
საარჩევნო ადმინისტრაციაზე ზეწოლით დესტრუქციული ძალა არჩევნების შედეგების შეცვლას ცდილობს ?
დავით ჩიხელიძე: ,,ოპოზიცია ფინანსური რესურსის მობილიზებას ახდენს, რომელსაც აქციების გამართვას, ხალხის ჩამოყვანასა და სხვა საორგანიზაციო საკითხების მოგვარებას მოახმარს”
ბოლო პერიოდში გახშირებული ზეწოლის ფაქტები ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანამშრომლებზე, წინასაარჩევნო გარემო, დესტრუქციული ოპოზიციის პროვოკაციული გეგმები და ერთ კვირაში მიღებული ორი რეზოლუცია, რომლის მიზანი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში უხეში ჩარევაა. ამ საკითხებზე ,,GEO NEWS” არასამთავრობო ორგანიზაცია ,,რეგიონული განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის” ხელმძღვანელს, ანალიტიკოს დავით ჩიხელიძეს ესაუბრა, რომელიც აღმაშფოთებლად და მიუღებლად მიიჩნევს ბოლო პერიოდში ცესკოს თანამშრომლების მიმართ განხორციელებული ზეწოლისა და ბულინგის ფაქტებს. მისი თქმით, ეს ყველაფერი საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.
დავით ჩიხელიძე: როგორც ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, რამდენიმე დღის წინ ცესკოს თანამშრომლებს გაურკვეველი ნომრიდან მუქარის შემცველი წერილი მიწერეს. ამ ეტაპზე უცნობია ვინ დგას აღნიშნული შავი კამპანიის უკან, მაგრამ ფაქტია,რომ ,,სმს”-ბის ავტორ (ებ) ს კონკრეტული მიზანი აქვს – ცესკოს, როგორც ინსტიტუტის დაზიანება და დისკრედიტაცია. ცესკოს თანამშრომლები ჩვენს ქვეყანას, ფაქტობრივად, 24 საათიან რეჟიმში ემსახურებიან და ყველას ვალდებულებაა, რომ მათ კომფორტული და არასტრესული გარემო შევუქმნათ.
ვგმობ ცესკოს თანამშრომლების წინააღმდეგ ნებისმიერი სახის ბინძურ კამპანიას, რომლის მიზანსაც თანამშრომელთა დაშინება და ზეწოლა წარმოადგენს.
როგორც აღვნიშნეთ, ამ ეტაპზე უცნობია ვინ დგას გაგზავნილი ,,სმს”-ბის უკან, მაგრამ წარსული გამოცდილება გარკვეული ვარაუდების თქმის საშუალებას გვაძლევს.
საზოგადოებას კარგად ახსოვს, 2020 წლის არჩევნები და არსებული დაძაბული გარემო. 2020 წელს ცესკოს თანამშრომლებისთვის ,,სმს”-ბის დაგზავნას კამპანიური ხასიათი ჰქონდა, რომლის უკანაც ,,ნაციონალური მოძრაობას”-თან დაახლოებული ადამიანები იყვნენ ( აკაკი ხუსკივაძე, აკაკი კობალაძე). სამწუხაროდ, ,,სმს”-ბის დაგზავნასა და მუქარას ტრაგიკული შედეგი ჰქონდა, გარდაიცვალა ისნის ოლქის თავმჯდომარე. ამავე წელს ცესკოს თანამშრომელმა ვანო ბურდულმა ( დღეს წალენჯიხის მერის მოადგილე ) საკუთარ თანამშრომელს ცესკოს დემონსტრაციულად დატოვების სანაცვლოდ, ქრთამი შესთავაზა.
ვფიქრობ, მკითხველი დასკვნებს თავად გააკეთებს. მიხვდება თუ ვინ დგას ცესკოს თანამშრომლებისთვის გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინებების უკან.
ანალიტიკოსმა დავით ჩიხლაძემ ჩვენთან ინტერვიუში ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო გარემოც შეაფასა.
დავით ჩიხელიძე: წინასაარჩევნო გარემო თავისუფალი და კონკურენტულია.
მაგალითად კი, დავიჩ ჩიხლაძეს რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული ეუთო/ოდირის დასკვნა მოჰყავს, სადაც საქართველოში მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესი დადებითად არის შეფასებული.
დავით ჩიხელიძე: თითოეულ პარტიას თუ ცალკე აღებულ პოლიტიკოსს აქვს უფლება, ამომრჩევლამდე მიიტანოს საკუთარი საარჩევნო პროგრამა. მათ არ ეზღუდებათ ამომრჩეველთან შეხვედრები, არ ხდება შეხვედრების ჩაშლა და ა.შ. ამ ეტაპზე არ დადასტურებულა არც ერთი ფაქტი, როცა პოლიტიკურ გაერთიანებას რაიმე სახის შეზღუდვა შეექმნა, მით უფრო არ ფიქსირდება ხელოვნური ბარიერების არსებობა. საარჩევნო გარემო ცალსახად პროგრესირებს და დემოკრატიული – საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად მიმდინარეობს. აქვე დავძენ, რომ აღნიშნული ეუთო/ოდირის წინასაარჩევნო დასკვნაში აისახა, სადაც წერია, რომ წინასაარჩევნო პერიოდი თავისუფალ, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
–თქვენი აზრით, არის თუ არა ბოლო ერთ კვირაში გამოქვეყნებული ორი რეზოლუცია ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევის უხეში მცდელობა ?
-სამწუხაროდ, მსოფლიოში ძნელად მოიძებნება ქვეყანა, რომლის არჩევნებში და შიდა საქმეებში ჩარევა ისეთივე ინტენსივობით ხდებოდეს, როგორც საქართველოს შემთხვევაში. რაც შეეხება აღნიშნულ რეზოლუციებს, მათზე ახალს ვერაფერს ვიტყვი, გარდა იმისა, რომ ის დროსა და სივრცეშია დაკარგული.
რეზოლუციაში წერია, რომ გათავისუფლდეს სააკაშვილი და მას უცხოეთში მკურნალობის საშუალება მიეცეს, გულწრფელად გეკითხებით, ბოლოს როდის გაიგეთ, რომ სააკაშვილს რაიმე სახის მკურნალობა სჭირდება ? სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ალბათ ერთ წელზე მეტია მისი გუნდის წევრებიც კი, აღარ საუბრობენ, რადგან აღნიშნული პრობლემა არ არსებობს, ასევე საზოგადოება ხედავს სასამართლოს სხდომებზე სააკაშვილის ვიდეო ჩართვებს, სადაც ყველას შეუძლია ნახოს სააკაშვილის ფიზიკური მდგომარეობა. მას მკურნალობა არ სჭირდება. არ ვარ ექიმი, მაგრამ ვიზუალური დაკვირვების შედეგად შემიძლია გითხრათ, რომ სააკაშვილს არათუ მკურნალობა, არამედ ციხეში გადაყვანა სჭირდება!
რეზოლუციებში ასევე წერია, რომ საქართველომ რუსეთს სანქციები უნდა დაუწესოს, პარალელურად თვითონ ევროპა, აშშ და მსოფლიოს სხვა ქვეყნები რუსეთთან ვაჭრობას განაგრძობენ. აქ ერთი საგულისხმო დეტალია, საქართველო სანქციებთან დაკავშირებით სრულად ასრულებს ევროკავშირის მოთხოვნას, მაგრამ არ აწესებს სხვა, ინდივიდუალურ სანქციებს, რაც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებელი და სუვერენული არჩევანია.
როგორ შეიძლება სერიოზულად ისაუბრო რეზოლუციებზე, სადაც ასეთი აბსურდული ჩანაწერები არსებობს ? აღნიშნულმა რეზოლუციამ ერთი სასიკეთო ტენდენცია გამოკვეთა, ევროპარლამენტში არსებობს ადამიანთა მცირე ჯგუფი, რომელსაც საღი აზრი გააჩნია და ისინი თვლიან, რომ საქართველოს მომავალი საქართველოში ქართველი ხალხის მიერ უნდა გადაწყდეს და არა ბრიუსელში, საქართველოზე იარაღის მობჯენის ფონზე.
–მოდით, დესტრუქციული ოპოზიციის ქმედებებიც შეაფასეთ…
-ოპოზიციამ კარგად იცის, რომ ელექტორატის მხარდაჭერა არ აქვს. ამიტომ არჩევნების შემდეგ დაძაბული და რევოლუციური ფონის შექმნით შეეცდებიან მთავრობის ხელში ჩაგდებას.
როგორც უკვე აღვნიშნე ქვეყანაში საკმაოდ მშვიდი წინასაარჩევნო გარემოა, უფრო მეტიც უცნაურად მშვიდი საარჩევნოა გარემო გვაქვს, რაც გარკვეულ ეჭვებს ბადებს. ოპოზიციამ იცის, რომ მათ ელექტორალური მხარდაჭერა არ აქვს, შესაბამისად მათთვის არჩევნების შემდგომ დაძაბული და რევოლუციური ფონის შექმნა, მთავრობის ხელში ჩაგდების ერთადერთი გზა არის. ხელში ჩაგდება შემთხვევით არ მიხსენებია. ოპოზიციას სურს ქვეყნის მართვის ბერკეტი ძალადობრივი გზით მოიპოვოს. შესაბამისად, სრულიად ლოგიკურია მოლოდინი, რომ ოპოზიცია დიახ, არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის ემზადება, ამაზე მიანიშნებს ამჟამად არსებული სიმშვიდე, ერთგვარი დუმილი ქარიშხლის წინ….თუმცა საზოგადოება ხედავს, რომ ოპოზიცია საკუთარ ფინანსებს უფრთხილდება და არ ხარჯავს. მათ არ აქვთ საარჩევნო ბილბორდები, ხალხმრავალი კამპანიები და ა.შ. შესაძლოა ეს ყოველივე სწორედ არჩევნების შემდგომი პერიოდის მოსამზადებელ ეტაპად მივიჩნიოთ.
ოპოზიცია ფინანსური რესურსის მობილიზებას ახდენს, რომელსაც აქციების გამართვას, ხალხის ჩამოყვანასა და სხვა საორგანიზაციო საკითხების მოგვარებას მოახმარს.
ირაკლი გუნია





