
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
რუსეთში, იაროსლავის ოლქში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იწვის
რუსეთში, იაროსლავის ოლქში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იწვის. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ადასტურებს.
საუბარია „ნოვო-იაროსლავსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე“, რომელიც ნავთობკომპანია „სლავნეფტის“ შემადგენლობაშია და რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე დიდია.
კადრები, სადაც ჩანს, რომ ქარხანაში ხანძარი მძვინვარებს, რუსული და უკრაინული „ტელეგრამის“ არხებით ვრცელდება.
იაროსლავის საგანგებო სამსახურების ცნობით, ხანძრის ჩასაქრობად მობილიზებულია 106 ადამიანი და 36 ერთეული სპეცტექნიკა.
იაროსლავის ოლქის გუბერნატორი აცხადებს, რომ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ცეცხლის გაჩენის მიზეზი ტექნოგენურია და არ უკავშირდება დრონების თავდასხმას.
იაროსლავის ოლქზე უკრაინელების მხრიდან თავდასხმის შესახებ ინფორმაციას არც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გაუვრცელებია. უწყებაში აცხადებენ, რომ ბოლო 24 საათში გაანადგურეს 20 უკრაინული დრონი ბელგოროდის, როსტოვის, სარატოვის და ვორონეჟის ოლქებში.
ცნობისთვის, იაროსლავის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა წელიწადში საშუალოდ 15 მილიონ ტონა ნავთობპროდუქტებს აწარმოებს, მათ შორის ბენზინსა და დიზელს, საავიაციო ნავთს, ზეთების ფართო სპექტრს და ა.შ.





