
პაატა შავაძე : ,,დასანქცირება მედიის წინააღმდეგ – ეს უკვე საშიში პრეცედენტია” !
ცნობილი ადვოკატი პაატა შავაძე დიდი ბრიტანეთის მიერ TV Imedi-სა და POSTV-ის დასანქცირებას აფასებს.
პაატა შავაძე : დიდი ბრიტანეთის მიერ TV Imedi-სა და POSTV-ის დასანქცირება არის არა მხოლოდ კონკრეტული მედიასაშუალებების წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი – ეს არის პოლიტიკური სიგნალი, რომელიც პირდაპირ ეხება ჩემი ქვეყნის მედია სუვერენიტეტს !
დასანქცირება მედიის წინააღმდეგ – ეს უკვე საშიში პრეცედენტია !
პაატა შავაძის აზრით, დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება, სანქციები დაუწესოს „ტვ იმედსა“ და „პოსტ ტვ“-ის, არ არის მხოლოდ ადმინისტრაციული აქტი. ეს არის ღია პოლიტიკური აქტი, რომელიც ქმნის სერიოზულ კითხვებს სიტყვის თავისუფლების, მედიის პლურალიზმისა და სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევის საზღვრებზე.
პაატა შავაძე : მედია შეიძლება მოგვწონდეს ან არ მოგვწონდეს. შეიძლება არ ვიზიარებდეთ მის სარედაქციო პოლიტიკას, მაგრამ დასავლური დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპია იდეების კონკურენცია სანქციებით კი არა, არგუმენტებით წყდებოდეს.
თუ კონკრეტულ მედიას ედავები დეზინფორმაციის კუთხით – არსებობს სამართლებრივი მექანიზმები, რეგულატორები, სასამართლოები.
თუ არ მოგწონს მისი პოლიტიკური პოზიცია – არსებობს სხვა მედია, ალტერნატიული პლატფორმები და საზოგადოებრივი დისკუსია.
მაგრამ როდესაც უცხო სახელმწიფო პირდაპირ სანქცირებს კონკრეტულ მაუწყებლებს, ეს უკვე აღიქმება როგორც ზეწოლა არა მხოლოდ მედიაზე, არამედ მთლიანად ქვეყნის საინფორმაციო სივრცეზე.
დღეს სანქცირებულია „იმედი“ და „პოსტ ტვ“.
ხვალ ვინ იქნება ? ნებისმიერი მედია, რომელიც არ მოერგება გარე პოლიტიკური ცენტრების ხედვას ?
დემოკრატია არ ნიშნავს მხოლოდ იმ აზრების დაცვას, რომლებიც მისაღებია.
დემოკრატია ნიშნავს იმ მოსაზრებათა დაცვასაც, რომლებიც არ მოგვწონს.
ეს უკვე აღარ არის დიპლომატია. ეს არის პოლიტიკური ზეწოლა.
როდის გახდა მისაღები, რომ უცხო სახელმწიფომ განსაზღვროს, რომელ მედიას აქვს არსებობის უფლება და რომელს – არა ?
როდის იქცა განსხვავებული სარედაქციო პოზიცია სანქციის საფუძვლად ?
დემოკრატია არ იზომება მხოლოდ იმ მედიის დაცვით, რომელიც ლოიალურია კონკრეტული პოლიტიკური ხაზის მიმართ.
დემოკრატია იწყება სწორედ იმ მომენტიდან, როდესაც დაცულია ისიც, ვინც კრიტიკულია, არაპოპულარულია ან მიუღებელია.
ჩვენ არასდროს გადავსულვართ იერიშზე ტვ პირველის, ფორმულასა თუ სხვა მსგავსი ყვითელი მედიის წინააღმდეგ. დღემდე ვინარჩუნებთ ქვეყანაში მედია პლურალიზმსა და აზრის გამოხატვის თავისუფლებას აბსოლუტური პრივილეგიით.
დღეს სანქცია დასაშვებია იმიტომ, რომ ვიღაცას არ მოსწონს სარედაქციო პოლიტიკა,
ხვალ სანქცია დასაშვები იქნება ნებისმიერი მედიის წინააღმდეგ, რომელიც „არასწორ“ კითხვებს სვამს…
მედიის წინააღმდეგ სანქცია – ეს არის ზეწოლა საზოგადოებრივ აზრზე.
ეს არის მცდელობა საინფორმაციო სივრცის ფორმატირებისა გარე ძალის მიერ.
დღეს საუბარია ორ არხზე.
რეალურად კი საუბარია სახელმწიფოს ღირსებაზე და საზოგადოებრივი დისკუსიის დამოუკიდებლობაზე.
საქართველო არ არის კოლონია.
და მისი მედია არ უნდა შეფასდეს საგარეო პოლიტიკური ლოიალობის ტესტით.
ეს გადაწყვეტილება დასაგმობია მკაფიოდ, მკაცრად და უპირობოდ.
სიტყვის თავისუფლება არჩევითი პრინციპი არ არის.
ის ან არსებობს ყველასთვის – ან აღარ არსებობს არავისთვის.
მოამზადა ქეთი ხომერიკმა
,,GEO NEWS”





