
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს, დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, პოლიციამ სასაზღვრო-გამშვები პუნქტის, „სარფის“ ტერიტორიაზე, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1987 წელს დაბადებული რ.ა. დააკავა.
„სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალების, „ბუპრენორფინის“ შემცველი აბები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.





