
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 30 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 30 მოქალაქე გააძევეს.
შსს-ს ცნობით, ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გააძევეს: ინდოეთის, ირანი, თურქეთის, პაკისტანის, ერაყის, ეგვიპტის, ლიბანის, მაროკოს, ფილიპინების, იორდანიის, ბანგლადეშის, კანადის, კოტ დ`ივუარის და რუმინეთის, ჯამში, 30 მოქალაქე.
„მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევების განხორციელება“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.





