
ოპოზიციური ფლანგი თანმიმდევრულად ,,შელაგდება” პარლამენტში, როგორც კი ფინანსები შემოაკლდება
უპრინციპო და მოღალატე ოპოზიციამ კვლავ ქუჩა აირჩია. მაშინ როცა, ხალხის მოტყუება და აქციაზე გაყვანა არ გამოსდით, პროტესტის ყოველდღიურ რეჟიმზე გადადიან, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ხალხის სიმცირის გამო, მათ მიერ კონტროლირებად მედიებს უწევთ ტყუილის თქმა, რომ თითქოსდა, აქციებზე მთელი საქართველო დგას.
მიმდინარე აქციების მიზანი, რა თქმა უნდა, ქვეყანაში არეულობის შემოტანაა, რაზეც წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში არა ერთხელ უსაუბრია ,,ქართულ ოცნებას” და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.
ის, რაც წინასწარი გეგმის ნაწილია რადიკალების მხრიდან ვერ სრულდება, რადგან ამის განხორციელებას სჭირდება ხალხი, რომელსაც პროტესტის მუხტი არ აქვს, იმიტომ რომ, რეალურად საბრძოლველი არაფერია, რადგან 26 ოქტომბერს ქართულმა საზოგადოებამ ომის პარტიას საბოლოოდ უთხრა უარი.
რადიკალები ერთი ერთში მიჰყვებიან 2020 წლის სცენარს. კვლავ იგივე წრეზე ტრიალებენ და ამჯერადაც, ვითომდა არჩევნების გაყალბების გამო აქციებს მართავენ, თუმცა ცხადია, რომ აქციები ისეთივე უფერულია, როგორიც მათი წინასაარჩევნო კამპანია იყო, რომელიც ცრუ დაპირებებსა და სიძულვილის კამპანიაზე აგებული გახლდათ.
დესტრუქციულ ძალას ისღა დარჩენია არ შევიდეს ახალი მოწვევის პარლამენტში და იდგეს მიტინგებზე ქუჩაში.
ისე, საზოგადოებას კარგად ახსოვს მათი ორმაგი სტანდარტი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან, როცა პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადეს და ტელე ეთერებიდან ხალხს უმტკიცებდნენ, რომ 10-ე მოწვევის პარლამენტი ერთპარტიული იქნებოდა და საკანონდებლო საქმიანობაში არ ჩაერთვებოდნენ, რადგან ამას ქვეყნის ღალატად მიიჩნევდნენ. თუმცა, როცა ფინანსები შემოაკლდათ, თავმოყვარეობა ხელფასზე გაცვალეს და საკანონდებლო ორგანოში ერთი მეორეს მიყოლებით შეცვივდნენ.
ეს რადიკალების ჩვეული სტილია და მათგან გასაკვირი არაფერია. სწორედ ამიტომაა, რომ საზოგადოების არც ნდობა და არც მხარდაჭერა აქვთ. ეს სწორედ ის ძალებია, რომელთა მისია ქვეყნის უკრაინიზაცია და ქართული საზოგადოების დეგრადაციაა.
ირაკლი გუნია





