
მამუკა მდინარაძე – საქართველოში საკანონმდებლო ბაზის გამკაცრებისკენ და უცხოური დაფინანსების შესაზღუდად კონკრეტული ნაბიჯები იდგმება
მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ დაინიცირდება კანონპროექტი, რომელიც იქნება ამერიკული „ფარას“ დღეს მოქმედი რედაქციის პირდაპირი ასლი.
მამუკა მდინარაძის თქმით, შარშან პარლამენტმა მიიღო „ფარას“ მსუბუქი ვერსია, რომელიც ჯერ სრულფასოვნად არც ამოქმედებულა.
მდინარაძის განმარტებით, მის ნაცვლად, მიღებული იქნება ახალი, ამერიკული კანონი, მისი მოქმედი რედაქციის პირდაპირი ასლი და უზრუნველყოფილი იქნება მისი სრულფასოვანი ამოქმედება.
მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ პარალელურად, მთავრობა შექმნის ფონდს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინიციატივების დასაფინანსებლად, რისთვისაც შევა ცვლილებები „გრანტების შესახებ“ კანონში.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ კანონპროექტის მიღების შემდეგ, რომელიც იქნება ამერიკული „ფარას“ დღეს მოქმედი რედაქციის პირდაპირი ასლი, გამჭირვალობის კანონი გაუქმდება.
კითხვაზე, „გამჭირვალობის კანონი გაუქმდება?“, – მდინარაძემ უპასუხა: „მისი მიღების შემდეგ, დიახ“.
ამასთან, მდინარაძემ აღნიშნა: „დავანებოთ ყველა დეტალს თავი. ლობიზმს შეეხება? ლობიზმის შესახებ იქნება, არ შეეხება? – არ იქნება. რასაც შეეხება ამერიკული კანონი, ზუსტად იგივე იქნება დაკოპირებული და დაინიცირებული“.
მდინარაძემ ასევე აღნიშნა შემდეგი :
,,დავიწყებთ მუშაობას ხვალიდანვე და დაინიცირდება მედიის კანონი, რომელსაც მივიღებთ ბრიტანული მოდელისა და კანონმდებლობის შესაბამისად.
მდინარაძის განმარტებით, კანონით დადგინდება მედიის ობიექტურობის, აგრეთვე, ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები, განისაზღვრება აღნიშნული სტანდარტების მონიტორინგისა და დაცვის ინსტიტუციური მექანიზმები.
„შეიზღუდება მედიასაშუალებების დაფინანსება უცხოური წყაროებიდან. ბუნებრივია, ეს არ შეეხება კომერციული რეკლამიდან მიღებულ და სხვა ამგვარ შემოსავლებს“.





