
მთავრობის მეთაურმა, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად პატივი მიაგო 2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისთან გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას
დღეს პატივს მივაგებთ შინდისის გმირების ხსოვნას, რომლებმაც თითოეულ ქართველს, მომავალ თაობებს მისცეს გმირობის მაგალითი და ასეთ გმირობაზე უნდა იზრდებოდნენ ჩვენი შვილები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შინდისში განაცხადა, სადაც გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
მთავრობის მეთაურმა, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად, პატივი მიაგო 2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისთან გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას.
„ეს გმირობა შეგვახსენებს, რომ სამშობლოს სიყვარული, პატრიოტიზმი არის უზენაესი ღირებულება, რისთვისაც ღირს ყველაზე ძვირფასის გაწირვაც კი – ეს არის სიცოცხლე და სწორედ ამის მაგალითი მოგვცეს შინდისის გმირებმა. ჩვენი ვალია, პატივი მივაგოთ შინდისის გმირების ხსოვნას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრნენ, რომელიც გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ სასულიერო პირებთან ერთად გადაიხადა.
მთავრობის მეთაური ასევე გაეცნო შინდისის გმირების მემორიალური კომპლექსის არქიტექტურულ კონცეფციას, პროექტს და მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს. ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა პრემიერს პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მემორიალური კომპლექსის ძირითადი ნაწილი გარე სივრცეში მოეწყობა, სადაც ვიზიტორებს შინდისის ბრძოლის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ექნებათ.





