• March

    27

    2024
  • 205
  • 0
,, სამხედრო ცენტრის ” შთამომავლები პრეზიდენტს უჩივიან ?

,, სამხედრო ცენტრის ” შთამომავლები პრეზიდენტს უჩივიან ?

რამდენიმე ხნის წინ ,, Geo New“-მა მკითხველს უამბო იმ აბსურდულ ვითარებაზე, რომელიც გამოიწვია საქართველოს პრეზიდენტის, მისი აღმატებულების სალომე ზურაბიშვილის განკარგულებამ ფულად კომპენსაციაზე, რომელიც უნდა მიეღოთ ,,სამხედრო ცენტრის” წევრების შთამომავლებს. ( იხ: ,,რას საყვედურობენ პრეზიდენტს 100 წლის წინ დახვრეტილი გმირების შთამომავლები”, ასევე ,, 100 წლის წინ დახვრეტილი გმირების დახმარებით ,,პრეზიდენტს ახალ სკანდალში ხვევენ“? )

დღეს ,, Geo News” სტუმარია ,,სამხედრო ცენტრის” კოორდინატორის – ივანე ქუთათელაძის შვილიშვილი, ჩვენი კოლეგა, ჟურნალისტი გიორგი კორძაძე. 

_ ბატონო გიორგი, პირველ წერილში ჩვენ არ მივუთითეთ კომპენსაციის თანხის ოდენობა. მაინც, რამდენი არ გაიმეტა შთამომავლობისთვის ქალბატონმა სალომემ ? 

_ პირდაპირ გეტყვით, ათონელზე გამართულ ალაფურშეტზე, როცა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ერთ-ერთმა წევრმა გამოაცხადა, რომ 1923 წლის 21 მაისს დახვრეტილების შთამომავლობას გადასცემენ გარკვეულ თანხას, უსიამოვნების გრძნობა დამეუფლა, რადგან ჩემი აზრით, მაგ ადამიანების გმირობა შეუფასებელია. თანხის ოდენობაზე მოგახსენებთ – 15 ათასი ლარი.

_ მესმის, რომ შეუფასებელია, მაგრამ ეს არ არის პატარა თანხა… 

_ გეთანხმებით, ეს არ არის პატარა თანხა იმ ადამიანისთვის, რომელსაც თითქმის არაფერი გააჩნია.

_ და რაში ხედავთ უხერხულობას ?

_ ვხედავ იმაში, რომ გმირების თავგანწირვას ასე იაფად აფასებენ. დამეთანხმებით, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციისთვის ეს ,, მზესუმზირის თანხაა “. საერთოდ ,,, სამხედრო ცენტრის” წევრებმა ძალიან ცუდი მაგალითი მისცეს დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ხელისუფლებას, მათ შორის ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებასაც კი.

_ ვერ გავიგე, რომელ ცუდ მაგალითზე მეუბნებით ?

_ ,, ცუდი მაგალითი” არის ის, რომ ,,სამხედრო ცენტრის” წევრები იყვნენ საკმაოდ შეძლებული ადამიანები, მეტიც, მდიდრებიც და მათ თავისუფლად შეეძლოთ ოჯახებითურთ წასულიყვნენ ემიგრაციაში და იქ მშვენივრად იცხოვრებდნენ. მე ბაბუაჩემზე ვიტყვი, მოგაწვდით ინფორმაციას, რომელიც მსმენია ბიძებისგან და დეიდებისგან. ივანე ქუთათელაძემ პირველი მსოფლიო ომის წინ რამდენიმე ვენახი შეიძინა იტალიაში. ადამიანი, რომელიც უცხო ქვეყანაში ვენახს ყიდულობს, რა თქმა უნდა, ვენახში არ იცხოვრებს, ლოგიკურად ,საცხოვრებლად ,,ქოხიც ” უნდა ეყიდა. აგრეთვე, როცა კოტე აფხაზი, რომელიც ილია ჭავჭავაძის დისშვილი გახლდა და ილიას მკვლელობის შემდეგ გააგრძელა მისი საქმეები, კერძოდ : თბილისის უნივერსიტეტი დააარსა, ივანე ქუთათელაძემ დაარსების ფონდში შეიტანა ათას შვიდასი ოქროს თუმანი, რაც ძალიან დიდი თანხა იყო.

_ მოიცადეთ, ჩემთვის ცნობილია, რომ თბილისის უნივერსიტეტის დამაარსებელი არის ისტორიკოსი ივანე ჯავახიშვილი…

_ უნივერსიტეტი რომ დაარსო, ამას სჭირდება საკმაოდ დიდი თანხა, რომელიც ჩვენ დიდ მეცნიერს, ნამდვილად, არ გააჩნდა. უნივერსიტეტის დამაარსებელია კოტე აფხაზი. მაგრამ ეს დიდებული პიროვნება ბოლშევიკებმა დახვრიტეს, გამოაცხადეს ბანდიტად, მოღალატედ და, რა თქმა უნდა, მის სახელს ტაბუ დაადეს. წარმომიდგენია, რა უხერხულად გრძნობდა თავს ბატონი ივანე ჯავახიშვილი, რომელმაც სიმართლე იცოდა… ჰოდა, დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ხელისუფლება თავს იმიტომ უხერხულად გრძნობდა თავს, რომ შენ თუ ხარ მამულიშვილი, ინებე და გაწირე საკუთარი თავი, ოჯახი, ქონება სამშობლოს თავისუფლებისთვის. რომელი მათგანი იყო და არის ამისთვის მზად ?  აი, ქაქუცა ჩოლოყაშვილი კი, ყველა ხელისუფლებას აწყობდა და აწყობს. მან კარგი მაგალითი მისცა ხელისუფალთ – შეგიძლია ებრძოლო მტრებს, იმავე ბოლშევიკებს, დაარბიო რამდენიმე მილიციის განყოფილება, მერე მიატოვო თანამებრძოლები, წახვიდე ემიგრაციაში, ხოლო საკუთარი ოჯახი ბოლშევიკების ანაბარად დატოვო… ამგვარი საქციელი არ დაუვიწყეს ბატონ ქაიხოსრო ჩოლოყაშვილს, დაკრძალეს მთაწმინდაზე, ხოლო მისი პორტრეტით დაამშვენეს 200 ლარიან კუპიურა… თუმცა, დავუბრუნდეთ პრეზიდენტის განკარგულებას. პირადად მე სალომე ზურაბიშვილის ფუნქცია, როგორც პრეზიდენტისა დღემდე ვერ გამიგია. ვერაფერს ეს პიროვნება ვერ წყვეტს, აღმასრულებელი ხელისუფლება მას ამასხარავებს და მიჩნდება კანონიერი კითხვა: უფუნქციო საქართველოს პრეზიდენტს და მის აპარატს, რატომ ინახავს ბიუჯეტი, რომელიც ჩვენი ჯიბიდან ივსება ? ამა წლის 15 იანვარს მე მივწერე ქალბატონ სალომეს წერილი, რომელშიც ავუხსენი აბსურდამდე მისული მდგომარეობა, რომელშიც ჩვენ, შთამომავლები, ავღმოჩნდით. რატომ უნდა მივიღო მე თანხა სასამართლოს მეშვეობით და ვის უნდა ვუჩივლო: პირადად მას, სახელმწიფოს, რომლის განსახიერება თავადაა, თუ ფინანსთა სამინისტროს, რომელიც კატეგორიულად მოითხოვს სამკვიდროს და თითს კანონისკენ იშვერს. წერილში დასმულ კითხვაზე პასუხი პრეზიდნეტის აპარატიდან მივიღე ორი თვის შემდეგ, კონკრეტულად ვესაუბრე მის მრჩეველს, ბატონ ანგი ხუციშვილს. ბატონმა მრჩეველმა შემომთავაზა, რომ დავკავშირებოდი სამხედრო ცენტრის სხვა წევრების შთამომავლებს, მივსულიყავით მასთან და მოქმედების გეგმაზე შევთანხმებულიყავით. მე მას შევეკითხე: ეს შეხვედრა სასამართლოში ჩივილს თუ აგვაცილებს-მეთქი, მიპასუხა, არა, ვერ აგაცილებთო, მაშინ ვუთხარი: რა აზრი აქვს ამ შეხვედრას, რადგან ყველაზე უსიამოვნო და უხერხულია, რომ საკუთარ სახელმწიფოს სასამართლოში უჩივლონ მისმა მოქალაქეებმა…

_ საბოლოო ჯამში, რა გეგმები გაქვთ, როგორ აპირებთ ამ პრობლემის გადაწყვეტას ?

_ ვინაიდან ივანე ქუთათელაძეს სხვა შვილიშვილებიც ჰყავს და ეს თანხა ყველაზე უნდა გაიყოს, ამიტომ მე მხოლოდ ჩემს მოსაზრებას მოგახსენებთ, რომელსაც თავს არავის ვახვევ: ან ქალბატონმა პრეზიდენტმა გააუქმოს თავისი განკარგულება ფულად კომპენსაციის თაობაზე, რაზეც პირადად მე პროტესტს არ გამოვთქვამ, ან არსებობს პრინციპი და ამ პრონციპიდან გამომდინარე, პირადად მე მას ვუჩივლებ სასამართლოში, რადგან მისი ქმედება წამებული გმირების ხსოვნის შეურაცხყოფა და მათი შთამომავლების მასხრად აგდებაა.

თამთა მაისურაძე

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor