
მაუწყებლობის სფეროში რეგულაციები მკაცრდება
დღეს, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს მაუწყებლობის სფეროში რეგულაციების გამკაცრებას.
კანონპროექტის თანახმად, მაუწყებლები ვალდებულნი იქნებიან :
1-ახალი ამბები და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია ჯეროვანი სიზუსტითა და მიუკერძოებლად გადასცენ;
2-მოერიდონ ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელებას;
3-მნიშვნელოვანი ფაქტობრივი შეცდომების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ და ღიად შეასწორონ ისინი;
4-ახალი ამბების გადაცემისას არ გამოიყენონ დადგმები ან ინსცენირებები, ხოლო სხვა ტიპის გადაცემებში მათი გამოყენებისას ნათლად მიუთითონ ამის შესახებ;
5-ინფორმაციის მიწოდებისას დაასახელონ წყაროები, ხოლო ანონიმური წყაროს გამოყენების შემთხვევაში, აღნიშნონ მისი ანონიმურობა.
გარდა ამისა, კანონპროექტი კრძალავს :
-პოლიტიკური თანამდებობის პირების ან პოლიტიკური პარტიის წევრების მონაწილეობას ახალი ამბების ან საინფორმაციო პროგრამებში წამყვანის, ინტერვიუერის ან ჟურნალისტის როლში;
-პროგრამებში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვას.
კანონპროექტში ასევე დამატებულია უხამსობის რეგულირების საკითხი, რაც პორნოგრაფიისა და უხამსობის შემცველი პროგრამებისა და რეკლამის განთავსებას კრძალავს, გარდა კოდირებული ფორმისა, მომხმარებელთან ინდივიდუალურად გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.
კანონპროექტის მიზანი, მედიის მიერ ინფორმაციის სიზუსტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა, პოზიტიურად შეიძლება შეფასდეს, თუმცა, მედიაექსპერტების ნაწილი აღნიშნულ ცვლილებებს ბუნდოვანსა და პრობლემურს მიიჩნევს.
კანონპროექტის განხილვა გაგრძელდება და საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება მომდევნო მოსმენებზე.
მოამზადა-თამთა მაისურაძემ





