
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
ლევან დავითაშვილმა ეკონომიკის მინისტრის თანამდებობა დატოვა და ეკონომიკურ საკითხებში პრემიერის მრჩევლის, აგრეთვე ეკონომიკური საბჭოს მდივნის პოსტს დაიკავებს
ლევან დავითაშვილმა ეკონომიკის მინისტრის თანამდებობა დატოვა და ეკონომიკურ საკითხებში პრემიერის მთავარი მრჩევლის, აგრეთვე ეკონომიკური საბჭოს მდივნის პოსტს დაიკავებს.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
„მოგეხსენებათ, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია. სწორედ ეკონომიკის განვითარებაზეა არსებითად დამოკიდებული არა მხოლოდ მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესება, არამედ თითოეული დარგის განვითარება, საქართველოს დემოკრატიული სისტემის განმტკიცება, ასევე ჩვენი საგარეო პოლიტიკური პოზიციების გაძლიერება. ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის დაგეგმვისა და აღსრულების სისტემის დასახვეწად მივიღეთ გადაწყვეტილება ეკონომიკური საბჭოს გაძლიერების შესახებ. ამ მიზნით გადაიხედება ეკონომიკური საბჭოს ფუნქციები, შემადგენლობა. ეკონომიკის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩევლის და ეკონომიკური საბჭოს მდივნის თანამდებობას დაიკავებს ლევან დავითაშვილი. სამინისტროს მართვა ყოველდღიურ მძიმე რუტინასთან არის დაკავშირებული. ამ რუტინისგან გათავისუფლება ბატონ ლევანს მისცემს საშუალებას, კიდევ უფრო დიდი წარმატებით უზრუნველყოს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის შემდგომი დაჩქარება, ინვესტიციების მოზიდვა ქვეყანაში და სხვა შესაბამისი ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. ბატონი ლევანი არის განსაკუთრებული, გამორჩეული კვალიფიკაციის მქონე ეკონომისტი და ვფიქრობთ, რომ ამ პოზიციიდან ის საუკეთესოდ შეძლებს ამ მისიის შესრულებას. ეს ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის კიდევ უფრო მეტად დაჩქარებას, ინვესტიციების მოზიდვას. მინდა, წარმატებები ვუსურვო ბატონ ლევანს ამ საპასუხისმგებლო პოზიციაზე“, – განაცხადა პრემიერმა.
ლევან დავითაშვილს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტი 2022 წლის 9 თებერვლიდან ეკავა, 2021 წლის 12 ივლისიდან კი იყო საქართველოს ვიცე-პრემიერიც.





