
სამხედრო უჩა გუგუჩია 2008 წლის აგვისტოს ომის დეტალებს იხსენებს !
2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე, სამხედრო, გმირი, უჩა გუგუჩია სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს, რომელსაც ,,GEO NEWS” უცვლელად გთავაზობთ.
,,აი, ასე დაუსვით კითხვები ბატონ გოგავას !
პირველი : რატომ დახსნეს ომამდე 3- თვით ადრე მეორე ქვეთი ბრიგადის სამეთაურო რგოლი, დაწყებული ბრიგადის მეთაურიდან, ბატალიონის მეთაურებით დამთავრებული, რატომ დანიშნეს პროფესიონალების ადგილას ისეთი მეთაურები, რომლებსაც, არც სათანადო ცოდნა გააჩნდათ და არც გამოცდილება ? ასე ვთქვათ, ვერ შეეწყვნენ პირად შემადგენლობას ეს ახლად დანიშნული მეთაურები, თავიანთ ბატალიონებს, არც დრო ჰქონდათ მაგის და არც ცოდნა-გამოცდილება. დანიშნეს მეთაურებად ისეთი კონტიგენტი, რომლებიც არ იყვნენ მზად ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობებისთვის, არც პირადი შემადგენლობა შეხვდა ამას კარგად, თითქმის ყველა ბატალიონში სუფევდა არაჯანსაღი სიტუაცია, გარდა სატანკოსი და 21 – ე ბატალიონისა.
მე- 2 კითხვა : რა უნდოდა გამოუცდელ საშტაბო ასეულების ნაკრებს პირველ ხაზზე ? რატომ დატოვეს სამივე საბრძოლო ბატალიონი ბაზაზე ? მოგვაწყვეს ცალკეული საშტაბო ასეულები. საღამოს 7 საათი იქნებოდა პლაცზე შტაბის წინ, მამაომ გვაკურთხა, სისხლის ჯგუფები გვკითხა შტაბის უფროსმა და, ასე ვთქვათ, მსუბუქად შეარაღებული ცალკეული საშტაბო ასეულები, რომლის მეთაურად დაზვერვის ასეულის მეთაური კაპიტანი ე. ბიბინიძე დაგვინიშნეს, გავედით ბაზიდან საღამოს 7 – 8 საათი იქნებოდა, ასე ღამის 4 საათისთვის უკვე გორში ვიყავით ატმების ბაღებში დავბანაკდით. იქ ჩატარდა გამთენიისას თათბირი, მანდ დაგხვდა ახლად ჩამოყალიბებული მე-5 ბრიგადის 53-ე ბატალიონი, რომელსაც მეთაურობდა ჩვენი გმირი ძმა, ცხონებული მაიორი გელა ჭედია. ეს ბატალიონი, არც იყო სრულად დაკომპლექტებული, ხაზს ვუსვამ, არ იყო სრულად დაკომპლექტებული. გელასთან, მე, კარგი ურთიერთობა მქონდა. ჩემზე ერთი კურსით მაღლა სწავლობდა და ვმეგობრობდი. მე ეგრევე ვკითხე, რაში იყო საქმე და მდგომარეობა და რატომ. მან მე მითხრა, რომ ეს თქვენი საშტაბო ასეულები ჩემთან კოორდინირებულად იმოქმედებთო, ჯერ მე შევალ ერგნეთის მხრიდან, მერე თქვენ და აკადემია მომყვებითო, თან ნომერიც ჩავიწერე ცხონებულის….როგორ მახსოვს ჩემი გმირი ძმის მოტივირებული და ბრძოლის ჟინით შეპყრობილი გამოხედვა…ეჰ, საწყალი, გელა….ნათელში ამყოფოს უფალმა. ასევე, მანდ იყო სამხედრო აკადემიის პირად შემადგენლობა იქვე და მათი ნაღმტყორცნელთა ოცეული, მოკლედ განსჯა თქვენთვის მომონდია. ე.ი. შევუერდით ამ 53-ე ბატალიონს, გავიდა ცხონებული გელა თავისი ბატალიონით, შევიდა და გეზი აიღო წვერიახოსკენ სავარაუდოდ ! მივყევით ჩვენც, ეს საშტაბო ასეულებიც, რომ შევედით ერგნეთში დაგხვდა ჩვენი სატანკო ბატალიონის რამდენიმე ტანკი და თავად მეთაური, გელხაური ლერი. ისე ცნობისთვის, მისი დამსახურებაა, რომ დღეს, ჩვენი შეიარაღებული ძალები არსებობს. არ ვაჭარბებ, ასეა და დამეთანხმება ყველა ღირსეული მეომარი ! ერგნეთის ბაზრობის ტერიტორია ცეცხლის ალში იყო გახვეული, ზემოთ მთელი გზაც, რომ შევდიოდით ბომბდამშენი მოგვყვებოდა და ბომბავდა ცხინვალს და ისევ უჩინარდებოდა, ისევ გამოჩნდებოდა და ისეთ იმიტაციას აკეთებდა თითქოს ჩვენი ბიჭებიც იყვნენ, ჩვენი ჩიტიაო და ზოგი ფოტოს უღებდა ტელეფონით. მეც ჩვენი მეგონა, მათ შორის, ისეთ მანევრებს აკეთებდა, ამასობაში მივუვახლოვდით ერგნეთის საგუშაგოს, ანუ პოლიციის ტეკს და ვინაიდან კავშირი დაიკარგა და ჭედისთან გადავწყვიტეთ შეგვესვენა, ერგნეთის პოლიციის საგუშაგოს მიმდებარე ტერიტორიაზე ვერაფრით გავედით კავშირზე ჭედიასთან, თურმე როგორც გაირკვა, ეგ უკვე გარდაცვლილი იყო. მეც ვურეკავდი მთელი გზა, თუმცა ამაოდ. ამასობაში, არ გვშორდებოდა ეგ წყეული სუ 25, რავიცი ზოგი სურათებს უღებდა ამ ბომბდამშენს ჩვენი ჩიტიაო, საერთოდ ჩაგვიხშო მოწინააღმდეგემ, უკვე ტელეფონებსაც უჭირდა მიღება, არამც თუ, რადიოსადგურებს ! ზოგი ადგილებს ეძებდა, რომ ესაუბრა ტელეფონით, სხვა ქვედანაყოფებში რეკავდნენ და გებულობდნენ ამბებს სხვადასხვა ქვედანაყოფებიდან, ზოგი ჭორს, ზოგი სიმართლეს და მიდიოდა ერთურთში საუბრები. ზოგმა ფეხსაცმელებიც გაიძრო და, ასე ვთქვათ, შევისვენეთ. ზოგი ოჯახს ესაუბრებიდა, ვაი ასეთ შესვენებას, რამდენიმე წუთში მობრუნდა ეს ჩვენი ჩიტი, რომელიც ჩვენი გვეგონა და ჩამოაგდო რაკეტა 65 -მდე კაცი დაიჭრა ზუსტად, არც მახსოვს ციფრი და 3 ბიჭი ადგილზე დაიღუპა. ერთი ბოკუჩავა, ჩემი გმირი ძამიკო, მეორე ნიკიტინი, მე-3 კიდეც 53-ე ბატალიონის, ამბულანსის მძღოლი იყო, ასე 36 წლამდე, გვარი არ მახსოვს ცხონებულის. ამ დაბომბვამ და სასაკლაომ გადამრია…სისხლის გუბეები იდგა, დაჭრილები ხრიალებდნენ, ზოგი ყვიროდა ტკივილისგან, მოკლედ საშინელება იყო, ენით ვერ აღვწერ ისეთი რამ ხდებოდა, რამდენიმე წუთი ამ საშინელებამ, რაც დატრიალდა გამოწვია პანიკა, რამდენიმე ჯარისკაცი და ოფიცერი გორისკენაც გაიქცა კიდეც.
ვიმეორებ, აქ ისეთ პირად შემადგენლობას გვქონდა თავი მოყრილი, რომლებსაც სულ სხვა ფუნქცია-მოვალეობები უნდა დაკისრებოდა, ეს კონტიგენტი არ იყო პირველ ხაზზე გასაშვები. მოკლედ, აურზაური იყო. რამდენიმე ჯარისკაცის დახმარებით, გამოვიყვანეთ მიცვალებულები და დაჭრილები. საწყალი, ჩემს გმირ ძმას ბოკუჩავას საკუთარი ხელებით ჩავულაგე ბრონეჟილეტიდან ჰქონდა გადმოყრილი ნაწლავები, გადატანილი იყო მუცელში და თვალებიც მე დავუხუჭე უკანასკნელად ჩემს გმირ ძამიკოს…ასევე 53-ე ბატალიონის ამბულანსის მძღოლსაც მე ჩავძახე ყურში უკანასკნელმა, მშვიდად იძინე ძმაო-მეთქი…მოკლედ, გამოვიყვანეთ და მანქანებში ჩავასვენეთ გვამები და გავუშვით გორისკენ. ზურგიდანაც რამდენიმე ჯარისკაცი გამოვიყვანეთ მე და ჩემმა თანამებრძოლებმა. მახსოვს, ერთი ეპიზოდიც, კამანდირ არ დამტოვო, გამიყვანე აქედან, მომესმა თხრილიდან ხმა. შევხედე სიმწრით, სიხარულით წამომწყდა ცრემლები თვალებიდან, რას ჰქვია დაგტოვებ, მოვიგდე მხარზე ეს ჯარისკაცი საშტაბო ასეულის კაპრალი, ლაზარია. აღმოჩნდა ჩემი ძმაა, დღესაც ვძმაკაცობ და მომენატრე ჯიმა, შემოგევლე შენ გულში, მეომარო ! მოკლედ, შევიკრიბეთ დარჩენილი პირადი შემადგენლობა და გადავწყვიტეთ, რომ ცოტა უკან დაგვეხია ამ დანაბომბი ადგილიდან. ეს ვითარება მოახსენა ჩვენი ცალკეული ასეულების მეთაურმა ბიბინიძემ ტელეფონით ბრიგადის მეთაურ ლიპარტელიანს, რომელიც სენაკში იყო. ასეთი მითითება მივიღეთ, რომ ტყვიავამდე დაგვეხია და დავლოდებოდით ბრიგადის ჩამოსვლას, რომელიც გადმოვიდა და გზაში იყო. მოკლედ, დავიხიეთ ცოტა უკან და დავბანაკდიათ ტყვიავთან. ეს განადგურებული და დემორალიზირებული ხალხი, ზოგი კიდევ პანიკაში იყო, ვცდილობდით ოფიცრები და სერჟანტები პირადი შემადგენლობის დამშვიდებას და გამხნევებას. ერთურთის იქ არ იყო უკვე ჩინით ყურება, ერთურთის ვეფერებოდით და ვამშვიდებდით ერთმანეთს და უკვე ძმების სისხლის აღებაზე და ერთურთის მოტივირებაზე გვქონდა აქცენტი. იქნებოდა ასე ერთი საათი გასული და მოვარდა პრადოების კოლონა თავისი ჟურნალისტებით და გადმოხტნენ მანქანებიდან, ჯერ დაცვა, მერე მინისტრი და ეს ვაჟბატონო გოგავა – ვინ მოგცათ უკან დახევის უფლება თქვენი დედა მოვტყან, თქვე კურდღლებოო….დაუძახეს მეთაურს ბიბინიძეს და საშინელ დღეში ჩააგდეს, შეეთრიეთ ახლავე ისევ უკანო, ხრიალებდა კეზერაშვილი და ისევ დანაბომბ ადგილას შეგვაბრუნეს, არც მოგვისმინა, არაფრის თქმის საშუალება არ მისცა ბიბინიაძეს და არც სხვა ოფიცრებს, არც კეზერამ და არც გოგავამ. მოკლედ, სხვა რა გზა გვქონდა, შევედით ისევ იქ, სადაც ეს დაბომვა მოხდა და დავბანაკდით იქ. დაბნელება კიდევ კარგი დაზვერვამ შეამჩნია და უკვე შეუიარაღებელი თვალითაც გამოჩნდა მოწინააღმდეგის კოლონა. განათდა ჩვენგან რამდენიმე კილომეტრში იქაურობა, ენ რაოდენობის ტექნიკა მოდიოდა ჩვენი მიმართულებით, ძლივს გამოვასწარით იქიდან. წამოვედით მე და ჩემი ერთი ჯარისკაცი, სერჟანტი ტალიკაძე ცეზარი მანქანით ტყვიავთან, ავტობუსები გვეგულებოდა. რამდენიმე ავტობუსი შევაგებეთ პირად შემადგენლობას და გამოვიყვანეთ იმ წყეული ადგილიდან რამდენიმე წუთიც და ალყაში ვექცეოდით, თუმცა უფლის წყალობით, გამოვიყავანეთ იმ ადგილიდან პირადი შემადგენლობა, მერე კი, პოლკოვნიკი გელხაურის წყალობით გვერდი ავუარეთ რუსების ბლოკ პოსტს და შინდისისკენ ავიღეთ გეზი, ჭადრებისკენ. მანდ სახმელეთო ჯარების შტაბი იყო განლაგებული და იქვე დავბანაკდით მიტოვებულ სახლში ჩვენც იმ ღამეს და ველოდებოდით ბრიგადის ჩამოსვლას, რომელიც გვიან ჩამოვიდა და ავნებისკენ აიღო გეზი. ხო, მართლა, გამომრჩა, დილით, რომ შევდიოდით, ტყვიას გაცდები, თუ არა, ზუსტად არ მახსოვს ადგილი, თუმცა რუსების ბლოკ პოსტი იყო, ერთი ქვეითი საბრძოლო მანქანა და რამდენიმე რუსი ჯარისკაცი ე.წ. სამშვიდობოები, მაშინ ვკითხე, ჩემს უშუალო მეთაურს, ქუთათელაძეს და ბიბინიძესაც, მოდით, ესენი ავიყვანოთ ტყვედ, რა იცი რაში გამოგვადგებიან-მეთქი. ასე მითხრეს, რას ამბობ გუგუჩ, რუსები არ ჩაერევიანო…მოკლედ, გამიგრძელდა საუბარი, ეს მოხდა 2008 წლის 7- 8აგვისტოს ერგნეთის მხარეს, რაც მოვყევი მხოლოდ სიმართლეა უფლის წინაშე ვამბობ, სიმართლე, მეტი არაფერი ! დანარჩენს კიდევ მალე ვიტყვით, დავასრულებთ მე და ერთი კარგი ადამიანი წიგნზე მუშაობას და იქ გაიგებს საზოგადოება სიმართლეს ფაქტებითა და არგუმენტებით, არავის შერჩება ისტორიის გაყალბება და ჩემი გმირი ძმების ნასისხლარ ნაგმინარზე გმირობა. შინდისზე და და იქ განვითარებულ მოვლენებზეც მოგახსენებთ მალე, რაც სინამდვილეში მოხდა იქ, რაც გადაგვხდა თავს მე და ჩემს გმირ ძმებს, ჯერ ამათ მოვუსმენ ერთი რას იტყვიან, მერე კი, ერთს დავსძენ – ყველაზე ბოლოს მე გამოვედი შინდისის სასაკლაოდან ცოცხალი და ჩემსავით არავინ იცის იქ, რაც მოხდა სინამდვილეში, მაგასაც მალე გაიგებს ერი და ბერი, ფაქტებითა და არგუმენტებით, სულ მალე, აწი, რომც მოვკდე, არ მეშინია. მე იმ პირობის ასრულება შევძელი, რაც ჩემს თანამებრძოლების გაციებულ გვამებს შევპირდი იმ წყეულ ღამეს, სანამ გამოვიდოდი სისხლით მორწყული ბრძოლის ველიდან !
მე პირობა მივეცი მანდ ჩემს გმირ ძმებს, რომ სიმართლეს აუცილებლად გაიგებდა ერი და ბერი და ასეც იქნება სულ მალე. მადლობას ვუხდი ადგილობრივ მოსახლეობას, იმ გმირ ხალხს, ვინც მე და ჩემი ძმები შეგვიფარა და გვივლიდა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, ასეთები იყვნენ გივი საბაშვილი, რომელმაც მე, პირველადი დახმარება აღმომიჩინა და გადამმალა ერთი გმირი კაცის ოჯახში. ნუკრი ლაგურაშვილს მადლობა, ნუკრის შვილს გიორგის, მის მეუღლეს, ჩემს მეორე დედიკოს. ფაცო პაპას, მერი ბებოს, ასევე შალო ახმეტას და ყველას, ვინც გვპატრონობდა და გვივლიდა დაჭრილ-დახოცილებს. გიორგი ლაგურაშვილს ბევრი არ იცნობს, თუმცა მალე გაიგებენ მასზე, ეს ის ბიჭია, რომელიც მტრების პოსტის გავლით, ჩვენი ბიჭების გვამებთან მიდიოდა და საქონელს არ აკარებდა და ყვავ-ყორნებს ჩვენი დაღუპული გმირი ძმების გვამები, რომ არ დაეჯიჯგნათ დარაჯობდა ლამის…მე არ შემეძლო ტვინის შერყევის გამო ბევრი მოძრაობა, გიო დარბოდა და საქონლებს, ძაღლებს, ღორებს მიერეკებოდა შორს, რათა გვამებს არ გაჰკარებოდნენ, არადა, იქვე იდგა ბემპე და რამდენიმე ჯარისკაცი, რომ ვენახეთ გვესროდნენ კიდეც. მოკლედ, ბევრ რამეს წიგნიდან გაიგებთ სულ მალე ! დიდება გმირებს, მშვიდობა საქართველოს და სრულიად მსოფლიოს”, -წერს უჩა გუგუჩია.
მკითხველს მოვახსენებთ, რომ წიგნის პრეზენტაცია სათაურით – ღალატი 11 მაისს გაიმართება. წიგნში დეტალურად არის აღწერილი ის საზარელი და უმძიმესი მოვლენები, რაც აგვისტოს ომის გმირს, პატრიოტსა და ღირსეულ ქართველს, უჩა გუგუჩიას და მის მეომრებს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს თავს გადახდათ – ფაქტებითა და არგუმენტებით.
,,GEO NEWS” ცხადია, წიგნის პრეზენტაციას დაესწრება, ხოლო უჩა გუგუჩიას კი, გამძელობას და მშვიდობას უსურვებს და მადლობას უხდის საზოგადოებამდე სიმართლის მიტანისთვის.
მოამზადა – თამთა მაისურაძემ