
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინმა და დონალდ ტრამპმა ქვეყნებს შორის ტრადიციული ღირებულებების პოპულარიზაციის შესახებ ფილმების გაცვლის შესაძლებლობა განიხილეს
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბრისას ქვეყნებს შორის ტრადიციული ღირებულებების პოპულარიზაციის შესახებ ფილმების გაცვლის შესაძლებლობა განიხილეს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა.
„ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპთან საუბრის დაწყებამდე ესაუბრა რუსეთის ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებს. კერძოდ, ამ შეხვედრის დროს გაჟღერდა იდეა რუსეთსა და აშშ-ს შორის ისეთი ფილმების გაცვლის შესახებ, რომლებიც პოპულარიზაციას გაუწევენ ჩვენთვის და ტრამპის ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვან ტრადიციულ ღირებულებებს“, – განაცხადა უშაკოვმა.
უშაკოვის თქმით, ტრამპმა აღნიშნა, რომ ეს იდეა ძალიან მოეწონა.
შეგახსენებთ, დღეს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. როგორც რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე აცხადებს, საუბარი დაახლოებით ერთს საათს გაგრძელდა.