
პროექტის – ,,აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა” ფარგლებში თევზაობის ფესტივალი გაიმართა
,,საქართველოს ახალგაზრდული მედია კავშირის” ორგანიზებით და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით, პალიასტომის ტბაზე გაიმართა თევზაობის ფესტივალი, რომელმაც ინკლუზიური დატვირთვა შეიძინა. პროექტი მიზნად ისახავდა სოციალურად აქტიური და მხარდაჭერის საჭიროების მქონე ჯგუფების გაერთიანებას, დასვენებასა და ერთობლივი გამოცდილების შეძენას.
ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენლებმა: ომის ვეტერანებმა, საერთაშორისო-სამშვიდობო მისიებში დაჭრილ-დაშავებულმა ჯარისკაცებმა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა, ონკოსაზოგადოების წარმომადგენლებმა.
მონაწილეებს საშუალება მიეცათ, ენახათ ერთმანეთი არაფორმალურ გარემოში და მიეღოთ მონაწილეობა როგორც თევზაობის შეჯიბრში, ასევე, გასართობ ღონისძიებებში. დღის განმავლობაში, მათთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ბორანით გასეირნება პალიასტომის ტბაზე, რამაც მონაწილეებს დასვენებისა და ბუნებასთან სიახლოვის უნიკალური გამოცდილება შესძინა.
ღონისძიების წარმატებით ჩატარებას ხელი შეუწყო სოციალური პასუხისმგებლობის მაღალი დონის მქონე კომპანიებმა. პროექტის გენერალური სპონსორია – “აჭარაბეთი”, ხოლო სპონსორი – “სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი”გახლავთ.
პროექტი უწყობს გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის 30-ე მუხლის იმპლემენტაციას. მისი მიზანია, საქართველოს მასშტაბით, კონვენციის იმპლემენტაციის აღსრულების ხელშეწყობა და შშმ პირთა საზოგადოებაში თანაბარუფლებრივი მდგომარეობის დამკვიდრება.





