
პეტრე მამრაძე ადასტურებს ,,გლობალური” დასავლეთის პროვოკაციულ გეგმებს საქართველოს მიმართ და ხაზს უსვამს ქართული საზოგადოების გონივრულ არჩევანს
არჩევნების შემდგომ, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები ,,GEO NEWS,,-თან ინტერვიუში ,,ნეიტრალური საქართველოს” წარმომადგენელმა, დიდი საექსპერტო გამოცდილების მქონე პოლიტიკურმა ფიგურამ, ბატონმა პეტრე მამრაძემ შეაფასა.
–ბატონო პეტრე, როგორ შეაფასებდით არჩევნების შემდგომ ოპოზიციურ აქტივობას ?
-ის, რასაც ვხედავთ არ არის ოპოზიცია, რადგან ოპოზიცია უნდა იყოს ადამიანების გაერთიანება, რომელიც მომხრეა ეროვნული ინტერესებისა და მინიმუმ საკუთარი სახელმწიფოს მტერივით არ მოქმედებს, მიუხედავად მათი სახელისუფლებო ძალისაგან განსხვავებული შეხედულებებისა. ესენი კი, ჭეშმარიტად ანტიეროვნული ძალები არიან.
მინდა გითხრათ, თავიდანვე იყო გაცხადებული, როგორც ოპოზიციის, ისე მათი დასავლელი პარტნიორების მხრიდან, რომ თუ ,,ქართული ოცნება” გაბედავდა და გაიმარჯვებდა, ისინი არალეგიტიმურად და კანონგარეშე გამოაცხადებდნენ არჩევნების შედეგებს.
–რამდენად მოგვაგონებს ოპოზიციის მსგავსი ქმედებები საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს ?
-რაც ახლა ხორციელდება არის ხელოვნურად პოლიტიკური ტემპერატურის აწევის მცდელობა და სხვა არაფერი. საზოგადოების დაბნევისაკენ და ქაოსის დასათესად გადადგმული ნაბიჯებია. რეალურად, აქციების მუხტი მოსახლეობაში არ არის შექმნილი, კი ეს მუხტი, რაღაც პერიოდის წინ მართალია, შექმნილი იყო – ,ახალგაზრდების მოტყუებითა” და შეცდომაში შეყვანის უზრუნველყოფით – ,,უცხოური გავლენის გამჭირვალეობის” კანონის წინააღმდეგ გამოსვლებზე, საქართველოს რყევისას, თუმცა ახლა სხვა ვითარებაა. გახსოვთ ხომ, როგორ დარბოდნენ და ყვიროდნენ. ეს მუხტი დღეს არ არის.
–რა ასაბუთებს თქვენს ასეთ შეფასებას ?
–26 ოქტომბერს, არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ, თქვენ ნახეთ, რომ ქუჩაში კაციშვილი არ გამოვიდა.
მინდა გითხრათ, რომ ძალიან გამოცდილები არიან ,,კოლექტიური გვარამიები“. ეს კი, იყო ნიშანი, რომ, როცა მუხტი არ არის, ქუჩაში ვერ დაჯდები. მაშინ შენ თვითონ უნდა შექმნა რაღაცის ილუზია, ეს კი საკმაოდ რთულია, თუ არა შეუძლებელი.
–რამდენად იკვეთება დაანონსებული ქაოსური აქციების უკან კოლექტიური დასავლეთის კვალი, ჩანს მათი სილუეტი ?
-არაფერს გამოვრიცხავ….თუმცა რამდენი ფულიც არ უნდა ხარჯო, როცა ქვეყანაში პრობლემა არ არის და საზოგადოება ერთიანია, ვერაფერს გააკეთებ.
რა გინდა გააპროტესტო ? ის რომ საქართველო ეკონომიკის ზრდის კუთხით მსოფლიოში მეორე ადგილზეა ?
კარგი, შეაწუხებ მომხრეებს და ხალხს გარეთ გამოიყვან, დახარჯავ ფულს და მათ რაღაც პერიოდით დატოვებ ქუჩაში, მერე ? გამოიყვან კიდევ, მერე ? როცა მუხტი არ არის, არც არაფერი გამოდის. ახლა განწირულები არიან და თუ ხელისუფლება უხეშ შეცდომას არ დაუშვებს ( ამის წინაპირობა კი, არ არსებობს ), ეს მუხტი შემცირდება და გაქრება საპნის ბუშტივით.
,,ქართულმა ოცნებამ” არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა. საქართველოს მოსახლეობამ სწორი არჩევანი გააკეთა. დიახ, ეს იყო სახელმწიფოებრივი არჩევანი. ქვეყნის მტრებმა ხალხის მოტყუება ვერ შეძლეს. საზოგადოების უმრავლესობა ვეღარ მოატყუეს, რადგან ხალხმა დაინახა, რომ მხოლოდ ,,ქართული ოცნების” დროს გახდა ქვეყანაში წინსვლა ბევრი მიმართულებით შესაძლებელი.
თუმცა მინდა უკმაყოფილება გამოვთქვა, რომ საქართველომ მხარი დაუჭირა რუსეთის ევროსაბჭოდან გარიცხვას, რადგან მერე მოხდა ის, რაც ზედმეტი და სარისკო იყო. ,,ოცნების” ხელისუფლებამ მხარი დაუჭირა ჰააგის ტრიბუნალის მიერ პუტინის გასამართლებას. ეს არ შეიძლება, როცა სააკაშვილის შემოყვანილი რუსული ტანკი, არტილერია და რაკეტები თბილისთან ახლოს დგანან. რატომ რისკავ ?
ამის შემდეგ აშშ-ის მაშინდელმა ელჩმა კელი დეგნანმა თქვა, რომ ,,ქართულ ოცნებას” რაღაც ისეთი უნდა გაეკეთებინა, რომ ნათლად ეჩვენებინა კიევის მხარეს იდგა, თუ მოსკოვის.
ყველას ვთხოვ, ოდნავ მოაზროვნე ადამიანებს მივმართავ, თვით დეგნანსაც, გვითხრას რა უნდა ? რას გულისხმობდა ? იმას, რომ დასავლეთ საქართველოს ღია პარტიზანულ ომს სთავაზობდა ?
მე, რა თქმა უნდა, ჩემი ღია წყაროებით ეს ვიცოდი, მაგრამ საჯაროდ არ ვამბობდი. მას შემდეგ კი, რაც ბიძინა ივანიშვილმა ეს ღიად თქვა, უკვე მეც ხმამაღლა ვამბობ ამას. ეს ასე იყო.
რამდენიმე დღის წინ პოდოლიაკმა თქვა: ,,მეორე ფრონტის გახსნის იმედი არ უნდა გვქონდეს, ჩვენ მხოლოდ ჩვენი თავის იმედი უნდა გვქონდესო”.
სამწუხაროდ, არ მეგონა, რომ დასავლეთიდან მეორე ფრონტის გახსნისკენ ვინმე გვიბიძგებდა. აი, ეს ფაქტები დასავლეთში არსებულ სულიერ კრიზისს ასახავს.
ირაკლი გუნია
,,GEO NEWS”





