
მე-100 საჯარო სკოლაში დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა – ,,GEO NEWS” ყველა დედას 3 მარტს ულოცავს
თბილისის მე-100 საჯარო სკოლა, რომელიც დღეს, ხელახლა აშენდა და ამაყობს, როგორც წარსული ტრადიციით, ისე თანამედროვე ინფრასტრუქტურული შენობით, გამორჩეულია მოსწავლეთა და მათი მშობლების ხშირი ჩართულობით სხვადასხვა სახის შემეცნებით და კულტურულ ღონისძიებებში.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი პოზიტიური მოვლენები, რაც ეფექტურადაა ინტეგრირებული სასწავლო პროცესთან შეუძლებელი იქნებოდა სკოლის დირექტორის, გამორჩეული ქართველი პედაგოგის და ღირსეული ქალბატონის კეთილი ნების გარეშე.
2 მარტს, მე-100 სკოლაში, მე-3 კლასელთა დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომლის სულისჩამდგმელი, კლასის დამრიგებელი, კეთილშობილი პიროვნება და მაღალი კლასის პედაგოგი, ქალბატონი ნატა გურგენიძე გახლდათ.
ღირსეული პედაგოგის, ნატა გურგენიძის სიყვარული და თავის მიძღვნა საკუთარი მოწაფეების მიმართ სამაგალითო და გამორჩეულია.
რედაქციას მიაჩნია, რომ სწორედ ქალბატონი ნატას მსგავსი შთაგონებითა და მასშტაბური ხედვით დაჯილდოებული პედაგოგები ჰქმნიან საქართველოს ღირსეულ მომავალ თაობას, რაც იმის გარანტია, რომ საქართველოში ტრადიცია და ინოვაცია ყოველთვის ხელი-ხელ ჩაკიდებული ივლის.
ზეიმზე პატარებმა საკუთარ დედებს ლექსები მიუძღვნეს და სიმღერებით გაახალისეს, რის შედეგადაც, როგორც მშობლებმა, ისე მოწაფეებმა ბედნიერებმა დატოვეს მე-100 სკოლა.
,,GEO NEWS” ქალბატონ ნატას, როგორც ყველა მისი მოწაფის დედას და ყველა ღირსეულ ქალბატონს, ასევე, მე-100 სკოლის დირექტორსა და კოლექტივს დედის დღეს ულოცავს და წარმატებებსა და პროფესიულ წინსვლას უსურვებს.
მოამზადა-თამთა მაისურაძემ
,,GEO NEWS”