
ჟურნალისტიკა არ არის მომსახურების სფერო, ეს პროფესია საფუძვლიან ცოდნას და განათლებას მოითხოვს
ანალიტიკური აზროვნება, პუბლიცისტიკა, კერძოდ, ქართული პუბლიცისტიკა ჩემთვის განსაკუთრებული თემაა.
ქართველებს წილად გვხვდა ბედნიერება, ვიყოთ ვაჟა-ფშაველას, ილიას, სოლომონ დოდაშვილის, ნიკო ნიკოლაძის, დიმიტრი ყიფიანის და ბევრი სხვა საზოგადო მოღვაწის მრავლისმომცველი პუბლიცისტიკის მემკვიდრეები.
გული მწყდება, რომ დღეს ამ პუბლიცისტიკას და წერილებს საერთოდ არ იცნობენ, ან ნაკლებ დროს უთმობენ მომქმედი ჟურნალისტები, არადა, აქ არის პასუხი ყველა კითხვაზე, რაც კი შეიძლება დღეს დაისვას. ეს ზღვა მასალა განვითარებისთვის ჰაერივით სჭირდება ქართულ საზოგადოებას და სახელმწიფოს.
ხშირად მეკითხებიან რა არის დღევანდელ ქართული ჟურნალისტიკის ნაკლიო.
ჩემი აზრით, მთავარ ნაკლად ისევ და ისევ ანალიტიკური აზროვნების დეფიციტი რჩება.
კარგია, ფინანსურად ძლიერი მედია ჰოლდინგების არსებობა და მომრავლება, მაგრამ მედია ომს და რეიტინგებს არ უნდა შეეწიროს ობიექტური რეალობა, საზოგადოების პრობლემა და ხალხის აზრი, რაც, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში სახეზეა. პროფესიონალი ჟურნალისტი, რომელიც სიღრმისეულად განიხილავს და სისხლხორცეულად იცნობს ამა თუ იმ დარგს, იმავდროულად, საუკეთესო ანალიტიკოსიცაა.
სამწუხაროდ, დღეს ქართული ჟურნალისტიკა აშკარად განიცდის ამის მწვავე დეფიციტს. აუცილებელია დარგობრივი ჟურნალისტიკის განვითარება. საბედნიეროდ, ჩვენ რეალობაში ამ თემით სიღრმისეულად დაინტერესებული, განათლებული ჟურნალისტების თაობაც არსებობს, რომელთაც უყვართ და პატივს სცემენ ამ პროფესიას.
ერთ-ერთ პატარა ტელეკომპანიაში საავტორო გადაცემაც კი მქონდა სახელწოდებით „საუბრები ჟურნალისტიკაზე“, რომელშიც ვცდილობდით ამ პრობლემაზე ღიად საუბარს.
ჟურნალისტიკა არ არის მომსახურების სფერო, ( როგორსაც გვატენიან ) ეს პროფესია საფუძვლიან ცოდნას და განათლებას მოითხოვს.
დათო ქაქუთია





