
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის !
„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის, რომლის გათვალისწინებით, მოსამართლესთან უკანონო კომუნიკაციის სუბიექტთა წრე ფართოვდება.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ სუბიექტად მიჩნეული იქნება არა მხოლოდ კონკრეტული, განსახილველი საქმის შედეგით დაინტერესებული პირი, არამედ ნებისმიერი პირი, რომელიც მოსამართლის ან ზოგადად სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზე ზემოქმედების მოხდენის მიზნით ცდილობს მოსამართლესთან არასათანადო კომუნიკაციას.
კანონპროექტის მიხედვით, ნებისმიერ სუბიექტს აეკრძალება ნებისმიერი ფორმით სასამართლოს დამოუკიდებლობის შელახვა; ასევე, აიკრძალება მოსამართლეზე რაიმე სახით ზემოქმედება უკვე მიღებული გადაწყვეტილების გამო ან სამომავლოდ მისაღებ გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით.
„კანონის მე-9 მუხლის ცვლილება ეხმიანება საქართველოს კანონმდებლობაში უახლოეს წარსულში განხორციელებულ ცვლილებებს, რომლითაც დაწესდა პასუხისმგებლობა სახელმწიფო მოსამსახურეებისთვის მათი საქმიანობიდან (სტატუსიდან) გამომდინარე შეურაცხყოფის მიყენებისთვის. კერძოდ, კანონის მე-9 მუხლში შემოთავაზებული ცვლილების თანახმად, აიკრძალება ნებისმიერი პირის მიერ ნებისმიერი ფორმით (ვერბალურად, უხამსი ქმედებით და ა.შ.) და ნებისმიერ ვითარებაში (სასამართლო სხდომაზე, საჯარო სივრცეში და ა.შ.) მოსამართლისადმი უპატივცემულობას გამოხატვა, რომელიც უკავშირდება მოსამართლის სტატუსს“, – ნათქვამია პროექტში.
ასევე „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის, რომლის გათვალისწინებით, სასამართლო აქტები საჯარო ინფორმაციის სახით ხელმისაწვდომი გახდება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის მხოლოდ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.
კანონპროექტის მიხედვით, სასამართლოს მიერ ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტის სრული ტექსტი შესაბამის საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისთანავე ხდება საჯარო ინფორმაცია და გაიცემა საჯარო ინფორმაციის გაცემისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.
„არავის აქვს უფლება, ამ აქტის ტექსტი საჯაროდ გამოაქვეყნოს მისი დეპერსონალიზაციის გარეშე. ამასთანავე, აღნიშნული სასამართლო აქტის დეპერსონალიზებული ტექსტი შესაბამის საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვებგვერდზე ქვეყნდება. ამ პუნქტის მიზნებისთვის სასამართლო აქტი არის საქართველოს საერთო სასამართლოს მიერ გამოტანილი ნებისმიერი გადაწყვეტილება, მათ შორის, ისეთი გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე არსებითად არ წყდება. ამ პუნქტის მიზნებისთვის სასამართლო აქტის ტექსტის დეპერსონალიზაციაში იგულისხმება მასში მითითებული შემდეგი ინფორმაციის სრული დეპერსონალიზაცია: ა) პირის ვინაობა, სახელწოდება, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, საიდენტიფიკაციო ნომერი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი, სამუშაო ადგილისა და დაკავებული თანამდებობის სახელწოდებები; ბ) პირის რეგისტრაციის ადგილის, ადგილსამყოფლის, საცხოვრებელი ადგილისა და სამუშაო ადგილის მისამართები; გ) პირის ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი; დ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ განსაზღვრული სხვა სახის ისეთი ინფორმაცია, რომელიც პერსონალურ მონაცემებს განეკუთვნება. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას საჭიროების შემთხვევაში განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო“, – ნათქვამია კანონპროექტში.
გარდა ამისა, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები მედიის მიერ სასამართლო სხდომების გაშუქებასაც ეხება. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ სასამართლოში (სასამართლოს შენობაში, სასამართლო სხდომის დარბაზში, სასამართლოს ეზოში) ფოტო, კინო, ვიდეოგადაღება და ტრანსლაცია დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევის, როდესაც ამას ახორციელებს სასამართლო ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილი პირი.
პროექტში ნათქვამია, რომ სასამართლოს შეუძლია, გაავრცელოს თავის ხელთ არსებული სასამართლო პროცესის ფოტო-კინო და ვიდეოგადაღების მასალები, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონს.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ სასამართლო სხდომის ვიდეო და აუდიოჩაწერა დაიშვება მხოლოდ დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლის მიერ მიღებული მოტივირებული გადაწყვეტილებით.
ასევე „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში მომზადებული ცვლილებებით, რიგ პოზიციებზე განწესებულ-არჩეულ მოსამართლეთა უფლებამოსილების ვადები იზრდება.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ვადების ზრდა ხდება, რათა სასამართლოს/კოლეგიის/პალატის მენეჯმენტი უფრო ეფექტიანად განხორციელდეს.
„ცნობილია, რომ მენეჯერულ თანამდებობაზე გამწესებული პირი დროთა განმავლობაში აგროვებს სათანადო გამოცდილებას, რომელსაც წარმატებით იყენებს საკუთარი უფლებამოსილების განსახორციელებლად“, – ნათქვამია პროექტში.
რაც შეეხება ვადების ზრდას, ცვლილებებით, იზრდება – უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის წევრთა უფლებამოსილების ვადა ორი წლიდან სამ წლამდე; უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატაში არჩეული მოსამართლის უფლებამოსილების ვადა სამი წლიდან ხუთ წლამდე; უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში არჩეული მოსამართლის უფლებამოსილების ვადა სამი წლიდან ხუთ წლამდე.
ზემოთ აღნიშნულის გარდა, ცვლილებებით იზრდება უზენაესი სასამართლოს პალატების თავმჯდომარეთა უფლებამოსილების ვადები. კერძოდ: საკვალიფიკაციო და სადისციპლინო პალატის თავმჯდომარეების უფლებამოსილების ვადები იზრდება სამი წლიდან ხუთ წლამდე, ხოლო დანარჩენი პალატების თავმჯდომარეების უფლებამოსილების ვადები – ხუთი წლიდან ათ წლამდე. ასევე, იზრდება სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, მისი მოადგილის, პალატების/კოლეგიის თავმჯდომარეთა უფლებამოსილების ვადები ხუთი წლიდან ათ წლამდე; რაიონული (საქალაქო) სასამართლოს/კოლეგიის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადები ხუთი წლიდან ათ წლამდე; მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის შემადგენლობის (თავმჯდომარის ჩათვლით) უფლებამოსილების ვადა სამი წლიდან ოთხ წლამდე.
გარდა ამისა, რაიონული სასამართლოს მოსამართლის დაწინაურების პროცედურის გამარტივება იგეგმება. შესაბამისი ცვლილებები „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შედის.





