
პოეტ დათო ქაქუთიას ( ერნესის ) ახალი ლექსები
,, Geo News”-ის სტუმარია დათო ქაქუთია – პოეზიაში ფსევდონიმით ერნესი. ლექსებს ბავშვობიდან წერს, თუმცა ამბობს რომ უბრალო ლექსებს წერს და ძირითადად სიყვარულზე. პროფესიით ჟურნალისტი. მუშაობდა მედიაში დიდი ხანი სხვადახვა პოზიციაზე. ამჟამად თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის გამომცემლობაში მუშაობს უფროს სპეციალისტად.
1 ვერ შემიყვარებ
ვერ შემიყვარებ,
ვჩურჩულებ ეჭვით და
ღია ფანჯრებს ვაყოლებ მზერას,
ამდენ პოეტში,
და ამდენ ლექსში,
ასე მგონია ჩემი არ გჯერა,
ჩემო ძვირფასო მე და შენ თითქოს,
მე და შენ თითქოს,
ახლოს ვართ ღმერთთან,
და მოკძალებით გთხოვ
მოუსმინო,
ზეციურ გულის
მიწიერ ფეთქვას…
2 ისე უბრალოდ
მე ვერ შევძელი,
იქნებ, არც ვცადე,
ჩემი ფიქრების სივრცე უარვყო.
მოვალ შენამდე,
სუნთქვას შეგახებ
და მდუმარებას ვაქცევ უდაბნოდ.
მე ხომ მთვარესაც უნდა ვუამბო,
რომ პოეზია ჩემთვის
შენა ხარ,
მე ვერ შევძელი,
იქნებ, არც ვცადე,
ლექსების მიღმა,
ისე, უბრალოდ,
ისე, უბრალოდ
ერთხელ მენახე.
3 ***
ტირიფების ატირება თოვლის ხმაზე,
კოლხი ქალის სევდიანი იავნანა
და კოცონი დანთებული სოფლის გზაზე,
თეთრმა ღამემ ჩემს ცხოვრებას მიამგვანა.
4 შენ მოხვალ
შენ მოხვალ ჩემთან აპრილის ფეთქვად,
ვგრძნობ და არ ვიცი მე როგორ დაგხვდე,
მზე ჩამოდნება ყვავილთა ლექსად
და გარიჟრაჟი გულისთქმას დახევს.
დახევს და დაყრის კვირტების კრებად,
მე იმედი მაქვს, შენ მიმიხვდები,
და თუ სიტყვები სდუმდნენ სიზმრებად,
შემოგაგებებ მათ წვიმის ხმებით.
საოცარია, მე ისევ ლექსს ვწერ,
გრძნობა პირობის დაცვას არ მაცლის,
ამ გაზაფხულზეც ჩემს თავს დავეძებ,
მიტოვებულს და ძლიერ გადაღლილს.
შენ მოხვალ ჩემთან აპრილის ფეთქვად,
ვგრძნობ და არ ვიცი მე როგორ დაგხვდე,
მზე ჩამოდნება ყვავილთა ლექსად
და გარიჟრაჟი გულისთქმას დახევს…
5 რევოლვერი
რევოლვერი, რომელიც ვერ გავისროლე,
დევს ჩემს უძველეს მაგიდაზე.
ფანჯარა, რომელიც ვერ მივხურე,
შეშლილ სიზმარში დავინახე.
ქუჩა, რომელიც ვერ შევიყვარე,
თავჩაღუნულმა ჩავიარე…
ნიღაბი, რომელიც ყველას ჩამოვხსენი,
ახლოს, სანაგვეზე გადავაგდე.
ლექსი, რომელიც ვერ დავასრულე,
უძველეს მაგიდას ნივთად დავამატე..
6 არ შეგიძლია
გეძებე დიდხანს, სად დამეკარგე,
მე ხომ უშენოდ ჩემს თავს ვუკვდები,
და ახლა მარტო, როგორც მენავე,
შენს ფიქრთა ტალღებს კვლავ ვეურჩები.
არ შეგიძლია, შენ ხელი გამკრა,
მხოლოდ იმიტომ, რომ არ გიყვარვარ,
არ შეგიძლია, პოეტის გარდა,
სხვას მოეფერო ვნების წვიმასთან.
ვერც ვერაფერი უშველის სიტყვებს,
თუ სევდის ქარმა გადაიარა,
იქნებ, შენ მაინც, შენ მაინც მიხვდე,
პოეტს რომ ღმერთი ურჩენს იარას.
,,Geo News”




