
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
მარია ზახაროვა – რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები არ მუშაობს და საზიანოა თავად ევროკავშირისთვის, მოსკოვი იტოვებს უფლებას, უპასუხოს მათ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე
რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები არ მუშაობს და საზიანოა თავად ევროკავშირისთვის, მოსკოვი იტოვებს უფლებას, უპასუხოს მათ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
ზახაროვას თქმით, დიდწილად ამოწურულია ბრიუსელის შესაძლებლობები, გააფართოოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ.
„სანქციები, რომლებსაც ევროპული ქვეყნები აწესებენ რუსეთის წინააღმდეგ, როგორც ეს მათ განზრახული ჰქონდათ, არ მუშაობს. სანქციები, რომლებსაც ისინი აწესებენ რუსეთის წინააღმდეგ, უპირველეს ყოვლისა, ევროკავშირის წინააღმდეგ მუშაობს. ბრიუსელის შესაძლებლობები, გააფართოოს სანქციები ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, დიდწილად ამოწურულია. რუსეთი იტოვებს უფლებას, ისე უპასუხოს ევროკავშირის ნებისმიერ მტრულ ქმედებას, თუნდაც ეს გულისხმობდეს ჩვენთვის ზიანის მიყენების აშკარად წარუმატებელ მცდელობებს, როგორც ყველაზე მიზანშეწონილად და ხელსაყრელად მივიჩნევთ. ჩვენი რეაგირება იქნება ადეკვატური, გამოცდილი და ჩვენი ძირეული ინტერესების შესაბამისი“, – განაცხადა მარია ზახაროვამ ბრიფინგზე.
მანამდე ევროკავშირის ამჟამინდელმა თავმჯდომარემ დანიამ გაავრცელა განცხადება, რომ ევროკავშირი შეთანხმდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე, რომელიც მიმართულია რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ და კრძალავს თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტს.





