
პაატა შავაძე: ,,ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით საქართველო სახიფათო რყევებს გადაურჩება და სამშვიდობოს გავა”
ცნობილი იურისტი პაატა შავაძე ,,GEO NEWS”-ის მკითხველს გაყიდული ოპოზიციისა და მათი დამქაშების უსაქციელო ქცევებსა და პოლიციის მიმართ თავდასხმებსა და უსამშობლოთა სხვა უღირსობებზე ესაუბრება.
–ბატონო პაატა, როგორ შეაფასებდით მიმდინარე მოვლენებს და პროტესტანტებისა და დესტრუქციული ძალების მიერ აქცენტის ბათუმზე გადმოტანას ?
-ამაზრზენია ეს ყველაფერი. პოლიციელზე ხელის აწევა, იგივე სახელმწიფოზე ხელის აღმართვაა. ესენი პროვოკატორები არიან, სამართალდამცავებს მიზანმიმართულად იწვევენ, დედისა და ოჯახის მიმართულებით აგინებენ და მათ წყობილებიდან გამოყვანას ცდილობენ.
დღეს აქტუალურია კითხვები იმ ჟურნალისტთან დაკავშირებით – კითხულობენ რამ აიძულა ის ჟურნალისტი, რომ პოლიციელისთვის ხელი დაერტყა, თავად პოლიციელმა ხომ არ აიძულა და ასე შემდეგ ? ჩემი პასუხი კი ასეთია :
თუ პოლიციელმა რამე დააშავა, ან დაარღვია, ამისთვის პროკურატურა და სპეციალური საგამოძიებო სამსახური არსებობს, ასე აიღო და პოლიციელს ხელი შემოსცხო, ეს ხომ წარმოუდგენელია ?! მაშინ როდესაც პოლიციელს არ აქვს უფლება ვინმეს, ვინც წყობილებიდან გამოიყვანს ხელი შემოკრას, რადგან ეს დასჯადია.
არსებითად, მომიტინგეებს წარმოდგენილი ჰყავთ პოლიციელები, როგორც რაღაც არსებები, გომელაურის ტიტუშკები, გომელაურის რაზმი…არადა, ქართული სახელმწიფოსა და ჩვენი ტრადიციების მასხრად აგდება ხდება.
ასე თუ გაგრძელდება ჩვენ სახელმწიფო აღარ გვექნება. ამათი მიზანია, რომ სახელმწიფოს ავტორიტეტი ფეხქვეშ გათელონ, სასამართლოს ავტორიტეტი ფეხქვეშ გათელონ, ერთი სიტყვით, ყველაფერი იკადრონ.
–რას იტყოდით, დღევანდელი სასამართლოსა და ,,ნაციონალური მოძრაობის” დროინდელი სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხზე ?
-სასამართლოს სამართლიანობაზე მოგახსენებთ შემდეგს, მე იურისტი გახლავართ და ჩემზე უკეთ ვინ იცის რა და როგორ არის. ამ დღეებში 260-ე მუხლით ბრალდებული პირისთვის გამამართლებელი განაჩენის გამოტანა ვუზრუნველყავი, მაშინ როდესაც სააკაშვილისა და ,,ნაცების” სასამართლოში მსგავსი რამ შეუძლებელი იქნებოდა. დღევანდელ სასამართლოში სამართალს ნამდვილად იპოვი. აი, სააკაშვილის დროს კი, ასეთი რამ წარმოუდგენელი იქნებოდა.
–რა მდგომარეობაა დღეს ბათუმში, არის თუ არა საპროტესტო მუხტი ?
-არა, ცხადია. იცით, თუ მიხვდნენ, რომ შენ მათი თანამოაზრე არ ხარ, მაშინ, ფაქტობრივად, ყველა სახის შეურაცხყოფაზე გადმოდიან, შესაძლებელია ხელიც შემოგკრან. ისინი არაფერს ერიდებიან. აი, მაგალითად, იმ ქალბატონი ჟურნალისტის ქცევა, როდესაც მან ახალგაზრდა პოლიციელი სცემა, რის შედეგადაც საქმე სსკ-ს 353 მუხლით აღიძრა.
ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ ჩვენს ქვეყანაში არის კანონის უზენაესობა და ამა თუ იმ პროფესიისადმი კუთვნილება, ჟურნალისტი იქნება ეს, იურისტი, თუ სხვა რომელიმე პროფესიის მქონე პირი, დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, პასუხისმგებლობისგან თავის არიდების საფუძვლად არ გამოდგება. მით უფრო, მაშინ, როდესაც ამ კონკრეტული ქალბატონის აგრესიული ქმედებების შედეგად, ბათუმის პოლიციის უფროსი ფიზიკურად დაზარალდა, რომელსაც სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ.
-რა მოლოდინი შეიძლება გვქონდეს შემდგომში და რას ურჩევდით ხელისუფლებას ?
-სამწუხაროდ, ამ დესტრუქციულ ძალებს მოლაპარაკება არ სურთ და ხელისუფლებამ რა ქნას ? რა არჩევნები, რის არჩევნები ? რამე ხომ არ დაესიზმრათ ? ქართველმა ხალხმა არჩევანი უკვე გააკეთა და ესენი ძალადობენ, არაო. ამათ ვინ ეკითხებათ, როცა ქართველმა ხალხმა საკუთარი სიტყვა თქვა და ბეჭედიც დასვა. ამიტომაც, ამ ევროვირთხებს ვიმეორებ, არავინ არაფერს ეკითხება, გადაწყვეტილება ქართველმა ხალხმა მიიღო და ქვეყანა იმ გუნდს მისცა სამართავად, რომელიც ერთადერთია ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით, რომ ამ არეულობის სპირალი დაგვაძლევინოს და სამშვიდობოს გაგვიყვანოს. ჩვენ ვართ რჩეულნი, რადგან ასეთი მძიმე გამოწვევების დროს ბატონი ბიძინა მეთაურობს ჩვენს სახელმწიფო ხომალდს.
–დაბოლოს, რა პროგნოზს გააკეთებდით, მოვლენების როგორ განვითარებას ელით ?
-ვფიქრობ, ეს ყველაფერი სახადივითაა, რომელიც მოსახდელი გვქონდა, ასე რომ, ეს უნდა გავიაროთ. ღმერთით ყველაფერი კარგად დასრულდება. ხელისუფლება ამ აგრესიულ გიჟებსაც კუთვნილ ადგილს მიუჩენს და ქვეყანას არავის აარევინებს.
ირაკლი გიორგაძე





