
- By Keti Khomeriki
- In ინტერვიუ, პოლიტიკა, სიახლეები
პეტრე მამრაძე : ან როდემდე უნდა იყოს სააკაშვილი ,,ვივამედში” ? ვიმეორებ, სქემა ასეთია: ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს
,, აღმოჩნდა, რომ ,,სუს”-ს გაცილებით მეტი ინფორმაცია აქვს. დარწმუნებული ვარ, ეს სცენარი არ გამოუვათ, მაშინაც კი, თუ საქართველოს კანდიდატის სტატუსს არ მისცემენ. და სააკაშვილის ანდერძი ყოველთვის გახსოვდეთ : ,,უნდა მოკვდეს ჟურნალისტი ქალი, თანაც უმჯობესია ოსი იყოს”. მე მარტის თვეში დაძაბული ვუყურებდი ტელევიზიას, სადმე არ გამოჩნდეს ერთი ორი გვამი-მეთქი, ვფიქრობდი, რაც მერაბიშვილის ხელწერაა”, – განაცხადა ,, Geo News ” – თან საუბრისას საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრმა, ,, მართვის სტრატეგიული ინსტიტუსტის” ხელმძღვანელმა, ანალიტიკოსმა, პეტრე მამრაძემ.
–ორიოდე დღის წინ, აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ გაზეთ „იზვესტიასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში, შავი ზღვის სანაპიროზე სამხედრო-საზღვაო ძალების ბაზირების ახალი მუდმივი პუნქტის შექმნას გეგმავს, ოფიციალური მოსკოვი ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს, საქართველოს ხელისუფლების განცხადებით კი, ეს არის ოკუპაციის გაგრძელებაა. თქვენ რას იტყვით, ბატონო პეტრე ? მოდით, საუბარი ამ საკითხის შეფასებით დავიწყოთ…
-პირდაპირ გეტყვით, რეალურად საქართველოსთვის არაფერი იცვლება.
რატომ ? სააკაშვილის სამხედრო პოლიტიკური ავანტურის შემდეგ ( 2008 წლის აგვისტოს ვგულისხმობ ), ძლიერი ბაზა აფხაზეთში უკვე დგას. ცნობილია, რომ აფხაზეთში რაკეტები არის, ,,სს”-300, ზოგიერთის ინფორმაციით, სს-400-იც, ანუ ყველაზე ძლიერი რაკეტები, რაც რუსეთს აქვს, რომლებიც რეგიონს ფარავს. მოგეხსენებათ, ბაზა ცხინვალის რეგიონშიც არის და რუსული ტანკები კი, საქართველოს დედაქალაქში, დავით აღმაშენებლის ძეგლიდან 30 კილომეტრში დგანან. აი, ამ ფონზე, აფხაზეთი რეალურად, როგორც იტყვიან, ბაზის დანამატად იქცა. ბაზის ძირითადი სტრუქტურაა იქ ეს ბაზა, რომელიც ისედაც იყო, უბრალოდ, რაღაც სამხედრო თოკისთვის იყენებდნენ, მაგრამ ახლა განცხადება გაკეთდა, რაც პრინციპში გასაგებიც არის რატომ.
თქვენ იცით, რომ ყირიმიმში რუსეთის ფლოტს აღარ დაედგომება, რადგან უკრაინელები რაკეტებით წვდებიან და დიდი ზიანი მიაყენეს, ზარალიც. ჰოდა, ახლა გამოაცხადეს, რომ აქეთ, ასე ვთქვათ, აკეთებენ ამას. ანუ ის, რომ ვთქვათ, ეს რაღაც ახალია, ან რაიმე შეიცვალა, არა – არ არის ასე, მაგრამ რაც შეეხება პოლიტიკას, ეს რაღაც ახალია. ნამდვილად ასეა, რადგან მსგავსი რამ ოფიციალურად ცხადდება. დიახ, როცა აცხადებენ, რომ რუსეთი აფხაზეთში ამ ბაზებზე ხელშეკრულებას დებს, ეს უკვე პოლიტიკური ჟესტია. რა თქმა უნდა, ამ ფონზე ბჟანია აცხადებს : ,, ჩვენ ვისაუბრეთ იმაზეც, რომ თუ შეიქმნება საკავშირო სახელმწიფო, აი, ამ საკავშირო სახელმწიფოში აფხაზეთიც უნდა იყოს წევრად”. ჰოდა, ჩვენი ხელისუფლება განცხადებისა და რეაგირების გარეშე, ამას ვერ დატოვებდა. სხვათა შორის, უცხოეთიდანაც გაისმა შესაბამისი განცხადებები, მაგრამ ხაზს ვუსვამ, ეს მხოლოდ განცხადებებია.
–განცხადებები გასაგებია, მაგრამ რა შეიძლება მოჰყვეს ამას, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად დაძაბვა ?
-არა, ვფიქრობ, არაფერი მოჰყება. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენი ხელისუფლება პროვოკაციებს აყოლილი არ არის, მეტიც, საკმაოდ ფრთხილად იქცევა. და ეს არის ერთადერთი გზა, რომ ამ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში ჩვენი პატარა, მცირერიცხოვანი სახელმწიფო და ერი გადარჩეს. ვერავინ მოიყვანს ბევრ მაგალითს მსოფლიოში, რომ ოკუპირებული იყოს ორი რეგიონი, დედაქალაქიდან 30 კილომეტრში ტანკები იდგნენ და ქვეყანაში სტაბილურობა იყოს ( მადლობა უფალს ).
მეტსაც გეტყვით, ყველასთვის ცნობილია, რომ პუტინის თანაშემწეს კარგა ხანია მომზადებული აქვს საქაღალდე, რომელსაც მხოლოდ პუტინის ხელმოწერა აკლია და რა არის იქ? ე.წ. სამხრეთ ოსეთის, ე.წ. პარლამენტის არაერთი მიმართვა რუსეთის დუმისადმი – ,, გთხოვთ, ,,აღადგინოთ” ისტორიული სამართლიანობა, გაგვაერთიანოთ ჩვენს დიდ სამშობლოსთან – ჩრდილო ოსეთთან”.
აი, ჯერ-ჯერობით რუსეთის მხრიდან ამ დოკუმენტზე ხელმოწერა არ ხდება. დამიჯერეთ, ასეა, მაქვს გარკვეული კონტაქტები, და ეს თქვენ იცით. ვიმეორებ, ეს საქაღალდე პუტინის თანაშემწეს მაგიდაზე უდევს, გამზადებული აქვს. ახლა იკითხავთ, სავაჭრო თემაა ეს თუ არაო, არა. არ გეგონოთ, რომ ასეა. რატომ ? რუსეთს საქართველოსგან აღარაფერი უნდა, რაც უნდოდა მიხეილ სააკაშვილმა ( მისი უმაღლესი ჩინი : ,,კაკებეს” ეფრეიტორი, ,,კაკებეს” ჯარებში მსახურობდა, ეს საბუთები გამოქვეყნებულია ) და ბიძამისმა თემურ ალასანიამ (,,კაკებეს” გენერლად წოდებულმა ) ხონჩით მიართვეს. ახლა რუსეთს არაფერი უნდა, დამთავრებული ამბავია. გარდა ამისა, არ უღირს ამის გაკეთება, რადგან შეიძლება ეს, ასე ვთქვათ, კოზირად – ჯოკერად აქვს, თუ ასე ვუწოდებთ, და მხოლოდ მაშინ გამოიყენებს, თუ რეიტინგში გაუჭირდა, ანუ ეს მას რეიტინგს შემატებს და ახლა კი, რუსეთში პუტინს ძალიან მაღალი რეიტინგი აქვს. მოკლედ, ასეა ეს, პრაგმატულად უყურებენ ამას.
–და მაინც, თქვენი ინფორმაციით, რეალურად რა განწყობა აქვს დღეს რუსეთს საქართველოს მიმართ ? ბოლო დროს, გაისმის მოსაზრებები, რომ რუსეთი დაგვარტყამს, ტანკს დაქოქავს და ა.შ. საზოგადოებას ზაფრავენ, თუ არის ამის საშიშროება ?
-თქვენ ხედავთ, რომ ხან კარასინი, ხანაც ლავროვი აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს და ეს მისასალმებელიაო. და ეს ასეა ნამდვილად. მოგეხსენებათ, ხელისუფლება არც ერთ პროვოკაციას არ წამოეგო. გახსოვთ, ,,ნაცების” ჩარტერული რეისი, მათ თავის მოკავშირეები უკრაინაში, ომში წასასვლელად გამზადებული ჰყავდათ, აი, მთავრობას ამისთვის ხელი, რომ შეეწყო და გამგზავრების უფლება მიეცა, მაშინ ჩაითვლებოდა, რომ უკრაინაში ბოევიკების გაგზავნა ხელისუფლების დონეზე ხდებოდა, აი, ეს კი, ცუდად დაგვიბრუნდებოდა. ასევე, საქართველოს მხრიდან რუსეთისადმი სანქციები დაწესებული არ არის, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა დროს, მათ შორის ბორელმაც ( გამიკვირდა ) თითის ქნევით თქვა : ,, საქართველომაც იფიქროს სანქციებზე რუსეთის მიმართო”. მოკლედ, ხელისუფლებამ სწორად იმოქმედა, გადავრჩით.
აი, ამ დროს მთელი აბსურდი იმაში მდგომარეობს, რომ საქართველო 3 მილიონ ნახევრიანი სახელმწიფოა, რუსეთი კი 140 მილიონიანი, ჰოდა, საქართველომ ეკონომიკური სანქცები, რომ დაუწესოს რუსეთს, თავად დაზიანდება, თანაც ძალიან. დიახ, ქართულ ეკონომიკას ზიანი მიადგება. იცით, იქ ჩვენი პროდუქცია გადის, იგივე ღვინო, გვახსოვდეს ეს. აი, რუსეთი კი, ამ სანქციებს საერთოდ ვერ იგრძნობს. წარმოიდგინეთ, აქედან გაფრინდეს კოღო, დააჯდეს რუსულ ტანკს, იგრძნობს ტანკი ? ვერა, ასეა ეს, დამიჯერეთ.
აი, ,,ნაცები” როგორ ყვირიან და ლანძღავენ ხელისუფლებას, რომ, აი, ,, ოცნებამ ” რუსეთს სანქციები არ დაუწესაო, აბა სანქციები დაეწესებინა, მაშინ გენახათ, ,,ნაცები” ორმაგად აყვირდებოდნენ. ისინი ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ ხალხზე ფიქრობდნენ, მხოლოდ თავის რეიტინგზე ფიქრობენ, აქაოდა, დასავლეთის თვალში მეტად გამოჩდნენ.
ვიმეორებ, ამ სანქციებით ვერაფერს ვიზამდით, მხოლოდ ჩვენს ხალხს დავტანჯავდით, რუსეთი მაინც ვერ იგრძნობდა ამას, ანუ აქ რა არის მთავარი იცით, რაც გინდა გააკეთე, ,, ნაცები ” მაინც იყვირებენ და კიდევ საკითხავია, როდის უფრო მეტად იყვირებენ. აი, ამ ყველაფრის ფონზე, საქართველომ ყველა საერთაშორისო ფორუმზე ხმა მისცა რუსეთის ომს უკრაინაში, როგორც დასავლელმა პარტნიორებმა. ეს იყო ევროპის საბჭოში, სადაც რუსეთის გარიცხვას მისცა ხმა, ეს იყო გაეროში, თანაც რამდენჯერმე. და მინდა იცოდეთ, რომ 193 ქვეყნიდან 120-ს თუ აგროვებდნენ, მეტი არ აძლევდა ხმას, დიახ, დანარჩენი ქვეყნები თავს იკავებდნენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ მიეცათ ხმა. ჩვენი მეზობლები სომხები, აზერბაიჯანელები, ან არ ესწრებოდნენ, ან თავს არიდებდნენ, გადიოდნენ დარბაზიდან. საქართველომ კი ეს გააკეთა, რამაც სხვათა შორის, არ დაგიმალავთ და პირადად მე დამძაბა. 43 ქვეყანას შორის ერთ-ერთი საქართველო იყო, რომელმაც ხმა მისცა იმას, რომ ჰააგამ რუსეთის სამხედრო დანაშაულები უკრაინაში გამოიძიოს. ჩემთვის, რომ ეკითხა ვიღაცას ,,ოცნებიდან”, როგორც რაღაც გამოცდილების მქონე ადამიანს, მე მათ ამას არ ვურჩევდი – გარისკეს. საბედნიეროდ, ჩაიარა ასე თუ ისე. შეიძლება ჰქონდათ კონტაქტები, იმედი, რომ ამაზე მწვავე რეაქცია არ იქნებოდა, მთავარია ჩაიარა. აი, ასეთი ვითარებაა რეალურად.
და ბაზის თემა, რომ შევაჯეროთ…გახსოვთ, წლების წინაც იყო აბსურდული მდგომარეობა, როცა რუსები აშენებდნენ გზას დაღესტანში, რომ აი, ეს გზა ახლოს იყო ჩვენს საზღვართან და ,,ნაცებმა” მობილიზაცია გააკეთეს მაშინ. და ამის დასაგმობად საკმაოდ ხალხმრავალი დემონსტრაციები გაიმართა, რომ აი, გზა გადის და ამის გამო საქართველოს საფრთხე ემუქრებაო. უცხოელი დიპლომატები სიცილით მეუბნებოდნენ : ,, კი მაგრამ, ეს ოხერი, დედაქალაქიდან 30 კილომეტრში რუსის ტანკი დგას და ამას არ აპროტესტებთ და იმ გზას აპროტესტებთო”? იგივეა ახლაც… თუმცა აფხაზეთი ჩვენი ძირძველი ტერიტორიაა, მაგრამ გიმეორებთ, აქ ახალი არაფერია, ბაზა იყო, ახლაც არის, აი, ეს არის.
-,, ნაცებს” რაც შეეხება, თქვენი აზრით, გარე ძალები მხარს მართლაც უჭერენ – ხელისუფლებაში მათი დაბრუნება უნდათ ? ასე ითქვა…და არსებობს თუ არა ქვეყანაში დესტაბილიზაციის საფრთხე, ,,სუსის” განცხადება გემახსოვრებათ…
-სახელმწიფო გადატრიალებაზე ? მოგახსენებთ.
იცით, მართლაც პარადოქსული სიტუაცია შეიქმნა და მე პირდაპირ ვამბობ ამას – მიმაჩნია, რომ განვლილ 11 წელიწადში ,,ოცნებას” გაცილებით მეტის გაკეთება შეეძლო იმისთვის, რომ დასავლეთში საქართველოსა და თავად მთავრობას სანდო პარტნიორები და ლობისტები ჰყოლოდა. თავიდან ზუსტად ასე იყო, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა. ეტყობა ,,ნაცმოძრაობამ” საკმაოდ დიდი ფული დახარჯა და მიაღწია იმას, რომ ჩამოყალიბდა, ასე ვთქვათ, ,,კლიშე” : აი, არის რუსი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც მართვას ყველაფერს და საქართველო მას და მის ,,ოცნებას” რუსეთისკენ მიჰყავს, საჭიროა ამასთან ბრძოლა და ა.შ. და ეს მუშაობს.
ჩვენ ვიცით, ევროგაერთიანების შესაბამისი რეზოლუცია, ყოვლად უსამართლო, სრულიად აბსურდული 12 პუნქტი და რატომ აბსურდული ახლავე გეტყვით: გვახსოვს, იგივე შარლ მიშელის განცხადება. სხვათა შორის, როცა წავიკითხე თვალებს ვერ ვუჯერებდი ( ჩემი გამოცდილების მქონე ადამიანი) , რომ აი, თუ არჩევნებზე 43 %-ზე ნაკლებს აიღებს ,,ოცნება”, ხელისუფლებიდან უნდა წავიდეს. ანუ ჩვენ, არც თქვენი კონსტიტუცია, არც თქვენი კანონმდებლობა არ გვაინტერესებსო… და სად არის, სად წერია ეს, ასეთი პირობა სად დევს, რომ დაუსვა მმართველ პარტიას ? შენ ახლა არჩევნებში 43 %-ზე ნაკლებს თუ აიღებ უნდა წახვიდეო. გაოცდები ადამიანი, აბა რა იქნება. და კიდევ კარგი შარლ მიშელმა შემდეგ თქვა: ,, სამწუხაროდ, ,,ნაცმოძრაობამ” არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ თავისი მხრიდან რაიმე შეესრულებინაო”. აი, ამ ფონზე, რაზეა საუბარი. მეორეს მხრივ, საქართველომ წლიდან წლამდე, მათ შორის წელს, რიგ ფაქტორებში მეტად გაიუმჯობესა თავისი პოზიციები, რეიტინგი. დიახ, ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია, გაეროსთან არსებული, მათ შორის სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი და სხვები საქართველოს სერიოზულ რეიტინგებს ანიჭებენ, როგორიცაა საქართველოს მთავრობის ეფექტიანობა – მე-17 ადგილი მსოფლიოში, იმაზე უკეთესი, ვიდრე ევროკავშირის 15 ქვეყანას აქვს. ანუ ჩვენ საუკეთესო ნახევარში ვართ. და ყველას შეუძლია ეს პარამეტრი ნახოს და იქვე ნახოს, რომ ამ დროს, უკრაინას 95 -ე ადგილი აქვს, მოლდოვას კი 105 -ე. და ისმის კითხვა : აი, მათ, რომ აძლევ კანდიდატის სტატუსს და საქართველოს არა, ეს რას ნიშნავს ? თანაც რა მიზეზით, მთავარი მიზეზი რასაც ამბობ, რომ, აი, პუნქტებია შესასრულებებლიო…იმათ კი და ჩვენ არა.
– დიახ, რაშია საქმე, რა არის მთავარი მიზეზი ?
-როგორ ხდება ეს ამბავი, რაშია საქმე ? ახლა ჩვენ კი ვიცით რაშიც არის საქმე, მაგრამ…თან პუნქტები ნახეთ: საქართველოში მედია დაჩაგრულიაო, არადა სააკაშვილის დროს 14 ტელევიზია იყო, ახლა კი ზუსტად 100 ტელევიზიაა. უსამართლობაა ეს, აბა რა არის. რატომ? სწორედ იმიტომ, რომ შეიქმნა ის ,, ტრენდი “, რომ რუსული მთავრობაა, კარგია თუ ცუდია, რუსული მთავრობაა და უნდა დასრულდეს.
ახლა ვიგებთ, რომ იგივე ,,ოტპორი” და ,,კანვასი” ამოქმედებენ, ატრენინგებენ ვიღაცეებს, ,,USAID” თურმე მათ ფულს უხდის. აი, ეს არის კამპანია. ქვეყანაში ხელისუფლების გადაბარება კი არ ხდება, უბრალოდ, გარკვეული გავლენიანი ჯგუფი ცდილობს სიტუაციის არევას, ,,ნაცების” მობრუნებას.
და ახლა ბაიდენის ადმინისტრაციაში ვიქტორია ნულანდი დაინიშნა. ქალბატონი, რომელმაც თავის დროზე უკრაინაში, ,,მაიდანზე” ფუნთუშები დაარიგა და მსოფლიოში ამით გაითქვა სახელი. გარდა ამისა, ჩვენ მოვისმინეთ სატელეფონო საუბარი, სადაც ეს ქალბატონი ამერიკის ელჩს კიევში მთელ სცენარს კარნახობდა : კლიჩკო ტელევიზიით არ გამოაჩინოთ, წამგებიანია, ამან ეს გააკეთოს, იმან ის გააკეთოსო, მთელი სცენარი ტელეფონით იყო ნაკარნახები. ელჩი ეუბნებოდა, ჩვენ ახლა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებთან კიევში ვთანამშრომლობთ და მათ განსხვავებული აზრები აქვთო, ის ეუბნებოდა : ,,Do you know what, fuck you” . და ეს მაშინ მთელს მსოფლიოში გაუშვეს, დღესაც დევს იუთუბში. და იცით, რომ სახელმწიფო დეპარტამენტს ოფიციალური ბოდიშის მოხდა მოუწია, მე პირადად მოსმენილი მაქვს. აი, ასეთი ქალბატონია ის. და, რომ ინიშნებოდა ჩვენს დიპლომატებს, ვინც იყვნენ, მაშინ ვაშინგტონში იცით, ოფიციალურად რა გამოუცხადა ? მიშა სააკაშვილი ჩემი პირადი მეგობარიაო. მე ეს ჩემი მეგობრებისგან კონფიდენციალურად გავიგე და ახლა, მე ამ ქალბატონს აქედან ვეუბნები : ,, მითხარი ვინ არის შენი მეგობარი და გეტვი ვინ ხარ შენ”.
ახლა რა ხდება, რატომ ვთვქი ეს : ამერიკაში წლების განმავლობაში წამყვანი პოლიტოლოგები და ცნობილი ექსპერტები სააკაშვილის სადისტურ – პოლიციურ რეჟიმზე სრულ სიმართლეს წერდნენ. და ეს არ შეიძლება, რომ შენ, ნულანდმა არ იცოდე. ამის შემდეგ როგორ შეიძლება ამბობდე, გიღირდეს და თქვა, რომ სააკაშვილი შენი პირადი მეგობარია.
და მერე გახსოვთ, ნამდვილი აღვირახსნილი საინფორმაციო ომი – კამპანია, როცა სააკაშვილი ვითომ შიმშილობდა და ყველას დასანახად 50 დღე ნაშიმშილები, ღიპ გადმოგდებული ( მაპატიეთ ) წელს ზევით შიშველი, რომ გვაჩვენეს როგორ სცემა ბადრაგს . 50 დღე ნაშიმშილებ ადამიანს, თუ ცოცხალია ( მე არ ვიცი ასეთი შემთხვევა ) ისეთი ძალა ჰქონდეს ბადრაგს სცემოს. და ,, CNN”- მა 12 წუთის განმავლობაში აჩვენა ფილმი როგორ კლავენ სააკაშვილს დილეგში, როგორ ექცევიან და ამ დროს თვითონ როგორ საშინლად ექცეოდა მედ-პერსონალს, ეს არავის აინტერესებდა, რაც ნამდვილად ვიცი, რომ ასე იყო.
ასე რომ, სააკაშვილსა და მის პარტიას ეს ძალები მხარს ნამდვილად უჭერენ. ასეთ აღვირახსნილ საინფორმაციო ომზე არავითარი უკურეაცია ოფიციალური პირებისგან დასავლეთში არ ყოფილა. ან როდემდე უნდა იყოს სააკაშვილი ,, ვივამედში ? იყო განცხადებები, საპყრობილეში გადაყვანაზე, თუმცა ეტყობა ხელისუფლება ვერ ბედავს, რადგან ზეწოლა დიდია. გიულის მიერ აყვანილი 11 ექიმი ედგა თავს და აცხადებდნენ, აწამებენო და ციხეში, რომ გადაიყვანონ ხომ წარმოგიდგენიათ რას იტყვიან.
მე ივლისში დასავლეთში მომიწია ყოფნა და რამდენიმე უცხოელმა მითხრა : ყველაფერი გვესმის, მაგრამ სააკაშვილს ასე, რომ ტანჯავენ და კლავენ, მოგვკალით, და ეს არ გვესმისო… ახლა მიდი და უხსენი მათ რამე, აზრი არ აქვს.
–ამ ფონზე რა მოლოდინი გაქვთ, კანდიდატის სტატუსს მოგვემენ ?
-ჯერ-ჯერობით, ამის თქმა რთულია, რადგან მე სხვა ინფორმაცია, გარდა ოფიციალურისა, არ მაქვს. ცხადია, საქმეში ჩახედულ რამდენიმე ადამიანს ვკითხე ამის შესახებ, მაგრამ მითხრეს იგივე, რაც კობახიძემ თქვა – 50-50 -ზეო.
აი, ,, ნაცები” რა სცენარს ამუშავებენ, ამაზე ლაპარაკი შემიძლია, რადგან უტყუარი ინფორმაცია მაქვს. როგორც კი საქართველო ამ ყბადაღებული უსამართლობის ფონზე სტატუსს ვერ მიიღებს ( თუ ასე მოხდა ), რომელიც, მე თუ მკითხავთ, რეალურად არაფრის მომცემია ( თურქეთს აქვს 28 წელიწადია და რა ?! ), ,,ნაცების” ხელში იქნება ბერკეტი, რომ ააყირავონ სიტუაცია, შეეცადონ ყოველ შემთხვევაში. რატომ ? ნაცებმა დაინახეს, რომ მათ დაძახილზე ხალხი არ გამოდის. დიდი ფული, რომ დახარჯეს, მაშინაც კი ძლივს გამოიყვანეს 5-7 ათასი კაცი, მეტი ვერა, ისიც 3-5 საათით. ,,ნაცებიდან” ინფორმაციები ჟონავს. ბევრს ვიცნობ, ვინც მათთან ახლოს არის, აი, ეს მათთვის განაჩენი იყო. მეტიც, როცა სააკაშვილი დააპატიმრეს ხინკალთან და არაყთან ერთად და მიიყვანეს ციხეში, გახსოვთ, კაციშვილი არ გაინძრა, ქუჩაში სპონტანურად არავინ გამოვიდა. აი, მაშინ თქვეს ,,ნაცებმა”: ,, მორჩა რა, ხალხი ვაფშე აღარ გამოდის”, ეს მათი ლექსიკაა. სამაგიეროდ დაინახეს, რომ ევროპულ საკითხზე ხალხი სპონტანურად გამოდის.
სქემა როგორია გეტყვით: სააკაშვილის მრწამსი არის შემდეგი : ვინც პროტესტის მეშვეობით შეაღწევს პარლამენტში, დიახ, შევარდება პარლამენტის შენობაში, აი, ის აიღებს ძალაუფლებას ხელში, რადგან ამის შემდეგ მთავრობას გადადგომა მოუწევს, რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება და ა.შ. და ისმის კითხვა, რატომ ? მაგრამ ეს მრწამსი მას 2003 წლიდან, ვარდების რევოლუციიდან მოყოლებული აქვს. სააკაშვილი ხომ შევიდა დარბაზში და ახლაც ეს მრწამსია, რწმენის დონეზე აქვს, აი, ეს არის. ვიმეორებ, სქემა ასეთია, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. სხვათა შორის, მე მგონი, კუბილუსმა თქვა : ,, საქართველოს სტატუსი, რომ მივცეთ, ეს ოპოზიციის სიკვდილი იქნებაო”. ჰოდა, თუ ეს მოახერხეს და ხალხი სპონტანურად გამოვიდა ქუჩაში უნდათ, რომ ამ ტალღას მოაჯდნენ, მოლოტოვის კოქტეილების სროლა, საბურავები, კარვები, პარლამენტში შეღწევა….
სააკაშვილის ანდერძი ყოველთვის გახსოვდეთ : ,,უნდა მოკვდეს ჟურნალისტი ქალი, თანაც უმჯობესია ოსი იყოს”.
მე მარტის თვეში დაძაბული ვუყურებდი ტელევიზიას, სადმე არ გამოჩნდეს ერთი ორი გვამი-მეთქი, ვფიქრობდი, რაც მერაბიშვილის ხელწერაა.
მოკლედ, სქემა ასეთია. ხალხის მასა სჭირდებათ, როგორმე უნდა გამოიყენონ, ბოევიკები ჰყაავთ, პარლამენტში შევარდებიან, ფიქრობენ. ამიტომ ,,სუსის” განცხადება სრული რეალობაა. მარტივი კითხვა ისმის : ამდენი წელი იყო სააკაშვილის პოლიციურ – სადისტური რეჟიმი და ,,USAID” -მა მაშინ, რატომ არ დააფინანსა ,, ოტბორი ” და ,, კანვასი ” ? რატომ, მაინც და მაინც, დღეს ? ახლა რა გჭირს, ცარიელ, სწორ ადგილას გინდა რაღაც ,, ოტპორი “, მომზადება და ტრენინგი ? გასაგებია, რაც ხდება, თუმცა აღმოჩნდა, რომ ,,სუს”-ს გაცილებით მეტი ინფორმაცია აქვს.
დარწმუნებული ვარ, ეს სცენარი არ გამოუვათ, მაშინაც კი, თუ საქართველოს კანდიდატის სტატუსს არ მისცემენ.
ქეთი ხომერიკი