
რა იქნება კრემლის შემდეგი ნაბიჯები ?
რუსეთის ფედერაციის მხრიდან კეთილგანწყობილი ნაბიჯების მიმართულება ძლიერდება – რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც საქართველოს მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლისა და გასვლის პროცედურა გაამარტივა.
დოკუმენტის თანახმად, რუსეთის ფედერაციაში შესვლის უვიზო რეჟიმი ამიერიდან ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებიც ჩადიან „რუსეთის ფედერაციაში სამუშაო საქმიანობის განსახორციელებლად ან 90 დღეზე მეტი ვადით დროებითი ყოფნისთვის, მათ შორის განათლების მიღების მიზნით. მანამდე, საქართველოს ამ კატეგორიის მოქალაქეებს არ ჰქონდათ რუსეთში შესვლის ან რუსეთის ფედერაციის დატოვების უფლება ვიზის გარეშე.
აღნიშნული დადგენილება ძალაში ხელმოწერის დღიდან – 10 ოქტომბრიდან შედის.
მკითხველს შევახსენებთ, რომ აღნიშნული ცვლილებები შედის განკარგულებაში, რომელიც 2023 წლის გაზაფხულზე გამოქვეყნდა, როდესაც რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა.
რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებით შეტანილი ცვლილებები ეროვნული პლატფორმის პოლიტიკოსმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ პოზიტიურად შეაფასა.
დიმიტრი ლორთქიფანიძე: დოკუმენტს დღეს მოეწერა ხელი. სრული და ყოვლისმომცველი უვიზო რეჟიმი რუსეთის ფედერაციასთან. მათ შორის გულისხმობს ამნისტიას საქართველოს ყველა იმ მოქალაქის მიმართ, რომელიც 2006-07 წლებში გამოძევებული იქნა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან და დღემდე ვეღარ ბრუნდებოდა უკან.
მისივე აზრით, ჰუმანიტარული ურთიერთობების კონტექსტში უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა, რაც ხელს შეუწყობს მხარეებს შორის გადატვირთვას დიპლომატიურ და პოლიტიკურ ასპარეზზე.
,,GEO NEWS” დადებითად აფასებს აღნიშნულ ცვლილებას, რასაც კეთილისმყოფელი გავლენა ექნება საქართველოს მოქალაქეთა ფართო ფენების პერსპექტივების ზრდაზე, მათ შორის სასწავლო პროგრამების დივერსიფიცირებაზე, ისევე როგორც შრომითი დასაქმების და საქართველოს მოქალაქეების მიერ დოვლათის გენერირებაზე, რაც ქართული ბიუჯეტის და ეკონომიკური ზრდის საერთო კოეფიციენტზე მხოლოდ პოზიტიურად აისახება.
ჩვენი შეფასებით ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით არავითარი პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს ამ ცვლილებების განხორციელების თარიღს და ამის არჩევნების პროცესთან დაკავშირებას, რამეთუ გადაწყვეტილების ერთმნიშვნელოვნად ბენეფიტური ხასიათი არავითარ კავშირში არ არის პოლიტიკურ დღის წესრიგთან. მომხდარი ადასტურებს იმ ზოგადი პოზიტიური მიმართულების მდგრადობას, რაც ბოლო პერიოდში რუსეთის ფედერაციის მხრიდან იგრძნობა და დასტურდება რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების პირების საჯარო პოლიტიკური განცხადებებით.
გვგონია რომ არც დასავლური ვექტორის ჩვენი ,,მეგობარი” და ,,პარტნიორი” ქვეყნები სურვილის შემთხვევაში არ არიან შეზღუდულნი მსგავსი კეთილგანწყობილი ნაბიჯები გაიმეორონ.
ქეთი ხომერიკი





