
ლიბერალური ფაშიზმი და მორიგი თავდასხმა ნუცა ბუზალაძეზე
რადიკალურად განწყობილი ჯგუფი ,,დაიტოვეს” ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოვლინება. ამჯერად მათ სამიზნეში მომღერალი ნუცა ბუზალაძე ამოიღეს. საუბარია, გრემის დაჯილდოვების ცერემონიაზე, სადაც მომღერალი მიიწვიეს.
ნუცა ბუზალაძე პირველი ქართველი მომღერალია, რომელიც გრემის დაჯილდოვების ცერემონიაზე მიიწვიეს. ერთი შეხედვით ქვეყნის იმიჯისთვის მნიშვნელოვანი მიწვევა, როგორც ჩანს სასიხარულო არ აღმოჩნდა ჯგუფ ,,დაიტოვე”-სთვის, სადაც კონკრეტული ადამიანები ერთმანეთს მოუწოდებენ, რომ გრემის მეილზე გაგზავნონ შეტყობინება, რომ მათ ბუზალაძე ცერემონიაზე არ მიიწვიონ.
ამ თავდასხმებს სოციალურ ქსელში თავად მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ უპასუხა : ,,ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა წაართვას სიბოროტემ ადამიანს აზროვნების უნარი. უკვე არც კი ვიცი რა დავარქვა ასეთ საქციელს. ადამიანი, რომელიც თავისი შეხედულებებისთვის იბრძვის, სიკეთე სურს საკუთარი ქვეყნისთვის, ასე არ იქცევა. ჭეშმარიტად პატრიოტს უხარია და არ სწყინს მისი თანამემამულის წარმატება. სამშობლოსთვის გულანთებულს, არც დრო რჩება ასეთი სიბოროტის განსახორციელებლად. ეს არის კლასიკური მაგალითი ვერ დატეული შურისა და სიბოროტისა. მებრალება ყოველი ასეთი ადამიანი. მე კი ყოველთვის სიყვარულით ვივლი, უფალს ებარებოდეთ”.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა საკუთარი პოზიციის გამო მომღერალი რადიკალების მხრიდან ბულინგისა და თავდასხმების ობიექტი ხდება.
ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ნუცა ბუზალაძის მიმართ განხორციელებულ თავდასხმებს გმობენ და მომღერალს წარმატებას უსურვებენ.
ჯგუფი ,,დაიტოვე” სწორედ მსგავსი ბულინგითა და თავდასხმებით ებრძვის განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს, რაც მათი მხრიდან ევროპისა და თავისუფლების სახელით იფუთება.
აღნიშნული რადიკალური ჯგუფის სამიზნე რამდენიმე კვირის წინ ,,GEO NEWS”-ის ჟურნალისტებიც გახდნენ, რომლებსაც შეურაცხყოფა მიაყენეს, დაემუქრნენ, დააბულინგენ და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს.
ირაკლი გუნია




