
- By Keti Khomeriki
- In ინტერვიუ, პოლიტიკა, სიახლეები
რამაზ საყვარელიძე : რაღაც საეჭვოდ გროვდება ღრუბლები საქართველოზე თავზე, ფრთხილად, ქართველებო!!!
თვლის, რომ საეჭვოდ გროვდება ღრუბლები საქართველოს თავზე, საზოგადოებას შორსმჭვრეტელობის გამოჩენასა და წინდახედულობას ურჩევს, ხელისუფლებას კი მტერზე გამარჯვებას უსურვებს. ,, Geo News” პოლიტოლოგ, რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.
-,,სუს”-ის განცხადებით, „ოტპორის“ ყოფილი წევრების, რომლებიც სერბეთში წარმოადგენდნენ ქართული ორგანიზაციის, „კმარას“ ანალოგს ვიზიტის რეალური დანიშნულება ახალგაზრდებსა და გავლენიან არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაციის დამყარება და ტრენინგების ჩატარება იყო, რომლებიც საქართველოში მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში დაგეგმილი დესტრუქციული მოქმედებებისა და კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ბირთვი უნდა გახდნენ, გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულონ ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის პროცესების მომზადებაში, სახელმწიფო გადატრიალება მზადდება თუ რა ხდება, ბატონო რამაზ ?
-იცით, მე ჩემს ბიოგრაფიაში უკვე მეორედ ვაწყდები იმ ჯგუფებს, რომლებიც სერბებთან გადიოდნენ ტრენინგს. დიახ, პირველად ეს 2003 წელს იყო. ,,კმარა” მათი დატრენინგებული იყო. გადატრიალებას დავარქმევთ, თუ რევოლუციას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, რაც მოხდა კი გახსოვთ. სხავთა შორის, სააკაშვილს არ ეშლება ეს… ე.წ. ,,ვარდების რევოლუციას” სახელმწიფო გადატრიალება, რომ არ დარქმეოდა სასწრაფოდ რევოლუცია დაარქვა, თანაც ვარდების, მაგრამ ხელისუფლება შეიცვალა. ხელისუფლების ცვლილებას დღესაც რევოლუციას ეძახიან, თვითონ ნაციონალებიც. მაშინ ხელისუფლების შეცვლაში ლომის წილი სხვა ქვეყნებმა ითამაშეს. ამაზე ამერიკის ელჩი, მაილსი ზრუნავდა და შევარდნაძის მინისტრთა კაბინეტი. ყველაფერი გააკეთეს, რომ შევარდნაძესთვის მისი კაბინეტის მინისტრებს ზურგი ექციათ, ეგრეც მოხდა. მაშინ სწორედ ,,კმარა”, ეგ ახალგაზრდული ჯგუფი წაიყვანეს, დაატრენინგეს, რათა აქ მწყობრად და ენერგიულად ემუშავათ, და მოხდა ის, რაც მოხდა. აღარ ვსაუბრობ ფინანსებზე, სოროსის ფონდზე და ა.შ.
–ფიქრობთ, ისტორია მეორდება ? სააკაშვილის თანამოაზრეები უცხო ქვეყნების კოორდინაციითა და ფინანსური მხარდაჭერით სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას მართლაც გეგმავენ ?
-დანამდვილებით ვერაფერს ვიტყვი, თუმცა 2003 წლის გამოცდილების ფონზე, ეს ეჭვი უნდა გვქონდეს. დიახ, არ არის გამორიცხული, რომ გარე ძალები ახლაც იყვნენ ჩართულნი. თან ეს მაშინ, როდესაც 2003 წელს მათ გადააგდეს ის ადამიანი, რომელმაც დასავლეთს უამრავი რამ გაუკეთა. აი, მათ ის ადამიანი გადააგდეს და დღეს რატომ არის გამორიცხული, რომ კიდევ უფრო უარესი იდეები გაუჩნდეთ ? ნამდვილად არ გამოვრიცხავ, რომ მათი სურვილი ხელისუფლების შეცვლა იყოს. ახლა კი იყრუებენ ყურებს და იბრმავებენ თვალებს, როდის ვამბობდით, რომ საქართველოს მეორე ფრონტი გაეხსნაო. და ისევ და ისევ, ოპოზიციის მხარეს ასხამენ წყალს, როცა იძახიან, რომ მეორე ფრონტი არავის უნდოდა, რა სისულელეა, ვინ ამბობდა ამასო. მაგრამ ამ დროს საქართველოს მოსახლეობას ხომ ახსოვს, რომ მეორე ფრონტზე ლაპარაკი უკრაინელების მხრიდან იყო. სხვათა შორის, ახლაც არ არიან უარზე. ჰოდა, უკრაინელებს კი ანგარიშს დასავლეთი უწევს. ე.ი. რა გამოდის ? ერთი სიტყვით, ყველაფერი ნათელია.
დასავლეთის ასეთი გვერდში დგომა უპრეცედენტოა ისტორიისთვის. ჰოდა, ასეთ მოთხოვნას უკრაინა მათთან შეუთანხმებლად ( გაიხნას მეორე ფრონტიო) წააყენებდა ? არა. და დასავლეთი არ ეცდებოდა ან არ ცდილობს, რომ გაიხსნას მეორე ფრონტი ? ყველაფერი ზედაპირზეა.
–ხელისუფლება დასავლეთის ზეწოლის ქვეშ იმყოფება ?
-ვფიქრობ, ზეწოლა არსებობს. მაილსის მაგალითს, თუ გადმოვიტანთ წინა ელჩზე, დეგნანზე, კაბიანი მაილსი იყო, გნებავთ, წვერგაპარსული, რომელი ვარიანტიც გირჩევნიათ. ახლა იტყვიან, როგორ შეიძლება ჩვენს პარტნიორზე ეგ თქვაო, ან ეგრე მოიხსენიოო… და ჩვენი პარტნიორი არ იყო ამერიკა, მაშინ, როცა შევარდნაძე გადააყირავა ? თან ძალიან კარგი პარტნიორი იყო. უბრალოდ, ამერიკას მაშინ სხვა გეგმა ჰქონდა. ბუშის გეგმა იყო, რომ ხავერდოვანი რევოლუციებით მისულიყო ავღანეთთან.
–თქვენი აზრით, ახლა რა გეგმა აქვს აშშ-ს ? რას ედავება ,, ქართულ ოცნებას” , მეორე ფრონტი, რომ არ გაიხსნა, რატომ უნდათ ხელისუფლების შეცვლა ?
-მე მგონი, აშშ-ს რეალურად ჩვენთან სხვა პრეტენზიები აქვს. მოდით, მომიზეზებული პრეტენზიები და მიზეზები ერთმანეთისგან განვასხვავოთ, ანუ საბაბი და მიზეზი. საბაბი ბევრი რამ შეიძლება იყოს და თვითონაც ხშირად იძახიან, რომ აი, თქვენ სანქციებს იცავთო, მაშინ რა გინდათ ხომ ? მაგრამ რეალური მიზეზი მე მგონი, ის არის, რომ მათ სააკაშვილის ჯგუფის ხელისუფლებაში მოყვანა უნდათ.
–ხალხი ამას დაუშვებს ? და თუ ასეა, როგორ განვითარდება ქვეყანაში პროცესები ?
-პირდაპირ გეტყვით, ზოგადი სურათი საკმაოდ სერიოზულია. მოდით, პანიკა ცოტათი გვერდით გადავდოთ და ვიმსჯელოთ. ხანდახან ექიმი პაციენტს პირიქით პანიკას უზრდის, აშინებს, რომ პაციენტმა წამალი მიიღოს და კარგად გახდეს ხომ ? ასე რომ, შიში ყოველთვის ცუდი არ არის. შიშმა შეიძლება სიფრთხილე გადადოს, სიფრთხილე კი საჭირო რამ არის.
პირდაპირ გეტყვით, ვფიქრობ, დღეს საქართველოში რევოლუცია რუსეთსაც სჭირდება. რატომ ? დაგეგმილი მსოფლიო სანქციების გამო. რუსეთს მთელ ტერიტორიაზე სანქციები დაადეს, ტრანზიტი, რომ გავიდეს არ შეიძლება. არადა, ჩინეთიდან რუსეთზე გადიოდა ტრანზიტი. ახლა კი დაგეგმილია, რომ ეს სატრანზიტო გზა კავკასიაზე გადმოვიდეს – საქართველო და აზერბაიჯანი. დაახლოებით ხვდებით ალბათ რა თანხებზეა საუბარი. ნებისმიერი წვრილმანი, რომ იყიდო ჩინეთში გაკეთებულიაო, აწერია. და ახლა მთელი ეს პროდუქცია ჩინეთმა უნდა გადაიტანოს ევროპაში, რომ ევროპის ბაზარზე გასაღდეს. აი, ეს ტრანზიტი უნდა გავიდეს საქართველოზე. რუსეთისთვის სასურველია ამ ტრანზიტის ჩაშლა. თუ მოხერხდა ტრანზიტის ჩაშლა ხომ კარგი, თუ არადა, შეიძლება რუსეთმა დააყენოს საკითხი, რომ ამხელა საქონელს ხომ ვერ გავაჩერებთ, ევროპა დაიღუპება, ამიტომ მომიხსენით ან შემირბილეთ სანქციები და მე გავატარებ რუსულ ტვირთსო. უამრავ რამეზე აქვს მასაც, რუსეთს შერბილებული პირობები ხომ, რაც ევროპასა და დასავლეთს სჭირდება. ხედავთ, ნავთობსაც ყიდის და ა.შ. ჰოდა, თუკი, ეს მდგომარეობა შექმნა რუსეთმა, მაშინ მან შეიძლება ეს სატრანზიტო ხაზი დაიბრუნოს. როგორ უნდა ჩაიშალოს პროექტი ? ერთ-ერთი ვარიანტია, რომ რუსეთმა შეიძლება დაქოქოს ტანკი და წამოვიდეს თბილისისკენ, აქვეა, ახლოს ხომ იცით, მაგრამ ეს, რომ გააკეთოს, მაშინ მან პასუხი უნდა გასცეს ჩინეთს, რადგან ამ ტრანზიტით ჩინეთი არის დაინტერესებული. და ჩინეთი უკვე სახუმარო ქვეყანა არ არის. 20 მილიონი ჩინელია რუსეთში, რაზედაც რუსი ხმას ვერ ირებს, არალეგალურად არიან შესული, რუსი კი ჩუმად არის.
–ანუ საქართველოს ბედი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ მოილაპარაკებენ ეს ქვეყნები ?
-არა მხოლოდ. ჰოდა, გავმეორდები, რუსეთი ჩუმად არის. ე.ი. ჩინეთის ეშინია. ამიტომ მას აწყობს, რომ თვითონ არ გამოჩნდეს, მაგრამ შიგნით გადატრიალება მოაწყოს. ასე რომ, ნამდვილად ცუდად გვაქვს საქმე.
– და დასავლეთსაც აწყობს მთავრობის სხვა პოლიტიკური ძალით ჩანაცვლება და ამაზე შეთანხმდებიან ?
-დიახ, დასავლეთთან შეთანხმება რუსეთს შესაძლებელია აწყობდეს, რადგან ამერიკისთვის ჩინეთი კონკურენტია.
–და რა უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ, რომ ქვეყანას საფრთხე აარიდოს ? რა არის გამოსვალი, თანაც კანდიდატის სტატუსი თუ არ მოგვცეს…
-რთული ამოცანა დაგიხატეთ ხომ ? სამწუხაროდ, ეს რეალობაა.
ხელისუფლებამ არ ვიცი რა უნდა გააკეთოს, მაგრამ ხალხმა რა უნდა გააკეთოს, ეს ზუსტად ვიცი. ხალხმა დესტაბილიზაცია არ უნდა დაუშვას. ახლა ამ პირობებში ყველაზე მეტი რამ დამოკიდებული სწორედ ხალხზეა. და გაიგეთ, რომ არავის სჭირდება ეს კანდიდატის სტატუსი! ამ ძალებს საზოგადოების შეცდომებზე, მოტყუებასა და ემოციებზე აქვთ თავის გეგმები გათვლილი და სიტუაცია მიჰყავთ იქამდე, რომ არ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი , რათა ხალხი გარეთ გამოვიდეს. და თუ შეატყვეთ, ბორელსაც არ ჰქონდა ომახიანი ინტონაცია, 12 პუნქტს მოუარეთო, რომ გვითხრა. ,, მიგიღებთ და კარი ყოველთვის ღია იქნებაო”, განაცხადა, თორემ გინდა თუ არა მიგიღებთო, არ უთქვამს.
ასე რომ, რაღაც საეჭვოდ გროვდება ღრუბლები საქართველოს თავზე. არც 2003 წლის რევოლუცია მოხდებოდა ხალხს, რომ მეტი შორსმჭვრეტელობა და გონიერება გამოეჩინა. ვიმეორებ, დღეს ხალხზე მიდის მუშაობა, რომ ქუჩაში გამოიყვანონ. და ხელისუფლებამ რა უნდა ქნას, თუკი, ათასობით ადამიანი გამოვა რუსთაველზე ?
–თქვენ რას ურჩევთ ხელისუფლებას ?
-ბრძოლაში, რომ შედიხარ, თუ ჩათვლი, რომ მტერი არაფერს წარმოადგენს, წააგებ. თუ ჩათვლი, რომ მტერი ძალიან ძლიერია, მაინც წააგებ. აი, თუ ჩათვლი, რომ მტერი ძლიერი შეიძლება კი არის, მაგრამ შენ თუ იბრძოლებ, გამარჯვებას მოიპოვებ, მაშინ გაიმარჯვებ. და ჩვენც უნდა ვიცოდეთ, რომ საბოლოოდ მთელი შეთქმულების თეორიები დაინგრევა, თუკი მოსახლეობა იდგება ერთის მხრივ, მშვიდობისა და მეორეს მხრივ, საქართველოს მომავალი ეკონომიკური და პოლიტიკური პერსპექტივების სადარაჯოზე. და მთავარი : თუკი მოსახლეობას გაცნობიერებული ექნება, რომ აქ არეულობა არის რუსეთის სამსახურში ყოფნა.
ქეთი ხომერიკი





