
საქართველომ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო – მათი გმირობა ქართველთა გულში მარადიულია
მას შემდგომ, რაც საბჭოთა იმპერიამ საქართველოს პირველ რესპუბლიკას დამოუკიდებლობა დააკარგინა, დღესდღეობით განსაკუთრებით სათუთად მოსაფრთხილებელია ბატონი ბიძინა ივანიშვილის მშვიდობის ის პოლიტიკა, რომელიც დღეს საქართველოს დამოუკიდებლობას უნარჩუნებს.
23 თებერვალს, იუნკერთა ხსოვნის დღეს, საქართველოს მთავრობამ პატივი მიაგო 1921 წელს კოჯორ-ტაბახმელასთან საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულ იუნკერებს.
ქვეყნის ლიდერებმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ, პარლამენტის ეზოში მდებარე იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და ხარების სახელობის სამლოცველოში პანაშვიდს დაესწრნენ.
შალვა პაპუაშვილის თქმით, იუნკერთა ხსოვნის დღე შეგვახსენებს, რომ ქართველები მუდამ ფხიზლად უნდა ვიყოთ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის არსებული საფრთხეების მიმართ.
„დღეს არის იუნკერების ხსენების დღე. ისინი არიან გმირები, რომლებმაც თავი შესწირეს ქვეყნის დამოუკიდებლობას, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას და, რა თქმა უნდა, ჩვენი ვალია, მათი გმირობის შესახებ ხსოვნა მომავალ თაობებს გადავცეთ. ასეთი ადამიანების გმირობამ მოიტანა დღემდე ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და ჩვენი ვალია, პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრეზიდენტის თქმით, ყოველ წელს 23 თებერვალი არის ქართველებისთვის დიდი ტკივილის და ამავე დროს სიამაყის დღე.
„თითოეული იუნკრის თავდადება, ვაჟკაცობა ცალკე აღებული გმირობის ამბავია, რომელსაც განსაკუთრებული, გამორჩეული ადგილი უკავია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. აღფრთოვანებას წარმოადგენს ჩვენი იუნკრების გამოჩენილი სიმამაცე, შეუპოვრობა მრავალრიცხოვან და ბევრად ძლიერ ჯართან ბრძოლაში. დიდება და მარადიული ხსოვნა ჩვენს საამაყო, გმირ იუნკრებს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
,,დღეს კიდევ ერთხელ გავიხსენეთ 1921 წლის თებერვალში კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლებში დაღუპული იუნკრები. მათმა თავგანწირულმა ბრძოლამ წითელ არმიას პოზიციები არაერთხელ დაათმობინა და უკან დაახევინა. იუნკრების თავგანწირვა და მტრისათვის გაწეული წინააღმდეგობა დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის ერთ-ერთი საამაყო მაგალითია. მათი გმირობა მუდამ დარჩება საქართველოს ისტორიაში, რომლის სულისკვეთებითაც მომავალი თაობები გაიზრდებიან”, –განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
„ქართველი იუნკრების გმირობა კიდევ ერთი მაგალითია იმის, რომ ქართველი ერი არასდროს შეურიგდება ოკუპაციას, არასდროს დათმობს თავისუფლებას”,- აღნიშნა კახა კალაძემ.
იუნკერთა გმირობა საქართველოს ისტორიაში დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო მაგალითად რჩება.
მათი ხსოვნა ნათელი მაგალითია იმ პატრიოტიზმისა, რომელიც თითოეული ქართველის გულშია.
მოამზადა-თამთა მაისურაძემ





