
მაკა გოგოხია : სირიამ დაარტყა ისრაელს, ,, ვაგნერელებიც ” ახსენეს – ხალხი ამბობს, არა მოლაპრაკებას, ბრძოლა უნდა გაგრძელდეს ისრაელის გამარჯვებამდე!
სირიის სახელისუფლებო მედიის ცნობით, რამდენიმე საათის წინ, ისრაელმა ალეპოს საერთაშორისო აეროპორტი დაბომბა. ინფორმაცია აეროპორტზე თავდასხმის შესახებ მას შემდეგ გავრცელდა, რაც ცოტა ხნით ადრე სირიიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები ისროლეს. რა ხდებოდა მთელი ღამის განმავლობაში და რა ვითარებაა ახლა ისრაელში ? ,,Geo News ” თელავივში მცხოვრებ ქართველს, ისრაელის მოქალაქეს, იურისტს, მაკა გოგოხიას ექსკლუზიურად ესაუბრა.
მაკა გოგოხია : ამ წუთებში თავშესაფარში ვართ, იბომბება ისრაელის ცენტრი ქალაქები. ბოლო სირია იყო – დაარტყა ისრაელს. გარდა ამისა, ალაპარაკდნენ რუსეთის მონაწილეობაზე. კერძოდ, ტერორისტები ,,ვაგნერელების” მიერ არიან მომზადებულნიო, რაზეც გამოძიების დაწყება იგეგმება, ახლა მოვისმინეთ ტელევიზიით, ამაზე უკვე ღიად საუბრობენ. რამდენიმე საათით ადრე კი ისრაელის არმიის პრეს-სპიკერმა განაცხადა, რომ ისრაელი ძლიერი სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადებოდა. ყველა გააფრთხილა, თქვა: სამოქალაქო პირებმა და მოსახლეობამ ღაზას ტერიტორია დატოვეთო.
ახლა გეტყვით რა ხდებოდა გუშინ, ღამის პირველი საათის შემდეგ : ისრაელის ცენტრისა და დედაქალაქის მიმართულებით სროლები არ ყოფილა, ვგულისხმობ ღამის პირველ საათიდან – დილამდე, დილიდან კი ღაზის საზღვრისპირა ტერიტორიებზე, ჩვენთანაც – თელავივში, ხოლონი – ბათინაში, რიშონში, ანუ ისრაელის ცენტრისაკენ რამდენჯერმე იყო სარაკეტო იერიშები.
საბედნიეროდ, აქ არის თავშესაფრები, სადაც განგაშის ხმა ჩაირთვება ხოლმე. ჩვენ ზუსტად ერთი წუთი გვაქვს და ამ ერთი წუთის განმავლობაში თავშესაფარში ჩასვლას ვასწრებთ. რა თქმა უნდა, მთელი კორპუსი იცლება და თავშესაფარში ვაფარებთ თავს მანამ, სანამ არ დამთავრდება გარკვეული უსაფრთხოების დრო. ამის შემდეგ სახლში ვბრუნდებით. მიუხედავად იმისა, რომ ომის მეცხრე დღე არის, აბსოლუტურად ყველა მაღაზია, და აფთიაქი ღიაა. ჩვენ გარეთ არ გავდივართ, თუ აუცილებელი არ არის. ზურგის სამსახურიდან გვაქვს მითითება, რომ გარეთ არ უნდა გავიდეთ, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში გავდივართ, პროდუქტის ან მედიკამენტების შეასაძენად, ამისთვის გასვლა ნებადართულია. გუშინ, შაბათი იყო ( დასვენების დღე ), ამიტომ არაფერი მოძრაობდა, თორემ გუშინწინ, ჩვენ ჩვეულებრივად სამსახურში ვიყავით. რა თქმა უნდა, რამდენიმეჯერ ჩაირთო განგაშის ხმა, ე.წ. სირენა და თავშესაფრისკენ გავიქეცით, ანუ სიმშვიდე და სიწყნარეა, ასე ვთქვათ, პანიკაში არ ვართ. ხალხი ერთ მუშტად არის შეკრული. თავშესაფარში, რომ ვიკრიბებით მაშინაც კი, არანაირი შიში და პანიკა არ არსებობს, ყოველ შემთხვევაში, მე ვერ ვხედავ ამ ხალხში ამას. თავიდან სიმართლე გითხრათ, მე უფრო მქონდა შიშისა და პანიკის განცდა, თუმცა მეც გამიარა და ასე ვთქვათ, მშვიდად ვუყურებ არსებულ სიტუაციას და ვასრულებ იმ წესებს, რაც ზურგის სამსახურის მიერ არის გამოცხადებული. აქვე გეტყვით, რომ თავშესაფარში არის მოწყობილი დასაჯდომი, დასაწოლი და წყალი და საკვები პროდუქტები, ანუ პირველადი მოხმარების ნივთები არის.
ახლა რაც შეეხება ქვეყანაში არსებულ სხვა სიტუაციას – პირდაპირ გეტყვით, ისრაელს თითქმის ყველა საზღვრიდან უტევენ : ლიბანიდან, სირიიდან, თუმცა ამაზე ჩვენი სამხედრო და პოლიტიკური წარმომადგენლობა ნაკლებად საუბრობს, ასე ვთქვათ, არ აკონკრეტებენ. უბრალოდ დღეში რამდენიმეჯერ გამოდის მთავრობის ხელმძღვანელობა, რომელიც მკაცრად და მკვეთრად ერთი და იგივეს იმეორებს : – მტერს პასუხი ჯერ არ მიუღია, ყველაფერი წინ არის. ჩემი აზრით, გულისხმობენ იმას, რომ სახმელეთო დანაყოფი უნდა შევიდეს ღაზას სექტორში. თუმცა ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ისრაელის არმია იქ უკვე შესულია, მაგრამ რა რაოდენობით, რა თქმა უნდა, ამას არ გვიცხადებენ – ამბობენ, რომ არის ლოკალური დარტყმები.
გუშინ, მთელი დღე ისრაელის ხელისუფლება ღაზას სექტორში მცხოვრებლებს აფრთხილებდა, რომ სასწრაფოდ დაეცალათ ტერიტორია, ვინაიდან სახმელეთო ჯარის შეყვანას აპირებდნენ, ეს აბსოლუტურ გაწმენდას ნიშნავს. აქ ყველამ იცის, რომ ,,ღაზას” სექტორში მიწისქვეშა ქალაქია, ე.წ. გვირაბები, სადაც ენრაოდენობის იარაღი და ენრაოდენობის საბრძოლო მასალებია. აი, სწორედ იქიდან ხდება ისრაელის დაბომბვა.
ერთი სიტყვით, რთული ვითარებაა. ეს არის საშინელი ომი, მაგრამ ჩემი აზრით, აქ მაცხოვრებლების რეალური სურვილი მაინც ასეთია : ისრაელის სახელმწიფომ და სამხედროებმა პოზიციები არ უნდა შეამუხრუჭონ და შეარბილონ, ანუ მოლაპარაკებებზე არ უნდა წავიდნენ. დიახ, ხალხი ამბობს, რომ ბრძოლა უნდა გაგრძელდეს ისრაელის გამარჯვებამდე.
–ქალბატონო მაკა, გაეროს ულტიმატუმი ღაზას სექტორიდან მოსახლეობის ჩრდილოეთიდან ევაკუაციის შესახებ გავიდა, რა ზომები მიიღო ისრაელმა ?
-დიახ, ვადა გავიდა. რა თქმა უნდა, იბომბება ისრაელი, მაგრამ ცენტრისაკენ და შორს მსროლელი რაკეტებით ცოტა ნაკლებად, რაც იმის ნიშანია, რომ სამიზნე ობიექტები განადგურებულია. ანუ იქ სარაკეტო იერიშითა, თუ სახმელეთოთი საკმაოდ დიდი ოდენობის, ასე ვთქვათ, წერტილები განადგურებულია და ისრაელის მიმართულებით სროლას ვერ ახორციელებენ, მაგრამ საქმე ის არის, რომ ისინი ამას, როგორც გითხარით, გვირაბებიდან ახერხებენ, სადაც უამარავი იარაღი აქვთ. რა თქმა უნდა, მარაგი არ გამოელიათ. აბსურდია, ვერ გამოელევათ, მით უფრო იმ ფონზე, როცა მუსულმანური სამყარო და აგერ, უკვე, მათ შორის რუსეთიც, ასე ვთქვათ, ამ ტერორისტულ დაჯგუფებას მხარს უჭერს.
7 ოქტომბრის დილა იყო რაღაც სასწაული, 2 ათასზე მეტი ტერორისტი იყო ქვეყანაში შემოსული. უპრეცედენტო მასშტაბის ტერორისტული აქტები ხორციელდებოდა. ყველა რეზერვშია, ყველა პოზიციებზეა და ფაქტობრივად, ქვეყანა არის მობილიზებული ისე, როგორც არასდროს. ხალხს ერთიანობა და სიმტკიცე აქვს, ვიმეორებ, ერთ მუშტად არის შეკრული.
–როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ შეძლო ისრაელის დაზვერვამ “ჰამასის” თავდასხმის თავიდან არიდება ?
-ისრაელის სპეცსამსახურებს რა, როგორ და რატომ გამოეპარათ, რატომ მოხდა ეს, არ ვიცი. სამწუხაროდ, მე ამაზე ვერაფერს ვიტყვი, პასუხი მართლა არ მაქვს.
სხვათა შორის, ომის დაწყების დღესვე ითქვა – ამ ყველაფერში რუსეთის ხელი ურევიაო. ეს უახლოეს მომავალში გაირკვევა კიდეც, ექსპერტები ამ საკითხს უკვე სწავლობენ.
სამწუხაროდ, ირანიც მხარს უჭერს ტერორისტებს. დიახ, ლიბანი, სირია, ირანი და რუსეთი ამ ტერორისტულ დაჯგუფებებს და ისრაელში წამოწყებულ ტერორისტულ აქტებს მხარს უჭერენ. ისინი ამას, ასე ვთქვათ, პალესტინის მხარდაჭერით ფუთავენ, მაგრამ პალესტინა სხვა თემაა და ,,ჰამასი” და ,,ჰესბოლა” სხვა, ანუ ირანის, ლიბიის, სირიის და რუსეთის სურვილი სხვა თემაა…
პალესტინელებსა და ებრაელებს შორის საერთო ენის გამონახვა შესაძლებელია, რაც ბუნებრივიცაა, მაგრამ ის ტერორისტები, რომლებზეც ზემოთ ვისაუბრე, რა თქმა უნდა, არანაირ კავშირში არ არიან პალესტინელებთან. ისინი პალესტინას ამოფარებული ტერორისტული შურისძიებით შეპყრობილი ხალხია.
–გამძლეობას, მშვიდობასა და გამარჯვებას გისურვებთ, მაკა!
-ყოჩაღად ვართ, დიდი მადლობა, ქეთი!
პ.ს. მაკა გოგოხია მეტი თვალსაჩინოებისთვის აპლიკაციებს გვიგზავნის, სადაც კარგად ჩანს ისრაელის მიმართულებით ერთბაშად რამდენს და რა ინტენსივობით ისვრიან.



ქეთი ხომერიკი





