
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
ლოს ანჯელესის ოლქში 88 000 მცხოვრების ევაკუაციის ბრძანება გაიცა
ლოს ანჯელესის ოლქში 88 000 მცხოვრების ევაკუაციის ბრძანება გაიცა, – ამის შესახებ ლოს ანჯელესის ოლქის შერიფი რობერტ ლუნა აცხადებს.
პრესკონფერენციაზე ლუნამ აღნიშნა, რომ დამატებით 84 000 მოქალაქე საევაკუაციო გაფრთხილების ქვეშ არის. მისივე თქმით, გაფრთხილების გამოცხადებისთანავე მოსახლეობამ უნდა დაიწყოს მზადება.
„სინამდვილეში, ჩვენ გირჩევთ წახვიდეთ. ნუ დაელოდებით ბრძანებას“, – აღნიშნა მან.
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში შვიდი შტატიდან დაახლოებით 8 500 მეხანძრეა ჩართული.
სინოპტიკოსების პროგნოზით, მიმდინარე კვირაში ძლიერ ქარია მოსალოდნელი.
ლოს ანჯელესში მასშტაბური ხანძრის შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა. დამწვარია 12 000-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი. კალიფორნიის გუბერნატორმა, გევინ ნიუსომმა განაცხადა, რომ ეს ხანძარი შეიძლება, აშშ-ის ისტორიაში ყველაზე დამანგრეველ ბუნებრივ კატასტროფად იქცეს. ამერიკული მედიაორგანიზაცია AccuWeather-ის წინასწარი შეფასებით, კალიფორნიაში ტყის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა ამ დროისთვის 150 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.





