
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი : ევროკომისიის ანგარიში პოზიტიურად აფასებს საქართველოსთან თანამშრომლობას და იმ ნაბიჯებს, რომლებიც გათვალისწინებულია უვიზო მიმოსვლის რეჟიმით
ევროკომისიის ანგარიში პოზიტიურად აფასებს საქართველოსთან თანამშრომლობას და იმ ნაბიჯებს, რომლებიც გათვალისწინებულია უვიზო მიმოსვლის რეჟიმით და მას უკავშირდება, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
„ეს მნიშვნელოვანი ასპექტებია ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმთან დაკავშირებით. მუშაობას გავაგრძელებთ, რომ რეკომენდაციები, რასაც ევროკავშირი გასცემს, მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული. უვიზო რეჟიმის მოქმედებას რაც უკავშირდება, საქართველო არის იმ ქვეყნებს შორის, რომელთანაც ევროკავშირს უვიზო მიმოსვლა აქვს. მოწინავე ქვეყანაა საქართველო იმ ნაბიჯებით, რაც ქვეყანას აქვს გადადგმული. რაც შეეხება თავშესაფრის მაძიებელთა მაჩვენებელს, უნდა გავითვალისწინოთ, რომ წინა წელს იყო დიდწილად კოვიდის შეზღუდვები და აქედან გამომდინარე, სხვაობაც შეიძლება, ამით იყოს გამოწვეული იყოს. მნიშვნელოვანია, ჩვენმა მოქალაქეებმა იცოდნენ ის, რომ მოთხოვნა დიდწილად უარყოფილია და ამას აჩვენებს ეს ანგარიშიც. განაცხადების უმეტესობა უარყოფილია. საქართველოს აღიარება, როგორც უსაფრთხო ქვეყნად, ყოველ წელს ხდება, რაც ამცირებს დაუსაბუთებელი თავშესაფრის მაძიებელთა შანსებს, რომ მათ თავშესაფარი ევროკავშირის ქვეყნებში მიეცეთ“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
შეგახსენებთ, ევროკომისიამ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულების შესახებ მეექვსე ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც, სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოს შესახებაც არის საუბარი. ანგარიშის ავტორები აცხადებენ, რომ „საერთო ჯამში, საქართველო აგრძელებს ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებას. ევროკომისიის ანგარიშში ასევე წერია, რომ საქართველო აგრძელებს ძალისხმევას საქართველოს მოქალაქეთა მიერ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მიღების შესახებ დაუსაბუთებელი განაცხადების პრობლემის მოსაგვარებლად.





