
რა შედეგს დადებს დროებითი საგამოძიებო კომისია და რა ნაბიჯები გადაიდგმება სამშვიდობო პოლიტიკით აფხაზებთან და ოსებთან სიტუაციის დარეგულირების მიზნით ?
დღევანდელი ჩვენი რესპონდენტი საქართველოს პარლამენტის წევრი, ,,ხალხის ძალის” წარმომადგენელი, ბატონი გურამ მაჭარაშვილია, რომელიც დღევანდელობის აქტუალურ საკითხებზე გვესაუბრება და ღრმად აანალიზებს პოლიტიკური ლანდშაფტის არაერთ მნიშვნელოვან მოვლენას, რაც ჩვენი მკითხველისთვის ფრიად საინტერესო იქნება.
-ბატონო გურამ, რამდენად დროული იყო დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა და რეალურად რა მოლოდინი გაქვთ ამ კომისიის საქმიანობის ეფექტურობასთან დაკავშირებით, ნამდვილად დაიდება თუ არა კონკრეტული შედეგი და დაისჯებიან თუ არა ის სადისტები, რომლებმაც ჩვენს ქვეყანას ტრაგედიები მოუწყვეს ?
-საუბარი მინდა დავიწყო იმით, თუ რაოდენ აუცილებელი და მნიშვნელოვანი იყო ამ კომისიის შექმნა – ამის მოლოდინი კარგა ხანია საზოგადოებაში არსებობდა, თუმცა გარკვეული ობიექტური მიზეზების გამო, ეს დღემდე ვერ მოხერხდა.
მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო იმ მოცემულობაზეც, რომ კომისიის გავლით ,,ნაციონალური პარტია” წარსდგება საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე და აიკრძალება სრულად. მნიშვნელოვანია გავიხსენოთ ის ფაქტი, რომ ნიუნბერგის პროცესი დაეხმარა გერმანელ ხალხს თვითგამორკვევაში და სწორი გზის არჩევაში, საკუთარი ისტორიის გადამწყვეტ ეტაპზე, შესაბამისად, ეს არის მოცემულობა.
მინდა შეგახსენოთ, რომ ჰიტლერსაც ჰყავს მომხრეები გერმანიაში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გერმანელმა ხალხმა ვერ შესძლო და ვერ აკრძალა ,,ნაციონალ-სოციალისტური” პარტია, ანუ ჰიტლერის პარტია და ამჯერად, ჩვენც ადგილობრივი ნაცისტები უნდა გავუყენოთ ამ გზას.
აგრეთვე, საგულისხმოა, რომ ჩვენი საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილება გაიზარდა და არა მარტო 2012 წლამდე, არამედ ამ დრომდეც კი გვაქვს უფლებამოსილება შევისწავლოთ და გამოვიკვლიოთ ,,ნაციონალური მოძრაობის” ბოროტმოქმედებები საქართველოს წინააღმდეგ, მათ შორის, მაგალითად, ისიც თუ როგორ ცდილობენ სტრასბურგში და ბრიუსელში ჩვენი ქვეყნის გაშავებას და თუნდაც, ვიზალიბერალიზაციის პროცესის უკუშებრუნებას და საქართველოს მოქალაქეებისთვის ზიანის მოტანას.
-ბატონო გურამ, რამდენად მივა ლოგიკურ დასასრულამდე საქართველოს პარლამენტში დაწყებული პროცესი და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აკრძალავს თუ არა ,,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” და მის დანამატებს ?
–რა თქმა უნდა, საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მიიღოს და ეს მათი პრეროგატივაა, რისთვისაც საფუძველი უნდა შექმნას საქართველოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, რომელიც ძალისხმევას არ დაიშურებს და ისეთი ფაქტებია სახეზე, რომ პასუხისმგებლობა არ მგონია, ასცდეთ.
-რა კომენტარს გააკეთებდით, კანონმდებლობის გამკაცრების თაობაზე, განსაკუთრებით იმ ცვლილებებზე, რაც შეეხო მასმედიის საქმიანობას ?
-მინდა ჩვენმა მოსახლეობამ კარგად გააცნობიეროს, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილებები მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებრივი სიკეთის დაცვას ემსახურება.
მედიასთან დაკავშირებული ცვლილებების მთავარი მიზანი საქართველოს მოსახლეობის დაცვაა იმ დეზინფორმაციისაგან, რაც დაუნდობლად მოედინება ე.წ. ოპოზიციური ტელევიზიებისგან და მათი კონტროლირებადი საინფორმაციო სააგენტოებიდან, რომლებიც ახალ ამბებს კი არ ასახავენ, არამედ პრაქტიკულად იგონებენ და დესტრუქციას თესავენ.
-დაბოლოს, მინდა გკითხოთ საქართველოს შემდგომ ნაბიჯებზე მშვიდობის პოლიტიკისა და დროებით ანექსირებული ტერიტორიების დაბრუნების საკითხზე…
-ყველა შემთხვევაში, მიზანშეწონილია, რომ გარკვეული დამოუკიდებელი ნაბიჯები გადაიდგას და სამშვიდობო პოლიტიკითა და მეტი აქტიურობით ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეების მიმართ ვუზრუნველყოთ საქართველოს მეტი ჩართულობა და განვსაზღვროთ ის ნაბიჯები, რაც კონკრეტულ შედეგზე გაგვიყვანს და მოამზადებს საჭირო ნიადაგს, რომ საქართველოს მხრიდან, გადადგმული კონკრეტული პოზიტური ნაბიჯები, იმ სახის პოზიტიურ ნიადაგზე იყოს დამყარებული, რაც პერსპექტივაში ყველა ქართველისთვის ძალიან სასიხარულო რეზულტატს დადებს.
ქეთი ხომერიკი