
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
პოლონეთის პრეზიდენტობის კანდიდატი კაროლ ნავროცკი – მაინც გავიმარჯვებთ ამ არჩევნებში, არ დავუშვებთ, რომ დონალდ ტუსკის ძალაუფლება ყოვლისმომცველი იყოს
მაინც გავიმარჯვებთ ამ არჩევნებში, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა, კაროლ ნავროცკიმ ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, რომლის მიხედვითაც, არჩევნების მეორე ტურში მინიმალური უპირატესობით მმართველი პარტიის კანდიდატი, ვარშავის მერი რაფალ ტშასკოვსკი იმარჯვებს.
ეგზიტპოლის შედეგებით, ვაშავის მერს, რაფალ ტშასკოვსკის ხმათა 50,3 პროცენტი აქვს, ხოლო კაროლ ნავროცკის, რომელსაც მხარს უჭერს მემარჯვენე-კონსერვატიული პარტია „კანონი და სამართლიანობა“, 49,7 პროცენტი.
კაროლ ნავროცკიმ , რომელიც დონალდ ტრამპისა და მისი მოძრაობის „გავხადოთ ამერიკა კვლავ დიადი“ მხარდამჭერია, განაცხადა, რომ ტშასკოვსკის გამარჯვების გამოცხადება ჯერ კიდევ ადრეა.
„გავიმარჯვებთ და გადავარჩენთ პოლონეთს. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ დონალდ ტუსკის ძალაუფლება ყოვლისმომცველი იყოს. ძალაუფლების მონოპოლია, ბოროტი ძალა, რომელიც სახელმწიფო ფულზე არ ზრუნავს, მთავრობა, რომელიც ჩვენს დიდ ოცნებებს და მისწრაფებებს გვართმევს – ამ მონოპოლიის არარსებობისთვის ჩვენ დღეს საღამოს უნდა გავიმარჯვოთ. ყველამ ვიცით, რომ ეს მოხდება. ეს უნიკალური არჩევნებია, ერთადერთი ასეთი 1989 წლის შემდეგ და ამიტომ მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო. გულწრფელად მინდა, მადლობა გავუხადო პოლონეთის მოქალაქეებს. ჩემო ძვირფასებო, დღევანდელი საღამოსთვის იმედს ნუ დაკარგავთ. ჩვენ მართლაც გავიმარჯვებთ ამ არჩევნებში, განსხვავება იმდენად მცირეა, ძალიან მინიმალური“, – განაცხადა კაროლ ნავროცკიმ მხარდამჭარებთან მიმართვისას.




