
ლადო კახაძე: ,,ერთადერთი გზა, რომელიც უნდა გამოვიყენოთ აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობაში, არის მოლაპარაკების, თანხმობის და მიტევების გზა – ბატონი ბიძინა ის კაცია, რომელიც გამოწვევებს არ უფრთხის, მით უფრო, როცა საკითხი საქართველოს ეროვნულ ინტერესს ეხება”
ჩვენი მკითხველი უკვე გაეცნო საქართველოს პარლამენტისა და „ქართული ოცნების“ გამორჩეული წევრის, ბატონი ლადო კახაძის ექსკლუზიური ინტერვიუს პირველ ნაწილს, რომლის მეორე და დამასრულებელ ნაწილს ,,GEO NEWS” დღეს გთავაზობთ.
აშკარაა, რომ ჩვენი მკითხველი ინტერესით ეცნობა ბატონი ლადოს მოსაზრებებს, სავსეს ინტელექტით, იუმორითა და საოცარი ალეგორიებით.
ყველა გემოვნების მკითხველი ბატონი ლადოს ნააზრევში მისთვის საინტერესოს იპოვის და თავადვე გახდება იმ დიდი სიბრძნის თანაზიარი, რასაც ჩვენი რესპონდენტი ასე უშურველად და დაუნანებლად გვიწილადებს ჩვენ და ჩვენი საშუალებით სრულიად საქართველოს.
ჩვენი ექსკლუზიური ინტერვიუს მეორე ნაწილი საქართველოს ახლად არჩეულ პრეზიდენტზე საუბრით იწყება.
-ბატონი ლადო, ქვეყანაში პირველად გვყავს არაპირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი, რომელიც წინარე პრეზიდენტისგან განსხვავებით, ეროვნული და პატრიოტული სულისკვეთებით გამოირჩევა, ასევე, ჰუმანურობითაც დაგვამახსოვრა თავი, თუ გავითვალისწინებთ რაოდენ უპრეცედენტო რაოდენობის მსჯავრდებული შეიწყალა სულ ახლახან. როგორ შეაფასებდით, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის პიროვნებას ?
-წინა სამარცხვინო პრეზიდენტზე, უკვე გესაუბრეთ. ამჯერად, მინდა სიამაყით აღვნიშო, რომ მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული, პატრიოტი და ეროვნული სულისკვეთების მატარებელი პრეზიდენტია.
ვულოცავ ჩვენს მოსახლეობას იმ ფაქტს, რომ გვყავს პრეზიდენტი, რომლისთვისაც საქართველოს საწუხარი, მისი საწუხარია და ის ყოველთვის და ყველგან პირველ ადგილზე საქართველოს ინტერესს აყენებს. იგი იქნება საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის გულმხურვალე დამცველი. ადამიანი სავსე ღირსებითა და მამულიშვილობით, ჰუმანური ადამიანი, რომელმაც მის მიერ განხორციელებული პირველივე შეწყალების აქტით გვაჩვენა, რომ მის მკერდში თანამგრძნობი და კეთილი გული ძგერს, ის სიკეთის ქმნით არასდროს დაიღლება.
–ბატონო ლადო, თქვენ ინტერვიუს წინა ნაწილში უკვე გვესაუბრეთ ბატონი ბიძინას როლზე გუნდის ერთად შედუღაბების საქმეში, თუმცა, გთხოვთ, თქვენი პირადი დამოკიდებულება გაგვანდოთ მის მიმართ, რადგან ჩვენთვის ცნობილია, ის განსაკუთრებული ურთიერთპატივისცემა, რომელიც თქვენს შორის არსებობს….
-ბიძინა ივანიშვილი არის ჩემი თაობის კაცი, ერთ-ერთი გამორჩეული და ღირსეული ადამიანი, ჩემი სულის ნაწილი. მე მიმაჩნია, რომ მისი ცხოვრების მისია სწორედაც, რომ საქართველოს ხსნა გახლავთ, იმ რთულ და ქარცეცხლიან გზაზე, რომელზეც მხოლოდ მას შეეძლო ჩვენი მშვიდობიანი გაყვანა ამ მძიმე განსაცდელით სავსე ჟამს. ამიტომაც, მას ასე მედგრად უდგას გვერდში, არა მარტო მისი მონოლითურად შეკრული გუნდი, რომლის ერთ რიგით წევრადაც თავს მივიჩნევ, არამედ ბატონი ბიძინას გვერდში დგას ყველაზე დიდი და დაუმარცხებელი ძალა, ძალა რომლის ნებასაც აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა და რომლის სურვილსაც ვერავინ შეეწინააღმდეგება და ეს ძალა არის ქართველი ხალხი. ხალხი, რომელმაც სრულიად ერთმნიშვნელოვანი არჩენვანი გააკეთა 26 ოქტომბერს და ერთხელ კიდევ უარი უთხრა მოძალადეთა ხროვას. ამიტომაც, საქართველოში ახალი არჩევნები 2028 წელს იქნება, როგორც ეს დადგენილია კონსტიტუციით და არა ისე, როგორც ეს საქართველოს მტრებსა და დესტრუქციულ ძალებს სურთ.
ბიძინა ივანიშვილი ბრძენი და გონიერი ლიდერია და ქართველი ხალხიც მას ირჩევს მის გუნდთან ერთად, რადგანაც ყველა ხედავს თუ რამდენად სახიფათო და გამოწვევებით სავსეა დღევანდელი სამყარო, მით უფრო, ისეთ რეგიონში, როგორიც ჩვენია. ასე რომ, არჩეული დეპუტატები ოპოზიციიდან, დროულად უნდა შემოვიდნენ პარლამენტში და დაიწყონ იმ საქმის კეთება, რისთვისაც მათ ამომრჩეველმა მანდატი მიანიჭა და ეს ასეც მოხდება, დამიჯერეთ.
-რამდენად უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ მოხდება ,,ნაციონალური მოძრაობისა” და მათთან აფილირებული აგრესიული ჯგუფების აკრძალვა, როგორც პოლიტიკური აქტორების ?
–მჯერა, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა” და მასთან დაკავშირებული სხვა ჯგუფები ვეღარასდროს მოვლენ ხელისუფლებაში და არ შექმნიან საფრთხეებს ჩვენი სამშობლოსთვის. მოკლედ და გასაგებად თუ ვიტყვით, ისინი დარჩებიან ,, მგლის ბილეთით“.
საქართველო ერთხელ და სამუდამოდ გათავისუფლდება ,,ნაცებისა” და მათი იდეებისგან.
ტრამპის ახლანდელ ქმედებებს დააკვირდით, ნუთუ არ გვესმის, როცა ამბობს, რომ მხოლოდ ორი სქესი არსებობს და არავითარი მრავალი გენდერი ? და ამას არ შეცვლის. გავიხსენოთ, ტრამპის სულ ახლახან გამოცემული კიდევ ერთი აღმასრულებელი ორდერი, რომლითაც ჯარი გაიწმინდება ყველანაირი, ამ გარყვნილი ცხოვრების წესის მქონე პირებისგან, მათ შორის ტრანსგენდერული სიგიჟეები ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდება აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში.
ეს ამბები იმიტომ შეგახსენეთ, რომ თქვენმა მკითხველმა ნათლად და ერთმნიშვნელოვნად გაიაზროს – მთელ მსიოფლიოში ხდება კონსერვატიული ფასეულობების აღორძინება და ისეთი ტრადიციული ინსტიტუტების პატივისცემის აღდგენა, როგორიცაა ოჯახი და ეკლესია, რაც იმას გულისხმობს, რომ ჩვენი ქვეყნის ტრადიციულ გარემოში, საქართველოში, ვერასდროს გაიმარჯვებს სექსუალური დევიაციებისა და გადახრების გულმხურვალე მხარდამჭერი პოლიტიკური ტერორისტების ერთობა, რაც ჩვენთვის ,,ნაცმოძრაობის” სახელითაა ცნობილი, ყველა დანამატების თუ დაშლა არ მოშლილების სახით.
-რამდენად გონივრული იქნებოდა, არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების გათვალისწინებით, რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებების წარმოება და პროცესის ნორმალიზაციისაკენ ნაბიჯების გადადგმა ?
-ამ კითხვაზე ხატოვნად გიპასუხებთ, თვით ჰაერშიც კი, ჟანგბადი მხოლოდ მცირე პროცენტია დაახლოებით 21, დანარჩენი არასასარგებლო, მავნებელი აირებია, თუმცა, ჩვენ სუნთქვას არ ვწყვეტთ, ასე არ არის ? ამიტომ, ჩვენ უნდა გავძლიერდეთ, მზად უნდა ვიყოთ საჭირო ნაბიჯების გადასადგმელად საქართველოს საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით.
საქართველოს გონიერება მის მოსახლეობაშია, რადგან ადამიანმა უნდა ისუნთქოს და ხელი კისერში არ უნდა წაუჭირო და არ უნდა დაახრჩო, რასაც ეს პროვოკატორი ოპოზიცია აპირებდა, ჩვენი ომში ჩართვის გზით.
ჩვენ კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ რუსეთს თავისი ინტერესი ყოველთვის ექნება და ამან არ უნდა დაგვაბნიოს. არის ასეთი სპორტი, რომელსაც ჰქვია ,,აიკიდო“, სადაც ძირითადი წესია გამოიყენო მოწინააღმდეგეს ენერგია და ძალა საშენოდ. უნდა გავიაზროთ სად ვართ, რომელ რეგიონში, გაცნობიერებაა საჭირო, ამის გარეშე შეუძლებელია სწორი გადაწყვეტილების მიღება.
-რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას ამ მიმართულებით ?
-სტაბილურობის გარანტი არის მშვიდობა. მშვიდობა, სტაბილურობა განათლება, ინოვაცია, ახალგაზრდობა, მემკვიდრეობა და ტრადიციები, ჩვენი ქვეყნის ინტერესების უპირობო გათვალისწინებით წინ სვლა. პირდაპირი და უკუ კავშირი მოსახლეობასთან.
მე ექიმი ვარ და მუდამ ამის მომხრე ვარ – კონსილიუმის ინსტიტუტი. არ მეშინია იმის თქმა, რომ რაიმე არ ვიცი, მე არ ვიცი ? სხვამ იცის და მას ვკითხავ.
რამდენჯერ მისარგებლია ამით, წერილი გამიგზავნია, დამირეკავს, შევკრებილვართ და მივსულვართ ჭეშმარიტებამდე. იმ ვიღაცისათვის, ვისაც ჩვენი დახმარება სჭირდებოდა კოლექტიურად გაგვიწევია ეს დახმარება. გაიხსენეთ, როგორც ჩვენი ქვეყნის გერბზეა ასახული, დიახ – ძალა ერთობაშია.
მე აფხაზეთში მაქვს სახლი და ყველა ზაფხული ბავშვობაში იქ მაქვს გატარებული. კოვიდის დროს აფხაზები მიხვდნენ, რომ ჩვენზე უკეთესი ძმა და დამხმარე მათ არ ჰყავთ და არც ეყოლებათ, რადგან ჩვენ მათ ძალზედ დავეხმარეთ. სახელმწიფო უკან არაფერზე იხევს, სოციალური საკითხები, ჯანდაცვის საკითხები და ახლა უკვე ეკონომიკური კავშირებიც მყარდება.
ამ კუთხით დასაფასებელია ბატონი გია ვოლსკის ღვაწლი და მისი მოღვაწეობა დროებით კომისიაში. ბატონი გია, ისედაც თავის ცხოვრებით არის გამორჩეული საქართველოს ისტორიაში და რაც შეეხება ქართულ აფხაზურ მიმართულებას, აქ ის შეუცვლელია. ჩვენ ისე უნდა გავაკეთოთ, რომ მარტო რუსეთზე არ იყოს დამოკიდებული აფხაზეთის დაბრუნების საკითხი. აფხაზეთი საქართველოა, იყო, არის და იქნება.
დაბოლოს, არანაკლებ საყურადღებოა ჩინეთის შემოსვლა საქართველოში, რაც აშკარად მიუთითებს, რომ საქართველოს, არა მარტო ეკონომიკურ, არამედ პოლიტიკურ პერსპექტივაზე. ეს კი, თავის მხრივ, ნიშნავს ეკონომიკის გაძლიერებასა და ლარის გამყარებას, რაც საბოლოო ჯამში თითოეული ქართველის ჯიბეზე ჰპოვებს ასახვას.
ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ერთადერთი გზა, რომელიც უნდა გამოვიყენოთ ჩვენს აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობაში, არის მოლაპარაკების, თანხმობის,ზრუნვისა და მიტევების გზა. ჩვენი სიყვარულის გზა, რომელიც ყველა იარაღზე ძლიერია, რადგანაც გულიდან მოდის, თან ჭეშმარიტია და ნამდვილია. ჩვენ, არა მარტო ტერიტორია უნდა დავიბრუნოთ, არამედ ხალხი, რაც ერთობ რთული და შრომატევადი საქმეა, თუმცა, ბატონი ბიძინა ის კაცია, რომელიც გამოწვევებს არ უფრთხის, მით უფრო, როცა საკითხი საქართველოს ეროვნულ ინტერესს ეხება.
-მსურს მადლობა გადაგიხადოთ ექსკლუზიური ინტერვიუსთვის და მნიშვნელოვანი დროის ჩვენთვის დათმობისთვის. დარწუმებული ვართ, თქვენი თვალთახედვით დანახული სიმართლე, ჩვენი მკითხველისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან საზოგადოების დიდი ნაწილი ტყუილსა და სიცრუეშია გახვეული და თქვენ მათთვის ,,არიადნეს ძაფის” ფუნქციას წარმატებით ასრულებთ. გულწრფელად გგულშემატკივრობთ და მხარში გიდგავართ საქართველოში მშვიდობისა და ყველა თქვენი წამოწყების წარმატებით რეალიზაციის საქმეში, ვინიდან ეს გეგმები ჩვენი სამშობლოსთვის სისხლხორციელია.
-მადლობა თქვენ გამოჩენილი ინტერესისთვის და საქართველოს მოსახლეობისადმი სიმართლის მიტანისთვის, რაც დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მჯერა, ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ ჩვენი აფხაზი და ოსი ძმების საერთო ოჯახში დაბრუნებას.
ქეთი ხომერიკი