
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა, სიახლეები
პეტრე მამრაძე : დაპირისპირება რეალურია, არანაირი გარიგება, ბიძინას ზურაბიშვილთან კავშირი არ აქვს!
პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლო 16 ოქტომბრამდე გამოაცხადებს, რთულია პროგნოზიის გაკეთება, თუმცა მგონია, რომ სასამართლო საქართველოს კონსტიტუციის დარღვევას დაადგენს”,- ამის შესახებ ,,Geo News” ,,მართვის სტრატეგიული ინსტიტუსტის” ხელმძღვანელმა, ანალიტიკოსმა, პეტრე მამრაძემ განუცხადა.
,,იცით, ორი მოწვევის პარლამენტის წევრი ვიყავი, მუშაობა იმპიჩმენტზეც მომიწია. გახსოვთ, სააკაშვილის იმპიჩმენტის პროცედურა ფორმალურად წამოვიწყვეთ, რადგან მისი ქონება ყოველ წელს მილიონობით იზრდებოდა, წყარო მითითებული არ იყო. თუმცა დღეს სრულიად განსხვავებული და საინტერესო ვითარებაა.
ქალბატონმა სალომემ საქართველოს კონსტიტუცია დემონტრაციულად, შინაარსობრივად გვერდზე გაწია. მთავრობის თანხმობა, რომ საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტით წასულიყო არ ჰქონდა, მაგრამ წავიდა. თუმცა მეორეს მხრივ, კონსტიტუციაში ისეთი ჩანაწერებია, რომ დარღვევის სასამართლო დონეზე დამტკიცება რთული იქნებოდა, თუ ქალბატონი სალომე და მისი ადვოკატები სწორ გზას აირჩევდნენ, რაც არ გააკეთეს. სალომეს ან მის ადვოკატებს, რომ ეთქვათ: კი ბატონო, მთავრობისგან უარი მიიღო, მაგრამ საკუთარი ხარჯებით წავიდა, როგორც კერძო პირიო, მაშინ ეს აურზაური არ იქნებოდა. ვიმეორებ, ეს რომ ეთქვათ, მტკიცებულება იმისა, რომ პრეზიდენტმა საქართველო ხელისუფლების დონეზე წარადგინა, რითაც კონსტიტუცია დაარღვია ფიზიკურად არ იქნებოდა. თუმცა ნაცვლად ამისა ( და კობახიძე მართალია ) ადვოკატებმა ისეთები ილაპარაკეს, რომ ყველაფერი არივ-დარიეს, ყურებს არ ვუჯერებდი. ჩემმა მეგობარმა კონსტიტუციონალისტმა ისიც კი მითხრა – მუსიკა, რომ გესმოდეს ადამიანს და კაკაფონიას, რომ ისმენდე, ზუსტად ეს იყოო.
ამიტომ არ გამიკვირდება, რომ სასამართლომ პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა დაადგინოს. მართალია, შეიძლება იმპიჩმენტისთვის საკმარისი ხმები არ იყოს, მაგრამ ფაქტი, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია ფაქტად დარჩება, ანუ არაფერი შეიცვლება, მხოლოდ იდება ფაქტი, რომ ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია.
დღეს, იმასაც ამბობენ, რომ ეს ბიძინა ივანიშვილისა და სალომე ზურაბიშვილის თამაშია, სალომე ოპოზიციაში მიდისო და ა.შ და ა.შ., მე ამის არ მჯერა. რატომ ? ბატონ ბიძინას ჯერ კიდევ 90 -იანი წლებიდან ვიცნობ და თამამად ვიტყვი, რომ ეს ასე არ არის. ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელიც თავისი მენტალიტეტითა და ცხოვრებისეული ხედვით თამაშებს საერთოდ არ გაეკარება. აი, გახარია ხომ გახსოვთ ? რამდენს ეგონა, რომ ის ბიძინას პროექტი იყო. მეუბნებოდნენ, პეტრე, ხომ იცი გახარია ბიძინას პროექტიაო, მეღიმებოდა. შემდეგ იმდენად ამოუყვანეს ადამიანს ყელში, რომ პირდაპირ თქვა სათქმელი. გახარია ნამდვილი მოღალატე აღმოჩნდა, და ღიად ითქვა ეს. გამოვიდა ივანიშვილი და პირდაპირ თქვა : გახარია არის მოღალატე, მასთან არავითარი კავშირი არ მაქვსო. აი, ზუსტად ასეა ზურაბიშვილის შემთხვევაშიც. დამერწმუნეთ, ბიძინას სალომესთან არავითარი კავშირი არ აქვს.
შექმნის თუ არა ზურაბიშვილი ალიანსს გახარიას პარტიასთან არ ვიცი, მაგრამ ვიცი შემდეგი : სალომე მარტო, როგორც პოლიტიკური ფიგურა ან ლიდერი არ გამოდგება. მას არაერთი მცდელობა ჰქონდა ( მინისტრის პოსტი, რომ დაატოვებინა სააკაშვილმა ), არაფერი გამოუვიდა, სრული კრახი. თუმცა საინტერესოა, რას ემსახურება მისი ნაბიჯები...
ფრანგები სულ მეუბნებოდნენ, სალომე თავნება ადამიანიაო. არ დაგიმალავთ, და ზურაბიშვილს დასავლეთის იმ წრეებში, რომლებთანაც შეხება აქვს, საკმოდ დაბალი რეიტინგი აქვს. ახლა, ცხადია, საფრანგეთში იცნობენ, რადგან საფრანგეთის მოქალაქეა და ფიქრობენ, რომ ის თავდადებულად იბრძვის საქართველოს ევროპაში შესაყვანად. მეტიც, ებრძვის ამ ,,პრორუსულ” ხელისუფლებას, რომელიც აგერ, უკვე იქამდე მივიდა, რომ ამ მებრძოლ ადამიანს პრაქტიკულად იმპიჩმენტი გამოუცხადა.
ვიმეორებ, ,,ქართულ ოცნებასა” და სალომე ზურაბიშვილს შორის პირისპირება რეალურია. ნამდვილად ასეა. პრეზიდენტი გამიზნულად მოქმედებს ასე. დიპლომატია და, ბოლოს და ბოლოს, უნდა ესმოდეს, რომ მისი ნაბიჯები ქვეყნისთვის კრიზისის მომტანია, თუმცა არ აინტერესებს, ამიტომ ვთვლი, რომ ზურაბიშვილს რაღაც აქვს ჩაფიქრებული.
,, Geo News ”





