• August

    15

    2025
  • 340
  • 0
ექსკლუზივი – სადაზღვევო კომპანია იმედი L – ტყუილებს შორის დაზღვევის იმედი ილექება და იმედი მხოლოდ სახელად რჩება ? 

ექსკლუზივი – სადაზღვევო კომპანია იმედი L – ტყუილებს შორის დაზღვევის იმედი ილექება და იმედი მხოლოდ სახელად რჩება ? 

კომპანია იმედი L თავს ერთ-ერთ წამყვან სადაზღვევო ბრენდად გვაცნობს – ძლიერი კორპორაციული იმიჯით, ათასობით კორპორატიული კლიენტით და ასობით ათასი დაზღვეული მოქალაქით, მაგრამ რამდენად ემთხვევა ეს სახელი რეალურ მომსახურებას ?

,,GEO NEWS” -ს ბოლო თვეების მანძილზე, არაერთმა დაზღვეულმა მიმართა, რომელთაც სისტემური პრობლემების, მომსახურების დაბალი ხარისხისა და უყურადღებობის შედეგად, მათზე გაცემული „დაზღვევა“ ფაქტობრივად, ფინანსურ ტვირთად ექცა.

ამ სტატიაში წარმოგიდგენთ იმ ფაქტებს, რომლებიც კომპანია იმედი L -ის დაუსჯელ პრაქტიკებს, ბენეფიციარების უგულებელყოფას და პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას ამხელს.

ფორმა № 100 – საყოველთაო საჭიროება, რომელიც ფასიან მომსახურებად გადაიქცა ?! 

ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დაფიქსირებული პრობლემა, რომელსაც დაზღვეულები აწყდებიან, არის ის, რომ იმედი L -ის ექიმები არ გასცემენ ფორმა № 100-ს, რომელიც აბსოლუტურად აუცილებელია სკოლის, ბაღის, უნივერსიტეტის, სპორტული დარბაზის ან სამსახურისთვის.

შედეგი : დაზღვეულებს უჭირთ საკუთარი კანონიერად ნაყიდი მომსახურების მიღება და ყოველ ჯერზე იძულებულნი არიან კერძო კლინიკებში გადაიხადონ 40–50 ლარი ფორმა 100-ის მისაღებად.

თამარი ( დაზღვეული,  თბილისი ) : ,,სამედიცინო დახმარება არ მჭირდებოდა, მხოლოდ ფორმა N 100 მინდოდა, ექიმმა მითხრა, რომ ასეთი დოკუმენტი ჩვენს მომსახურებაში არ შედისო. მივედი კერძო კლინიკაში, გადავიხადე 40 ლარი. ეს რა დაზღვევაა” ?

ამასობაში კომპანია აპლიკაციაში არწმუნებს მომხმარებელს, რომ მათ აქვთ ,,სრული ამბულატორიული სერვისი.” მაგრამ სად იწყება და მთავრდება ეს ,,სრული” ?

ასტიგმატიზმის იგნორირება – ბავშვების ჯანმრთელობაზე თვალის დახუჭვა ?!

იმედი L -ი საკუთარი სადაზღვეო პოლიტიკის თანახმად, არ ფარავს ასტიგმატიზმს – თვალის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ პრობლემას ბავშვებში.

ასტიგმატიზმი ხშირად იწვევს მხედველობის დარღვევას, სასწავლო პრობლემებსა და ზოგად ინტელექტუალურ ჩამორჩენას. მისი მკურნალობა საჭიროებს დიაგნოსტიკას, ოფთალმოლოგის მუდმივ მეთვალყურეობას – ლინზებს, სპეციალურ სათვალეებს, თვალის ვარჯიშებს, ასევე მედიკამენტებს, თუმცა დაზღვევა ამ  ყველაფერს არ ფარავს.

ელენე ( დაზღვეული, მარნეული ) : ,,ოფთალმოლოგმა დამიწერა ასტიგმატიზმი, მაგრამ იმედი L–ში მითხრეს : ეს ჩვენს პაკეტებში არ შედის. ეს როგორ არ შედის, როცა ათას ბავშვში ცხრა ამას ექვემდებარება” ?

გაურკვეველი მისამართები და მენეჯმენტის გაუჩინარება ? 

როდესაც დაზღვეულებმა ან მედიის წარმომადგენლებმა სცადეს კომპანიის მენეჯმენტთან შეხვედრა, აღმოჩნდა შემდეგი ვითარება :

1. კომპანიის ცენტრალურ ოფისად სახელდება ანა პოლიტკოვსკაიას ქ. № 9.
2. იქ მისულებს ეუბნებიან, რომ ტოპ მენეჯმენტი ყაზბეგის გამზირის № 44-ში ზის.
3. თუმცა ყაზბეგის მისამართზეც მხოლოდ მომსახურების ცენტრი გვხვდება – არც დირექტორი, არც პრესამსახური და არც რომელიმე უფროსი პირი ადგილზე არ იმყოფება.

ამასობაში არც წერილობით მიმართვებზე პასუხობენ დროულად. ფაქტობრივად, კომპანია ემალება მედიისა და ბენეფიციარების კითხვებს, რაც საზოგადოებრივად მიუღებელი და უპასუხისმგებლოა.

რიცხვები და რეალობა ?

კომპანიის მიერ გავრცელებული სტატისტიკის მიხედვით, 2023 წელს :

• ბენეფიციარების რაოდენობა – 700 000-ზე მეტი

• კორპორატიული კლიენტები – 1 000+

• ჯამური ანაზღაურება – დაახლოებით 63 მილიონი ლარი

თუმცა :

• რამდენი განაცხადი არ დაკმაყოფილდა ?

• რამდენი იყო კომპენსაციის ოდენობა ფაქტობრივად ?

• რამდენ მომხმარებელს დაეკისრა მომსახურებაზე დამატებითი ხარჯი ?

ამ კითხვებზე კომპანიას არ გააჩნია საჯარო და გამჭვირვალე პასუხები ? 

ციფრული მარკეტინგი რეალური სერვისის საფარად ?

იმედი L აქტიურად ავრცელებს იდეას, რომ მათი აპლიკაცია, ხელოვნური ინტელექტის ასისტენტი და სწრაფი ჩაწერის სისტემა მომხმარებელს სრულყოფილ მხარდაჭერას სთავაზობს, მაგრამ რეალურ მომხმარებელთა გამოცდილება განსხვავდება ?

ლევანი ( დაზღვეული, ქუთაისი ) : ,,შეავსე აპიდან ანაზღაურების ფორმა, ყველაფერი წესრიგში მქონდა, მერე ორი კვირა არც პასუხი იყო, არც თანხა. ბოლოს მითხრეს : საჭირო დოკუმენტი არ ჩაგვბარებია, თავიდან გააგზავნეთ.”

დასკვნა – სად მთავრდება პასუხისმგებლობა და იწყება უპასუხისმგებლობა ?

იმედი L წარმოადგენს იმ ტიპის კომერციულ სტრუქტურას, რომელიც დიდ რესურსს ხარჯავს სარეკლამო კამპანიებზე, მაგრამ ბენეფიციართა ინტერესების მიმართ ხშირად აბსოლუტურად ინერტულია ?!

დაზღვევა მათი მოდელით ნიშნავს აპლიკაციას, ბიუროკრატიას, კონტაქტის არარსებობას, და რაც ყველაზე უარესია – ზრუნვის ნაკლებობას.

რეკომენდაციები კომპანიას :

1. მომენტალურად უნდა აღიარონ პასუხისმგებლობა ფორმა № 100-ზე და უზრუნველყონ ექიმების მხრიდან მისი გაცემის უფასო პრაქტიკა ;

2. შეიტანონ ცვლილებები ოფთალმოლოგიური დაფარვის პოლიტიკაში, მათ შორის ბავშვებისთვის ასტიგმატიზმის დაფინანსება ;

3. გამჭვირვალედ გამოაქვეყნონ წინა წლის ანაზღაურების სტატისტიკა, უარის მიზეზები და ბენეფიციართა უკმაყოფილებებზე რეაგირების მექანიზმები ;

4. გაიმარტივონ მენეჯმენტთან კომუნიკაცია – კონკრეტული, საჯაროდ მითითებული პირებით და საკონტაქტო დროში მიღებით მედიისთვის და დაზღვეულებისთვის.

რადგან იმედი მხოლოდ მაშინ მუშაობს, როცა მის უკან პასუხისმგებლობა დგას.

,,GEO NEWS” კომენტარისთვის იმედი L -ს დაუკავშირდა – პასუხს უცვლელად გთავაზობთ. 

ნუცა წერეთელი, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი : ,,მივიღეთ თქვენი გამზადებული სტატია და გწერთ კომენტარებს სტატიაში აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით :

მოგეხსენებათ რომ არსებობს განსხვავებული სადაზღვევო პაკეტები, რომლებიც განსხვავებული რისკების დაფარვას გულისხმობს. Სხვადასხვა  სადაზღვევო პაკეტში მომხმარებელი სხვადასხვა თანხას იხდის, პაკეტის შინაარსიც ამის მიხედვით განისაზღვრება და ყოველთვის, წინასწარ სანამ მომხმარებელი ჩვენთან დაეზღვევა ეს ინფორმაცია მისთვის ცნობილია – რა არის ლიმიტები, რა იფარება, რა ანაზღაურდება, რა არ ანაზღაურდება და ა.შ. დამატებით, ხშირად მაინც ხდება კონკრეტული შემთხვევების პირადად განხილვა და მომხმარებლის აუცილებელი საჭიროების გათვალისწინება. სადაზღვევო დაფარვაში ფორმა № 100-ის გაცემის საკითხი, ასევე სხვადასხვა დაავადებების დაფარვების თემა დამოკიდებულია შერჩეულ პაკეტზე.

ოფისი შევიცვალეთ 1 თვეა და ყველა არხში, მათ შორის სოციალურ მედიაში და გუგლში იძებნება ჩვენი ახალი მისამართი. იმედი L-ის ოფისის ახალი მისამართია – ვაჟაფშაველას გამზირი, 53 

ჩვენი დაზღვეულების რაოდენობა 200 000 + -ია, ამ ინფორმაციას ვავრცელებთ და აქაც ამას გიდასტურებთ, ჩვენ ოფიციალურ საიტზეც ეს რიცხვი წერია. რაც შეეხება კორპორატიული კლიენტების რაოდენობას, ნამდვილად 1200-ზე მეტი დაზღვეული კომპანია გვყავს, რომელთა უმეტესობაც უკვე მრავალი წელია იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევას ირჩევს.

იმედი L-ის ციფრული პლატფორმები, მათ შორის აპლიკაცია მუდმივად ახლდება, იხვეწება და მარტივდება. ამ ნაწილში ვცდილობთ ჩვენი მომხმარებლის აზრი მოვისმინოთ და გავითვალისწინოთ”.

,,GEO NEWS”-ის რედაქციისგან :

პირველ რიგში, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ისეთი საბაზისო დოკუმენტის, როგორიც ფორმა N 100 გახლავთ, მხოლოდ ე.წ. პრივილეგირებულ სადაზღვევო პაკეტებში მოაზრება, რომელთა მიმართებაში, იმედი L, არც გვიზუსტებს თუ რა სახის პაკეტის მფლობელს აქვს ფორმა N 100 – ის მიღების უფლება, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც მათივე ოპერატორები და ექიმები ოფიციალურად გვიდასტურებენ, რომ იმედი L ფორმა N 100- ის გაცემას არ უზრუნველყოფს, ერთის მხრივ ასეთი პრივილეგირებული პაკეტის ნამდვილად არსებობის შემთხვევაში, ეს მიუთითებს ე.წ. ელიტისტურ მიდგომებზე, რაც ფუნდამეტშივე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციურ პრინციპს თანაბრობის თაობაზე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ასეთი პაკეტი მითია ( რაც დაზუსტებით ვიცით ) და ვიმეორებთ, მათივე თანამშრომლების განცხადებაა მართალია, რომ იმედი L არ უზრუნვეყოფს ფორმა N 100- ის გაცემას, მაშინ ეს ძალზედ სასაცილო მცდელობაა ხარვეზის გადაფარვისა, იმის მაგივრად, რომ პრობლემის იდენტიფიცირება მოხდეს და სწორედ იმ დაზღვეულთა ინტერესები იქნას პრიორიტიზირებული, რომლითაც იმედი L ასე ამაყობს თავისივე გამოგზავნილ წერილში. 

დაბოლოს, ჩვენის მხრივ, კვლავ გაგრძელდება იმედი L-ის საქმიანობაში სხვა ხარვეზების იდენტიფიცირება, ვინაიდან ძალიან ბევრი კონფიდენციალური წყარო ამ პრობლემების არსებობაზე ინტენსიურად გვაწვდის ინფორმაციას.

ირაკლი კერესელიძე, გიორგი კორძაძე

( გაგრძელება იქნება )

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor