• May

    29

    2025
  • 169
  • 0
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ახალი მოდელი : დაზვერვის სამსახურის რეფორმა და ეროვნული ინტერესების დაცვის ახალი ეტაპი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ახალი მოდელი : დაზვერვის სამსახურის რეფორმა და ეროვნული ინტერესების დაცვის ახალი ეტაპი

თანამედროვე საქართველოს სახელმწიფოს უსაფრთხოების სისტემა მრავალი გამოწვევის წინაშე დგას. გლობალური და რეგიონული ცვლილებების ფონზე, ეროვნული უსაფრთხოების ეფექტიანი უზრუნველყოფა პირდაპირ არის დაკავშირებული სტრატეგიული, მოქნილი და კოორდინირებული სადაზვერვო სტრუქტურების არსებობასთან. საქართველოს პარლამენტის მიერ „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პირველადი დამტკიცება ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია, რომელიც ხაზს უსვამს სახელმწიფოს მზაობას არსებული სტრუქტურების მოდერნიზაციისა და მათ მაქსიმალურად ეფექტიან გამოყენებაზე.

ცვლილებები, რომლებიც დაზვერვის სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქვეუწყებო დაწესებულებად გარდაქმნას და ახალი სახელწოდების – ეროვნული სადაზვერვო სააგენტოს მინიჭებას გულისხმობს, სახელმწიფოს შესაძლებლობას აძლევს გააძლიეროს შიდა და გარე საფრთხეების ოპერატიული მართვის მექანიზმები. აღნიშნულ ინიციატივას თან ერთვის 27 კანონპროექტისგან შემდგარი საკანონმდებლო პაკეტი, რაც ადასტურებს რეფორმის მასშტაბურობასა და სისტემურ ხასიათს.

1 – ცვლილებების სამართლებრივი და ინსტიტუციური საფუძველი

კანონპროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია დაზვერვისა და უსაფრთხოების სტრუქტურებს შორის კოორდინაციის გაღრმავება. ამ კუთხით, მნიშვნელოვანი ცვლილებაა ის, რომ დაზვერვის სამსახური გადადის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ქვეშ. ეს ნიშნავს, რომ ორივე სტრუქტურა ერთი მართვითი ვერტიკალის ფარგლებში იმუშავებს, რაც მნიშვნელოვანად ამცირებს ბიუროკრატიულ შეფერხებებს, აჩქარებს ინფორმაციის გაცვლის პროცესს და ამაღლებს ანალიტიკური და ოპერატიული ერთიანობის ხარისხს.
გარდა ამისა, ცვლილებების შედეგად დაზვერვის სამსახურს განახლებული იდენტობა ეძლევა – ეროვნული სადაზვერვო სააგენტოს სახით. ეს, არა მხოლოდ სახელწოდების ცვლილებაა, არამედ ასახავს სამსახურის ფუნქციური რეფორმის კონცეფციას, რომელიც გულისხმობს ახალი ტექნოლოგიური, სტრუქტურული და ადამიანური რესურსების მართვის მექანიზმების დანერგვას.

2 -უსაფრთხოების ერთიანი სტრატეგიისკენ ნაბიჯი

ერთიანი მართვის სტრუქტურა საშუალებას იძლევა, დაზვერვისა და უსაფრთხოების ანალიზი უფრო სწრაფად და ეფექტიანად იქნეს ინტეგრირებული სახელმწიფო გადაწყვეტილებების პროცესში. სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მიერ, ეროვნული სააგენტოს უფროსისა და მისი მოადგილეების დანიშვნისა და გათავისუფლების მექანიზმი ქმნის ერთგვარ ინსტიტუციურ ერთიანობას, რაც საჭიროა სწრაფი რეაგირებისა და კრიზისების მართვისთვის.

მნიშვნელოვანია, რომ ეს ცვლილებები არ ნიშნავს დეპარტამენტების ავტონომიის დაკარგვას – პირიქით, გაზრდილი კოორდინაცია შესაძლებლობას აძლევს ორივე სტრუქტურას ოპტიმალურად გამოიყენოს საკუთარი რესურსები საერთო მიზნების მისაღწევად.

3 – სადაზვერვო და უსაფრთხოების უწყებების პროფესიონალიზმი

საქართველოს დაზვერვის სამსახური წლების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე დახურულ, მაგრამ პროფესიონალურ უწყებად ჩამოყალიბდა. მიუხედავად მრავალი გამოწვევისა, დაზვერვის თანამშრომლები უმაღლეს დონეზე ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს და ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე იდგნენ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

სუსი კი თავის მხრივ, ბოლო ათწლეულის განმავლობაში გადაიქცა მრავალფუნქციურ უწყებად, რომელიც ეფექტიანად ახორციელებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის, დივერსიების პრევენციის, კიბერსივრცეში მავნე აქტივობების აღმოფხვრისა და სხვა მნიშვნელოვან ფუნქციებს. მისი გაძლიერება სადაზვერვო კომპონენტით კიდევ უფრო ზრდის სტრუქტურის გლობალურ შესაძლებლობებს.

4 – რეფორმის გავლენა დემოკრატიულ კონტროლსა და გამჭვირვალობაზე

მიუხედავად იმისა, რომ რეფორმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აძლევს მეტ პასუხისმგებლობას დაზვერვაზე, ეს პროცესი არ მოხდება პარლამენტის კონტროლის გარეშე. როგორც თენგიზ შარმანაშვილმა აღნიშნა, ეროვნული სადაზვერვო სააგენტოს საქმიანობაზე გაგრძელდება საპარლამენტო ზედამხედველობა, რაც დემოკრატიული კონტროლის მექანიზმის ნაწილად რჩება.

ეს ფაქტორი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან უსაფრთხოების სფეროში გამჭვირვალობის დაცვა და ანგარიშვალდებულება არის ერთ-ერთი კრიტერიუმი დასავლური სტანდარტებისა და პარტნიორობისთვის.
შესაბამისად, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი შედარებით ბალანსს ინარჩუნებს ძალაუფლებასა და პასუხისმგებლობას შორის.

5 – საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა

მსგავსი მოდელები უკვე მრავალი წელია გამოიყენება დასავლურ ქვეყნებში, მათ შორის, აშშ-სა და ევროპის სახელმწიფოებში. სადაზვერვო სააგენტოების სტრუქტურული ინტეგრაცია უსაფრთხოების ცენტრალურ უწყებებთან საერთაშორისო პრაქტიკაში ითვლება, როგორც ეფექტიანობის ამაღლების და ინფორმაციის უკეთესი მართვის გზა.

ამ თვალსაზრისით, საქართველოც მიჰყვება თანამედროვე ტენდენციებს და ცდილობს საკუთარი სისტემის მოდერნიზებას ისე, რომ დაიცვას, როგორც ეროვნული უსაფრთხოება, ისე ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა.

დასკვნა :

საქართველოს დაზვერვის სამსახურის რეფორმა, რომელიც მისი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სტრუქტურაში ინტეგრირებას გულისხმობს, წარმოადგენს სტრატეგიულად გამართლებულ და დროულ ნაბიჯს. ეს არის სახელმწიფო ინსტიტუციური განვითარების ახალი ეტაპი, რომელიც მიზნად ისახავს უფრო ეფექტიანი, კოორდინირებული და სწრაფად რეაგირებადი სისტემის შექმნას.

მნიშვნელოვანია, რომ ორივე უწყება – როგორც დაზვერვა, ისე სუსი განიხილება, როგორც პროფესიონალური სტრუქტურები, რომელთაც არაერთხელ დაუმტკიცებიათ თავიანთი მზაობა საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვისთვის. მათი გაერთიანება მხოლოდ გაზრდის სახელმწიფოს უსაფრთხოების უნარებს.
ამ რეფორმის წარმატება დამოკიდებულია, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი სტრუქტურების თანამშრომლობაზე, მოქალაქეების ნდობაზე და საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინაციაზე, მაგრამ ყველაზე მთავარი, ეს რეფორმა არის ნაბიჯი იმ სახელმწიფოებრივი სიმტკიცისკენ, რომელსაც საქართველო თანმიმდევრულად და წარმატებით აღწევს თანამედროვე გეოპოლიტიკურ სივრცეში.

ირაკლი მაისურაძე

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor