
პეტრე მამრაძე: ,,ეს რეზოლუცია სამარცხვინოდ დარჩება, როგორც მამხილებელი საბუთი, თუ რა დონის დეგრადაცია და გახრწნა მოხდა ევროპარლამენტში”
ბატონი პეტრე მამრაძე საქართველოს თანამედროვე ისტორიაში იმ განსაკუთრებული მოაზროვნეთა და ღრმა ინტელექტუალთა ელიტარულ კლუბს განეკუთვნება, რომელიც სულ რაღაც ხუთიოდე ექსტრა კლასის ექსპერტს მოითვლის, ვისაც, არა მარტო, ყოვლისმომცველი საექსპერტო სიღრმისეული ცოდნა გააჩნია, არამედ ცხოვრებისეულმა ორომტრიალმა სახელისუფლებო მანქანის ყველაზე საპასუხისმგებლო საჭესთან დგომაც არგუნა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება შეუფასებელია და, რა თქმა უნდა, დასაფასებელიც, რაც, დარწმუნებული ვართ, ჩვენი მკითხველისთვის ერთობ საინტერესო და მიმზიდველი ფაქტორი გახლავთ, ასე რომ, წინ საინტერესო და გამორჩეული საექსპერტო შეფასება გელოდებათ.
,,GEO NEWS” საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრს, ,,მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის ხელმძღვანელის”, ,,ნეიტრალური საქართველოს” წევრს, ანალიტიკოსს პეტრე მამრაძეს ესაუბრა.
–ბატონო პეტრე, როგორ შეაფასებდით ევროპარლამენტის რეზოლუციას საქართველოსთან დაკავშირებით, რომელიც ევროპარლამენტმა გუშინ მიიღო ?
-ამ თვალსაზრისით შემიძლია გითხრათ, რომ რეზოლუციამ ყოველგვარ ნეგატიურ მოლოდინს გადააჭარბა. საოცარია და მგონი, ,,ნაციონალური მოძრაობისთვის”, რომ ეთქვათ თავად დაწერე და ჩვენ ხელს მოვაწერთო, ამ შემთხვევაშიც კი, არ იქნებოდა ასეთი სამარცხვინო.
საგულისხმოა, რომ სისტემად ქცეული წამების ფაქტებზე, რომელსაც ხალხმა წითელი პარასკევი დაარქვა, რადგანაც ციხეში კარანტინის დაშლა პარასკევს ხდებოდა და ამ დროს სცემდნენ ყველას, ამაზე არავითარი რეაქცია ევროპარლამენტიდან არ იყო.
როდესაც სააკაშვილმა საქართველოს ყველა ღირებული რესურსები რუსეთს და მასთან დაკავშირებულ პირებს გადაუფორმა, ამ შემთხვევაშიც არ ყოფილა ევროპარლამენტიდან რეაგირება, თითქოს უტიფრად გვეუბნებოდნენ, რომ მთავარია სააკაშვილმა შექმნას ე.წ. ,,კარტინკა” კეთილდღეობისა და ყველაფერ დანარჩენს თავად ევროპელები მიხედავენ, ყველაფერს გაუპრავებდნენ.
არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რომ ჩვენს ქვეყანაში ეს რეზოლუცია რაიმე ხარისხის სერიოზულობით იქნას აღქმული, რადგან სრულიად წარმოუდგენელია სერიოზულობის რაიმე დონე იყოს გამოყენებული იმ დოკუმენტთან მიმართებაში, რომლის ერთადერთი მიზანი საქართველოში კანონიერი ხელისუფლების დამხობა და ქვეყანაში მოძალადეების ხელისუფლებაში დაბრუნებაა.
–ანუ, აღქმები მთავარია არა, ბატონო პეტრე ? და თუ ეს აღქმები ფაქტებით არაა გამყარებული, მით უარესი ფაქტებისთვის, ასეთია მათი ლოგიკა ?
-რა თქმა უნდა, უმტკიცე ევროპელებს, რომ ეს ქნა სააკაშვილმა, ის ქნა სააკაშვილმა და მერე რა, ასე არ აღიქვამდნენ და მორჩა.
ახლა რა ხდება ? ძალიან ბევრ ქვეყანას ვუსწრებთ განვითარებით, გინდა ეკონომიკური მაჩვენებლით, გნებავთ სხვა მხრივ და რა ხდება ? ახლა მოდის ეს რეზოლუციები ? ეს არის აბუჩად აგდება, ეს არის სრული დისკრედიტაცია ევროპარლამენტისა.
იმის შემდეგ, რაც პოლიციელებს პირდაპირი დამიზნებით ნასროლი „მოლოტოვებით“ წვავდნენ, ახლა მოდის ეს სანქციები და რეზოლუციები ?
აქ მაკკეინის ინსტიტუტი წერდა – გამაოგნებელია, რომ არავინ დაღუპულა, რადგან მსგავსს მდგომარეობაში გერმანიაში არაერთი ადამიანი დაიღუპა, მაგრამ აქ პოლიციას ჰქონდა მკაცრი მითითება, რომ ადამიანების სიცოცხლეს განსაკუთრებით გაფრთხილებოდნენ.
ასე რომ, სიტყვები არ მყოფნის, მე არ ვარ ემოციებს ამყოლი ადამიანი, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს რეზოლუცია სამარცხვინოდ დარჩება, როგორც მამხილებელი საბუთი, თუ რა დონის დეგრადაცია და გახრწნა მოხდა ევროპარლამენტში.
–ბატონო პეტრე, როგორ ფიქრობთ ამ რეზოლუციის მიღებით რას ცდილობენ ? რა მიზანი აქვთ, ხელისუფლების ჩამოშლა სურთ ?
-რა თქმა უნდა, ეს არის ნაწილი იმ გეგმისა, რომლის განხორციელებაც წლების წინ დაიწყეს. აი, მაგალითისათვის, გაიხსენეთ ე.წ. შარლ მიშელის სახელობის ხელშეკრულება, სადაც ეწერა, რომ თუ ,,ქართული ოცნება” 43% -ზე ნაკლებს აიღებდა, ხელისუფლება უნდა დაეთმო და ეს მაშინ, როდესაც ამგვარი რამ პირდაპირ წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან.
ეს რას ნიშნავს ? რეფორმების გატარების პროცესში შესაძლებელია ხელისუფლების რეიტინგი დაეცეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს ხელისუფლების დათმობის იძულება მოუწყო სუვერენული სახელმწიფოს ხელისუფლებას. ეს დოკუმენტიც ასევე დარჩა სამარცხვინო საბუთად.
-ფაქტობრივად, ბატონო პეტრე, ისე გამოდის, რომ გვთხოვენ ჩვენი სუვერენიტეტი გვერდზე გადავდოთ და მათი ხუშტურებით ვცვალოთ ლეგიტიმური ხელისუფლებები საქართველოში ?
–მე მეტსაც გეტყვით, მათთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო, რაც პრემიერმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ჩვენ, ჩვენის მხრიდან აღარ გამოვიჩენდით ინიციატივას ევროკავშირში გაწევრიანებაზე, თუმცა თუ ევროკავშირი გადაწყვეტს, რომ ჩვენ უნდა მიგვიღონ, კობახიძემ მახსოვს ხელიც კი აღმართა, რომ ეთქვა, ამ ხელით მოვაწერ ხელს გაწევრიანებასო. ჩვენ ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ შანტაჟის ინსტრუმენტად იქნა ქცეული მთლიანად გაწევრიანების პროცესი, რითაც ხელოვნურად ხდება ამ ,,ვაი” ოპოზიციის მეტ-ნაკლებად გაცოცხლება. ამაზე და არა მარტო ძალზედ გაღიზიანდნენ ევროპული მემარცხენე პროგრესული ელიტები – ,,ლგბტ”-ე პროპაგანდის შეზღუდვამ საქართველოში თავისი როლი ითამაშა, ეს მათთვის სრულიად მიუღებელია. ისინი, როგორც საკრალურ საკითხს, ისე უყურებენ ამ საკითხს, ანუ საქართველომ ეს კანონი შემოიტანა, ე.ი. ეს უკვე ზღვარია.
ამიტომაც მინდა ჩემს ერს ვუთხრა, რომ ახლა არის ის დრო, როდესაც ერთად უნდა დავდგეთ „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის გვერდით მტკიცედ და ურყევად.
მტერმაც და მოყვარემაც ზუსტად უნდა გააცნობიეროს, რომ საქართველოს სუვერენიტეტი და ტრადიციული ცხოვრების წესი მარადიული ფასეულობაა და ის არაფერში იცვლება.
ირაკლი კერესელიძე
,,GEO NEWS”