• September

    16

    2024
  • 130
  • 0
რისთვის ემზადებიან დასავლეთში არსებული ჯგუფები და რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ ?

რისთვის ემზადებიან დასავლეთში არსებული ჯგუფები და რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ ?

ახლახან ,,Geo News”- მა საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრის, ,,მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის ხელმძღვანელის”, ,,ნეიტრალური საქართველოს” წევრის, ანალიტიკოსის, პეტრე მამრაძის ინტერვიუ გამოაქვეყნა სათაურით: ,,ვინ და რატომ გეგმავდა ბიძინა ივანიშვილის მკვლელობას” ? ,, გთავაზობთ ინტერვიუს გაგრძელებას.  

პეტრე მამრაძე: გიმეორებთ, თემურ ალასანია ყვირილით გასცემდა ბრძანებებს და იმუქრებოდა. ცხადია, ,,ნაცმოძრაობა” დესტაბილიზაციის მოწყობას ყოველთვის შეეცდება, თუმცა საუბრები სააკაშვილის ლიკვიდაციაზე ყურით მოთრეული ჭორია და მეტი არაფერი. სააკაშვილს არ მოკლავენ, რადგან ეს საქართველოში არეულობას არ გამოიწვევს. სააკაშვილი დახარჯული რესურსია. და ამას ,,ნაცები” მაშინ მიხვდნენ, როცა მისი დაკავების შემდეგ ხალხი ქუჩაში არ გამოვიდა. რუსთავის ციხესთან 200 კაცი ძლივს შეაგროვეს. ,,ნაცმოძრაობა” დარწმუნდა, რომ სააკაშვილი აღარ არსებობს. რაც შეეხება არჩევნებზე მათ შანსებს, რაღაც ხმებს აიღებენ, 5 %-ს გადალახავენ, რადგან დიდი ფული აქვთ.

როგორ ფიქრობთ, ,,ქართული ოცნება” კვლავ კონსტიტუციური უმრავლესობით მოვა ?

საქართველო ის ქვეყანაა, სადაც რადიკალური ცვლილებები შეიძლება ბოლო ორი-სამი კვირის განმავლობაში მოხდეს. ამიტომ ამ კითხვაზე პასუხი შეიძლება იყოს ასეთი : თუ ,,ქართული ოცნება” რაღაც საბედისწერო შეცდომას არ დაუშვებს, რაღაც საშინელ პროვოკაციას არ წამოეგება და სტაბილურად, მშვიდად მივა არჩევნებამდე, მაშინ დიდი შანსი აქვს უმრავლესობა მიიღოს და მთავრობა დააკომპლექტოს. 

გახარიას რა შანსები აქვს ?

გახარია სააკაშვილის მსგავსად დახარჯული რესურსია. მისი შანსი ნულის ტოლია. გახარიას თვითლუსტრაცია მაშინ მოხდა, როდესაც არჩევნების ბოლო დღეს თავის მეგობარ კახა კალაძეს ესტუმრა და გამოუცხადა, მერის არჩევნებში მონაწილეობა მეც უნდა მივიღოო. ხომ გახსოვთ…ეს უნდა შევახსენოთ ხოლმე საზოგადოებას. გახარია კლინიკური იდიოტი ნამდვილად არ არის და ისმის კითხვა, რატომ გააკეთა ეს. 

ამბობენ, რუსეთის ბოლო ჯოკერიაო…

-დიდ პროცენტსაც ანიჭებენ. ვიცი, წავიკითხე. თუმცა მე, არ მგონია, რომ რუსეთს საქართველოში ჯოკერი სჭირდებოდეს, მაშინ როცა თემურ ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ მოყვანილი ტანკები თბილისიდან 30 კილომეტრში დგას. 

შეუძლებელია გახარიას არ სცოდნოდა, რომ თბილისის მერი ვერ გახდებოდა. რასაც უნდოდა იმას მიაღწია – სოლიდური თანხა მისცეს. კერძოდ, მან მიიღო ის ხმები, რომელი ხმებითაც კალაძე პირველ ტურში ნამდვილად გაიმარჯვებდა, მაგრამ შედგა მეორე ტური. და იქ აყვირდნენ  ხაზარაძეები და სხვანი. მეორე ტურში მელია გაიმარჯვებს და პირველ კოალიციურ მთავრობას ( თბილისის მერიის მთავრობა ) შევქმნითო. ანუ გახარიამ მიიღო მონაწილეობა მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ მეორე ტური შემდგარიყო, რათა პირველ ტურში კალაძეს არ გაემარჯვა. ასეთ კანდიდატს ,,სპოილერი” ანუ გამფუჭებელი ჰქვია. შეაგდებენ კანდიდატს მხოლოდ იმისთვის, რომ ვიღაცას ხმა წაართვას. ეს იყო პოლიტიკური ხარაკირი. მთელმა ქვეყანამ დაინახა, რომ კაცი ,,სპოილერობას” დათანხმდა. ამის შემდეგ გახარიას რეიტინგი გაგიგიათ ? 

მოგეხსენებათ, მე ინფორმაცია არ მაკლია, ჰოდა, გეტყვით რისთვის ემზადებიან დასავლეთში არსებული ჯგუფები, რომლებიც საქართველოში მყოფ ჯგუფებთან კონტაქტზე არიან. მათ შორის გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებსაც კონტაქტი აქვთ აქაურ ენჯეოებთან. მიღებულია გადაწყვეტილება, დიახ, შეთანხმდეთ იმაზე, რომ მთავრობა ამ არჩევნებს გააყალბებს. რატომ ? რომ არ გააყალბოს ვერ გაიმარჯვებსო…ასე რომ, თუ აღმოჩნდა, რომ ,,ოცნებამ” გაიმარჯვა, ეს არის პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ თურმე არჩევნები გააყალბა. ამიტომ პირველივე ან მეორე დღესვე დასავლეთის ყველა ლიდერმა უნდა გამოაცხადოს, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა, ხელისუფლების უზურპაცია მოხდა და უზურპატორ ხელისუფლებასთან შესაბამის ურთიერთობაზე უნდა გადავიდნენ. ასეთი გეგმა აქვთ. 

რატომ, ხელისუფლების ცვლილება უნდათ ? ვისი მოყვანა უნდათ ?

-ამას არასდროს ამბობენ. იმას კი არ ამბობენ, რომ ფავორიტები ჰყავთ, არა. ამბობენ, ვნახოთ ხალხი რას გადაწყვეტსო. ,,ოცნება” როგორც, ასე ვთქვათ, გამყალბებელი მიუღებელია. და რატომ გამყალბებელი ? იმიტომ რომ თურმე ,,ოცნება” ანტიდასავლურია, ხალხი კი ერთხმად დასავლურ კურს უჭერს მხარს, შესაბამისად არჩევნები გაყალბდა. ,,ქართული ოცნება” ხომ კრემლის დასმული მარიონეტი ხელისუფლებაა….და ვინ იმუშავა ამაზე ? ,,ნაცებმა” და მათმა ენჯეოებმა.

ჩვენ სიმართლე უნდა ვილაპარაკოთ. მე მრავალი წელიწადია ვამბობ, რომ დასავლეთში 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ამ გეოპოლიტიკურ ეპოქაში ნატოში და ევროკავშირში არ მიიღებენ. ევროკავშირის ხელმძღვანელმა მტკნარი ტყუილი თქვა, მალე გავფართოვდებით და თქვენთან თუ თქვენს გარეშე თქვენზეა დამოკიდებული, ქართველებოო. მე უცხოელებს, რომ ვეკითხები, კი მაგრამ, თქვენ შეგიძლიათ დაუშვათ, რომ ევროკავშირში, ბრიუსელში განიხილავენ იმ ქვეყნის გაწევრიანებას თავის რიგებში და არა სტატუსების მინიჭებას ( სტატუსები რამდენიც გინდათ ) , რომლის ტერიტორიაზეც ორი მძლავრი ბაზა, რაკეტები არტილერიით, ტანკებით, თუნდაც ცოცხალი ჯარით დგას, მათ შორის დედაქალაქიდან 30 კილომეტრშია ყველაფერი განლაგებული-მეთქი, მაშინვე დუმილს ირჩევენ. შემდეგ კი, ასეთ მარაზმს ვისმენ.

ბატონო პეტრე, რა პოლიტიკა უნდა აწარმოოს საქართველომ ?

-პირველ რიგში ხალხს სიმართლე უნდა უთხრას. იმდენი მოტყუებული ახალგაზრდა შემხვდა გამჭირვალობის კანონის მიღების შემდეგ, რომელიც ფიქრობს, რომ ხელისუფლების გადამკიდე ჩვენ დავკარგეთ გზა ევროპისკენ, რომ გავოგნდი. კაცო, როდის გვქონდა ეს გზა, ვსვამ კითხვას ! ახალგაზრდებმა არაფერი იციან. მათ უმეტესობას სააკაშვილი რეფორმატორი და დემოკრატიის შუქურა ჰგონია. მე კი ვეუბნები მათ, რომ სააკაშვილმა ყველაფერი გადასცა რუსეთს. 2008 წლის აგვისტოს ომზე ვუყვები. მოგეხსენებათ, წიგნი მაქვს დაწერილი. ვიმეორებ, მათ არაფერი იციან. ზოგიერთ უმაღლეს სასწავლებელში ( სახელებს შეგნებულად არ ვასახელებ ) დღენიადაგ მიმდინარეობდა მუშაობა საპირისპირო ინფორმაციის, დეზინფორმაციის მიწოდებაზე. შესაბამისად, სხვა ინფორმაცია მათ არ აქვთ. ეს, რა თქმა უნდა, ,,ოცნების” დიდი მინუსიცაა. სამწუხაროდ, ახალგაზრდობის ნაწილი ამ ეტაპზე დაკარგულია. ამიტომ გავმეორდები, დღეს სიმართლის თქმა აუცილებელია.

რა უნდა გავაკეთოთ ? ფინეთის მაგალითი ავიღოთ, ახლა ნახეთ მე რას ვამბობ. გვახსოვს, საკააშვილი და ,,ნაცები”აგდებულად და ქედმაღლურად გაიძახოდნენ, ჩვენ ,,ფინლანდიზაციას” არ დავუშვებთო. არადა ფინეთის მაგალითი როგორია. ფინეთმა 1948 წელს საბჭოთა კავშირთან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ამის შემდეგ ფინეთმა მისცა ყველანაირი გარანტია ხრუშოვს და 50-იან წლებში ბაზები გააყვანინა. ბაზების გაყვანის შემდეგაც კი, ფინეთი როგორ იქცეოდა (  სსრკ-ს მე-16 რესპუბლიკას უწოდებდნენ ), გაიხსენეთ. ფინეთმა არც ერთ საერთაშორისო დონეზე, არც გაეროში და არც სხვაგან სსრკ-ს არც ერთი მოქმედება არ დაგმო. 1968 წელს სსრკ-ს ტანკები პრაღაში შევარდნენ, ფინეთმა არ დაგმო. უნგრეთში მომხდარი ტრაგედიაც არ დაგმო. თავს იკავებდა გაეროში. და ვინმემ დასავლეთში პრეტენზია წაუყენა ფინეთს ? ფინეთში 26 წელი კეკონენი იყო პრეზიდენტი მხოლოდ იმის გამო, რომ ბრეჟნევმა თქვა: მე ეს კაცი მაწყობსო. მთელმა ფინეთმა ეს იცოდა და ამის გამო ოპონენტებიც კი არ ჰყავდა. მას კონკურენციას არავინ უწევდა, რადგან ერის გადარჩენისთვის ასე იყო საჭირო. უმუშევრობა არ არსებობდა ფინეთში, სულ სსრკ-ს შეკვეთები იყო. აყვავდა ქვეყანა. ელოდებოდნენ. ეს იყო სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა. დიახ, მომენტს ელოდებოდნენ და 1996 წელს სსრკ დაიშალა. 1995-ში ფინეთი უკვე ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრია, მაგრამ არ ჩქარობს. და ნატოში როდის შევიდა ? შარშან. სულ ნეიტრალიტეტს იცავდნენ. 

ხელისუფლებას ნეიტრალიტეტის დაცვას ურჩევთ ?

-დიახ, მოთმინებაა საჭირო. როცა პუტინი უკრაინაში შევარდა, როცა ეს ომი დაიწყო, როცა შეიცვალა საზოგადოებრივი აზრი ფინეთმა შეიტანა განაცხადი და არც აციეს, არც აცხელეს პირდაპირ შეიყვანეს ნატოში. ეს არის სტრატეგიული მოთმინება და მისი ნაყოფი.  წარმოიდგინეთ, ფინეთში ვინმე, რომ გამომხტარიყო და ეთქვა: ხალხო, ჩვენი ხელისუფლება კრემლის მარიონეტია, ხმას ვერ ვიღებთ და ა.შ. რა იქნებოდა ?! აგერ, ვიღაც იდიოტმა ქალმა, ამერიკის კონგრესმენმა ბრძანა, როგორ შეიძლება მეგობრობა გინდოდეს ქვეყანასთან, რომელიც შენი მტერიაო. და მე მას ვეკითხები, როგორ უნდა მოექცე ქვეყანას, რომლის ტანკებიც დედაქალაქიდან 30 კილომეტრში დგას ? მტრულად ? ტანკი ნახევარ საათში რუსთაველზე იქნება.

და რა გააკეთა ,,ქართუმა ოცნებამ” პუტინის კიევში შეჭრის შემდეგ ? გეტყვით. აი, მოკლე ჩამონათვალი: ევროპის საბჭოში ხმა მისცა იმას, რომ რუსეთი წევრობა შეჩერებულიყო, შეჩერდა. ამის შემდეგ ხმა მისცა იმას, რომ რუსეთი გაეგდოთ ევროპის საბჭოდან, გააგდეს. ამის შემდეგ საქართველომ გაეროში დაგმო პუტინის აგრესია. გგონიათ ყველა სახელმწიფომ დაგმო ? არა. სომხეთმა თავი შეიკავა და აზერბაიჯანი გავიდა დარბაზიდან, თუ პირიქით. ამის შემდეგ ჩემთვის ნამდვილი შოკი მოხდა : საქართველოს ხელისუფლებამ 33 სახელმწიფოსთან ერთად ( 20 პროცენტიც არ არის გაეროს წევრი ქვეყნებისა ) ხმა მისცა იმას, რომ ჰააგაში გამოძიება დაწყებულიყო პუტინის წინააღმდეგ, როგორც სამხედრო დამნაშავის. მაშინ კი ველოდებოდი, რომ პუტინი იმ დოკუმენტს, რომელიც ხელმოსაწერად მზად აქვს ხელს მოაწერდა. სამხრეთ ოსეთის ჩრდილო ოსეთთან შეერთებას ვგულისხმობ. ველოდი, რომ ამას გააკეთებდა. ანდაც ვთქვათ, ღამე მათი სამხედრო ძალების გადაადგილება მოხდებოდა –  სენაკში, ახალქალაქში, ვაზიანში ჩავიდოდნენ, სადაც კი ძველი ბაზები ჰქონდათ რუსებს და იტყოდნენ, რომ ეს უსაფრთხოების მიზნით არის გაკეთებულიო. მერე სად მივდიოდით ? გადავრჩით, ხალხო. 

ხაზს ვუსვამ, ჩვენ ხალხს უნდა ავუხსნათ, რომ ეს ყველაფერი რეალობაა და ისე ცხოვრება თითქოს სხვა პლანეტაზე ვართ და რუსეთი საერთოდ არ არსებობს არ გამოვა. აგერ 30 კილომეტრშია ტანკები. ჯერ-ჯერობით გაგვიმართლა. ახლა ხელისუფლებამ რამდენჯერმე ახსენა სტრატეგიული მოთმინების აუცილებლობა. რაც ვიმეორებ, ნამდვილად აუცილებელია, რათა გადავრჩეთ. ჯერ უნდა გადავრჩეთ, მერე კი, გეოპოლიტიკური სურათიც გამოჩნდება. გეოპოლიტიკური ეპოქა შეიცვლება. მესამე მსოფლიო ომი ფაქტობრივად მიმდინარეობს და არავინ იცის კიდევ რომელ რეგიონებს მოიცავს. და ამ დროს თუ გვინდა, რომ გადავისხათ ბენზინი და წავუკიდოთ ცეცხლი, კი ბატონო, მაგრამ რატომ ?

ქეთი ხომერიკი

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor