
პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
საქართველოს პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილება, თანმდევ პროექტებთან ერთად, მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 80 ხმით მიიღო.
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით ფართოვდება მოსამართლესთან უკანონო კომუნიკაციის სუბიექტთა წრე. ახალი დეფინიციის მიხედვით, უკანონო კომუნიკაციაში მყოფი სუბიექტი იქნება ნებისმიერი პირი, რომელიც მოსამართლის ან სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზე ზემოქმედების მოხდენის მიზნით ცდილობს მასთან არასათანადო კომუნიკაციას.
გარდა ამისა, იხვეწება მოსამართლეზე რაიმე ფორმით ზემოქმედებისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის შელახვის პრევენციის მექანიზმი.
საკანონმდებლო ცვლილებებით: აიკრძალება ნებისმიერი პირის მიერ ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერ ვითარებაში მოსამართლისადმი უპატივცემულობის გამოხატვა, რომელიც უკავშირდება მოსამართლის სტატუსს; სასამართლო აქტები საჯარო ინფორმაციის სახით ხელმისაწვდომი გახდება ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ; შესაძლებელი გახდება ვიწრო სპეციალიზაციის განხორციელება, როგორც პირველ და მე-2 ინსტანციის სასამართლოში, ასევე უზენაეს სასამართლოშიც; იზრდება რიგ პოზიციებზე მოსამართლეთა უფლებამოსილების ვადები; ზუსტდება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ფარგლები; იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ენიჭება უფლებამოსილება, განსაზღვროს მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაციები უზენაეს სასამართლოში; განისაზღვრება მოსამართლის მიერ სამეცნიერო ან პედაგოგიური საქმიანობის განხორციელებაზე, აგრეთვე, მოსამართლის მიერ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული სარგებლის მიღებაზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსაგან თანხმობის გაცემის დეტალური წესი.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.





