
ლელა სტურუა : ,,კარგი იქნება თუ იარსებებს კვალიფიკაციის დამადასტურებელი გარკვეული ტესტირების სისტემა, სანამ ვინმეს ექნება შესაძლებლობა უშუალოდ პაციენტებთან მისვლისა – აუცილებელია, არსებობდეს შესაბამისი კვალიფიკაცია” !
ჩვენი მკითხველისთვის ცნობილია, რომ ჩვენ გვაქვს რუბრიკა ,,ხედვა ფსიქოლოგის პრიზმაში”, რომლის ფარგლებშიც, არაერთ გამორჩეულ ფსიქოლოგთან გვქონდა ინტერვიუ. ამჯერად გთავაზობთ ინტერვიუს ცნობილ და გამოჩენილ ფსიქოლოგთან, ქალბატონ ლელა სტურუასთან.
-ქალბატონო ლელა, რა პრობლემები დომინირებს ქართულ რეალობაში თქვენს პროფესიაში და მათ შორის წყვილების ურთიერთობებში ?
-ძირითადი არის შფოთვითი აშლილობები. შფოთვითი მდგომარეობები, ემოციის მართვა. საზოგადოების დიდ ნაწილს აინტერესებს როგორ მართოს ემოციები, როგორ დააღწიოს თავი შფოთვით მდგომარეობებს და ასე შემდეგ. არსებობს სხვადასხვა ტიპის ნერვოზული მდგომარეობა, აი მაგალითად, რასაც ჩვენ ვეძახით ობსესიულ კომპულსიური ნევროზული აშლილობა და ზოგადად, ნერვოზული მდგომარეობები, როდესაც ადამიანი იმყოფება ხანგრძლივ ნერვოზულ მდგომარეობაში, მერე აქვს აშლილობა ამის ნიადაგზე და უჭირს საკუთარი თავის ემოციური მართვა. ჩვენს მიმართ მომართვებში ყველაზე მეტად, რაც დომინირებს, ეს არის ემოციის მართვა.
-სპეციფიურად საქართველოსთვის დამახასიათებელი ტრიგერები ხომ არ გვაქვს, რაც აღნიშვნის ღირსი შესაძლოა იყოს ?
-უმნიშვნელოვანესი გახლავთ ადამიანური სქემები, ის თუ როგორ მოახდენს ადამიანი ინტერპრეტაციას და როგორ გადაამუშავებს მიღებულ ინფორმაციას, სწორედ ამაზე გვიწევს მუშაობა ფსიქოლოგებს, ფსიქოთერაპევტებს, რომ ეს პროცესი იყოს გამართული და სრულყოფილი. ასე ვეხმარებით ადამიანებს პიროვნულ შფოთვებთან გამკლავებაში და აკვიატებული აზრების დაძლევაში.
როგორც ყველა პროფესიას, ამ პროფესიასაც აქვს თავისი სპეციფიკა და ამ ფარგლებში ჩვენ წარმატებით ვუმკლავდებით არსებულ გამოწვევებს, მაგრამ თუ საქმე გვაქვს ფსიქოზურ მოვლენებთან, აქ, რა თქმა უნდა, ექიმი ფსიქიატრი უნდა ჩაერთოს და შემთხვევის მართვა მან უნდა გადაიბაროს.
მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ რეალურად არც ერთი კონკრეტული ფაქტი არ იწვევს კონკრეტულ ემოციას, ამის გამოწვევა შეუძლია მხოლოდ ჩვენს ინტერპრეტაციას ამ ფაქტისა და არა თავად ფაქტს. ამ ფაქტის აღქმა, აი, ეს არის უმთავრესი, რადგან თუ ადამიანს აქვს კატეგორიული აღქმა გარკვეული ემოციების, რა თქმა უნდა, ის უფრო დიდი რისკის ჯგუფშია, რომ გარკვეული ემოციები მას მეტად დათრგუნავს, ან მათთან გამკლავება უფრო გართულდება. ასევე ალბათობაა, რომ უმართავი ემოციების მსხვერპლი აღმოჩნდეს, რაც ძალიან არასასურველია.
-რამდენად შესაძლოა სერიოზულად აღვიქვათ ის ადამიანები, რომლებიც დღეს, საოცრად მომრავლდნენ და ზოგი თავს ფსიქოლოგ-ქოუჩად მოიხსენიებს, ზოგი კი ლაიფ-ტიჩერად და ასე შემდეგ, თუმცა სინამდვილეში არ აქვთ არავითარი კომპეტენცია და განათლება იმისთვის, რომ ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან მიმართებაში ექსპერიმენტები ატარონ ?
-მადლობა ამ კითხვისთვის, რადგან ამ მოცემულობაში, მეც და ბევრი ჩემი კოლეგაც ვხედავთ რეალურად უამრავ პრობლემას. აუცილებელია, რომ ეს მდგომარეობა რაღაცნაირად დარეგულირდეს, რადგანაც დღეს, არსებულმა მიდგომებმა, შესაძლოა, დააზიანოს, არათუ, სარგებელი მოუტანოს ადამიანს. ვიმეორებ, ზიანი მოუტანოს, რის გამოც ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს გააზრებული ეს პასუხისმგებლობა.
ვფიქრობ, რომ კარგი იქნება თუ იარსებებს კვალიფიკაციის დამადასტურებელი გარკვეული ტესტირების სისტემა, სანამ ვინმეს ექნება შესაძლებლობა უშუალოდ პაციენტებთან მისვლისა – აუცილებელია, იყოს შესაბამისი კვალიფიკაცია.
-რას ურჩევდით მოსახლეობას ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის კუთხით ?
-ძალიან ზოგადი რჩევა გამოვა, მაგრამ ძირითადად ვურჩევდი ფსიქიკურ სიჯანსაღეზე ზრუნვას, ფსიქიკური ჰიგიენის დაცვას, როგორც ჩვენს სხეულს სჭირდება – გარეგნული ჰიგიენის დაცვა, ასევე ფსიქიკასაც სჭირდება საკუთარი ჰიგიენის დაცვა. ეს ნიშნავს, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გაცნობიერებულად მიუდგეთ იმას, რაც ხდება ჩვენს ირგვლივ. ვგულისხმობ იმას, რომ დღეში ორჯერ, ან სამჯერ დავუსვათ საკუთარ თავს შეკითხვა, რომ, აი, ახლა მე, რასაც ვაკეთებ ეს რისთვისაა და რა მიზანს ემსახურება, რაც მაქსიმალურად ეხმარება ჩვენს თავს მომხდარი სიტუაციების გაცნობიერების საკითხში. ძალიან ხშირად არის, რომ ადამიანი მთელი დღის განმავლობაში უსმენს მხოლოდ ნეგატიურ ინფორმაციას და ეს ყველაფერი ძალიან ცუდად აისახება ფსიქიკაზე.
ეს არის ერთი უკიდურესობა, როდესაც ყველაფერს თავში ვიკლავთ და არაფერს არ ვამბობთ და ასევე, არის მეორე უკიდურესობაც, როდესაც გამოხატვის ფორმები არის მაქსიმალურად რადიკალური და ესეც გვირგვინდება წარმოუდგენელი აგრესიით, რაც ასევე მიუღებელი და დაუშვებელია.
ძალიან მნიშვნელოვანია ბრაზის დროს ეს ბრაზი ვერბალურად და არა აგერესიული მეთოდებით გამოვხატოთ, ანდა, სრული სიჩუმით, რაც თავის მხრივ, აგრესიის დაგროვებისა და შემდგომ ერთიანად ამოხეთქვისა და უმართავი ემოციის წინაპირობას ქმნის.
ჩვენ, რასაც ვასწავლით, ესაა ემოციის კონტროლი, რაც ნიშნავს გარკვეული შეფასებისეული გამოხატვის ფორმების სწავლას, ასე მაგალითად, როდესაც ადამიანი აღნიშნავს გარკვეულ ფაქტს და უკვე შემდგომ განმარტავს რა ემოცია გამოიწვია ამ ფაქტმა და შემდგომ ადამიანები თანხმდებიან, თუ გამოხატვის რა ფორმები შეიძლება იქნას გამოწვეული ამ ფაქტის შეფასებისას.
ფსიქოთერაპია თავად ადამიანებს შორის და ზოგადად საზოგადოებაშიც ქმნის ძალიან კარგ და კეთილგანწყობილ გარემოს და ესაა მისი მთავარი მიღწევაც და მიზანიც.
თამთა მაისურაძე
,,GEO NEWS”





