
ნიდერლანდებში, კუნძულ ტექსელზე, 1945 წელს აჯანყებისას გმირულად დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი მონუმენტი გაიხსნა
აღნიშნული ინიციატივის შედეგად, შესაძლებელი გახდა ათეულობით ქართველი მეომრის იდენტიფიცირება – მებრძოლებისა, რომელთა შესახებაც, მათ შთამომავლობასა და ახლობლებს, მწირი ინფორმაცია ჰქონდათ და დაკარგულებად მიიჩნევდნენ. გუშინ გამართული ღონისძიება, ამ პროცესის გაგრძელება და ორი წლის წინ დაწყებული საქმის სიმბოლური დაგვირგვინებაა. ქართველ მეომართა საძმო სასაფლაოზე, 9 აპრილს საზეიმოდ გახსნილი კიდევ ერთი მონუმენტის, რომელსაც „სამოთხის კარი“ ეწოდება, არქიტექტორი და დიზაინის ავტორიც მოქანდაკე დევი ხმალაძე გახლავთ. მემორიალზე, რომელიც ქართული სიმბოლიკითაა დამშვენებული, ამოტვიფრულია სიტყვები საქართველოს ჰიმნიდან: „დიდება თავისუფლებას, თავისუფლებას დიდება”. სწორედ ამ დღის შემდეგ, ადამიანთა ცნობიერებაში, ტექსელის მებრძოლთა გმირობა, საბოლოოდ დაუკავშირდება საქართველოს სახელს;
როგორც თინათინ სვანიძე-ვენკო განმარტავს, ღონისძიების თარიღის შერჩევა რამდენიმე მნიშვნელოვანმა ფაქტორმა განაპირობა; კერძოდ, მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან, წელს, 80 წელი სრულდება; გარდა ამისა, აღნიშნული ღონისძიება ეძღვნება ნიდერლანდების სამეფოში, ქართული კულტურის ცენტრისა და ამსტერდამის ჯვართამაღლების ეკლესიის დაფუძნების 10 წლის იუბილეს.
ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები,ზვიად შალამბერიძე და გრეტა წიწავა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი, მუხრან გულაღაშვილი, ტექსელის აჯანყებაში დაღუპულ მეომართა შთამომავლები,საერთაშორისო დელეგაციების, ორგანიზაციების, ფონდებისა და საზოგადოებრივი გაერთიანებების, კუნძულ ტექსელის მერიის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მედია საშუალებების წარმომადგენლები.
ტექსელის ქართველთა აჯანყების დროს დაღუპულ მეომართა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა საქართველოს საპატრიარქოს ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსმა მეუფე დოსითეოსმა (ბოგვერაძემ ).




