდებლობით.
4. სუვერენიტეტისა და სამართლებრივი ავტონომიის პრინციპი
სახელმწიფოს სუვერენიტეტი გულისხმობს, რომ მის ტერიტორიაზე სამართლებრივი წესრიგის განსაზღვრა წარმოადგენს საქართველოს ექსკლუზიურ კომპეტენციას. შესაბამისად, კომერციული ბანკი, როგორც საქართველოს იურიდიული პირი, არ შეიძლება სამართლებრივად მოქმედებდეს იმგვარი წესის საფუძველზე, რომელიც ეწინააღმდეგება ეროვნულ კანონმდებლობას.
მოამზადა ქეთი ხომერიკმა
,,GEO NEWS”





