
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
მდგომარეობა რუსთაველზე მძიმეა – პროვოკაციები პოლიციის წინააღმდეგ არ წყდება
ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე ვითარება კვლავ დაძაბულია.
პერიოდულად არის დაპირისპირება პოლიციასა და მომიტინგეებს შორის. ისმის მოწოდება, აქციის მონაწილეების მისამართით სამოქალაქო სიმშვიდის დასამყარებლად, რათა მდგომარეობა განიმუხტოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.
ისევ პარალიზებულია რუსთაველის გამზირი. გზის ერთი ნაწილი მომიტინგეებს უკავიათ, მეორე ნაწილი კი, სპეცდანიშნულების რაზმს. პარალელურად, მომიტინგეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ სამართალდამცავებს და ხელს უშლიან მედიის წარმომადგენლებს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში.
აქციის მონაწილეები პარლამენტის მიმდებარედ გარეინფრასტრუქტურას აზიანებენ. მათ სავალ გზაზე არსებული ქვაფენილი აყარეს.
სამართალდამცავებმა მომიტინგეების წინააღმდეგ რამდენჯერმე გამოიყენეს ე.წ წიწაკის სპრეი. მიმდინარე დაპირისპირებისას დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი. ორივე კლინიკაშია გადაიყვანილი. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყება მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, რომ არ გასცდნენ კანონით გათვალისწინებულ წესებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად.
ირაკლი გუნია




