
„საქართველოს წარმატება გარდაუვალია, ხოლო სიმართლე – უალტერნატივო“ – ალი ბაბაევის პატრიოტიზმი და მახვილი პოლიტიკური ალღო !
დღეს ,,GEO NEWS”-ის რესპონდენტია ,,ქართული ოცნების” ერთ-ერთ დამფუძნებელი, პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრი, ეროვნებით აზერბაიჯანელი და ,,საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარე, ალი ბაბაევი – ადამიანი, რომლის ყოველი სიტყვა გაჯერებულია ქვეყნის სიყვარულით, ხოლო მისი ანალიტიკური ხედვა ყოველთვის მოვლენების ეპიცენტრშია.
ბატონი ალი ბაბაევი, გახლავთ ის ფიგურა, რომელიც არასდროს ერიდება სიმართლის თქმას, მაშინაც კი, როცა ეს სიმართლე ბევრისთვის უხერხულია. მისი ურყევი პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტის, მშვიდობისა და ტრადიციული ღირებულებების მიმართ, მას საზოგადოების დიდი ნაწილის თვალში გამორჩეულად პატივსაცემ პიროვნებად აქცევს.
ბატონ ალისთან, საუბარი ყოველთვის საინტერესოა, რადგან ის ახერხებს დაინახოს ის დეტალები, რომლებიც ხშირად ზედაპირული დაკვირვების მიღმა რჩება.
-ბატონო ალი, უპირველეს ყოვლისა, მადლობას გიხდით, რომ გამონახეთ დრო. მოდით, დავიწყოთ ქვეყანაში არსებული საერთო განწყობით. როგორ აფასებთ დღევანდელ დინამიკას ?
-მოგესალმებით. დიდი სიამოვნებით ვუპასუხებ თქვენს კითხვებს. იცით, როდესაც დღევანდელ საქართველოზე ვსაუბრობთ, პირველი, რაც თვალში გვხვდება, ეს არის საოცარი პოზიტივი და განვითარების ტემპი. ქვეყანა, ფაქტობრივად, ყვავის. ეკონომიკური მაჩვენებლები, მშვიდობის შენარჩუნება ასეთ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში და ის სტაბილურობა, რომელიც ქუჩებში იგრძნობა – ეს ყველაფერი ხელისუფლების სწორი, გაწონასწორებული პოლიტიკის შედეგია.
მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველო დღეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა მართო სახელმწიფო საკუთარი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე.
-მიუხედავად ამ პოზიტივისა, ჩვენ ვხედავთ გარკვეულ დესტრუქციულ პროცესებსაც. რას მიაწერთ ამას ?
-დიახ, ეს სწორედ ის პარადოქსია, რაზეც ხშირად ვფიქრობ. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა პოზიტიურად ვითარდება, მაინც გვხვდება ბევრი დესტრუქცია. არსებობენ ჯგუფები, რომლებიც ყოველდღიურად ცდილობენ დააზარალონ საქართველოს იმიჯი საერთაშორისო ასპარეზზე.
ჩნდება კითხვა – რატომ ? პასუხი მარტივია – ეს ადამიანები არ მოქმედებენ საკუთარი ნებით. უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ ძალებით კარგად მანიპულირებენ უცხო და ჩვენი ქვეყნის მიმართ მტრულად განწყობილი მთავრობები. უფრო მეტიც, აქ აშკარად იკვეთება ე.წ. „დიპ სტეიტის“ ( Deep State ) ინტერესები. მათ არ სჭირდებათ ძლიერი, სუვერენული და მშვიდობიანი საქართველო – მათ სჭირდებათ მორჩილი იარაღი საკუთარი გლობალური თამაშებისთვის.
-ბატონო ალი, ამ კონტექსტში, როგორ შეაფასებდით ბრიტანეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას ტელეკომპანია „იმედისა“ და „პოს ტვ“-ის დასანქცირების შესახებ ?
-ეს არის უდიდესი უსამართლობა და, პირდაპირ გეტყვით, აბსურდი ! განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ბრიტანეთი, რომელიც საკუთარ სახელმწიფოში ვერ ხედავს უზარმაზარ პრობლემებს, იქნება ეს სოციალური კრიზისი თუ შიდაპოლიტიკური ქაოსი, „იცლის“ საქართველოს ორი კერძო და დამოუკიდებელი ტელეკომპანიისთვის.
„იმედი“ და „პოს ტვ“ არიან მედიასაშუალებები, რომლებიც მხარს უჭერენ სახელმწიფოს სუვერენულ პოლიტიკას და მმართველი გუნდის მშვიდობის პოლიტიკას. სწორედ ეს გახდა მათი „დანაშაული“. ეს არის უმადური დამოკიდებულება პარტნიორის მხრიდან.
როდესაც შენს ქვეყანაში მედია სიმართლეს ლაპარაკობს და ქვეყნის ინტერესებს იცავს, ამის გამო მისი დასანქცირება ყოველგვარ დემოკრატიულ სტანდარტს სცილდება.
-თქვენ ახსენეთ ბრიტანეთი. ალბათ რთულია ამ დროს არ გაგვახსენდეს BBC – ის ბოლოდროინდელი სიუჟეტები…
-რა თქმა უნდა ! გინდა არ გინდა, მაშინვე გახსენდება ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ის სამარცხვინო ცილისწამების კამპანია საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ.
წარმოიდგინეთ, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ხდებოდა ჩვენი ქვეყნის დადანაშაულება იმაში, თითქოს მიტინგების დაშლისას მომწამვლელ და სახიფათო ნივთიერებებს ვურევდით წყალში. ეს არის კლასიკური „ფეიკ ნიუსი“. არც ერთი მტკიცებულება არ ყოფილა წარმოდგენილი, არც ერთი ფაქტი. ეს იყო პირდაპირი დარტყმა ჩვენს სახელმწიფოებრიობაზე, რათა მსოფლიოს თვალში საქართველოში წარმოჩენილიყო დიქტატურა, რაც სრული სიცრუეა.
-მოდით, უფრო პოზიტიურ თემებზე გადავიდეთ. განათლების სისტემაში მნიშვნელოვანი ძვრებია. თქვენ როგორ უყურებთ ამ ცვლილებებს ?
-ეს ცალკე აღნიშვნის ღირსია. საგანმანათლებლო სისტემაში მიმდინარეობს მართლაც გარდამტეხი ცვლილებები. განათლება არის ჩვენი მომავლის საძირკველი. ძალიან საინტერესო იყო ის დებატები და დისკუსიები, რომლებიც ამ თემაზე გაიმართა თავად პრემიერ-მინისტრისა და განათლების მინისტრის მონაწილეობით. ჩანს, რომ ხელისუფლებას აქვს მკაფიო ხედვა, თუ როგორ უნდა გახდეს ქართული განათლება კონკურენტუნარიანი და, ამავდროულად, ეროვნულ ფასეულობებზე დაფუძნებული. ეს მაძლევს იმედს, რომ ჩვენი მომავალი თაობა იქნება ბევრად უფრო ძლიერი და ინფორმირებული.
-პოლიტიკურ კულტურაზეც რომ ვთქვათ – ხშირად გვესმის მოწოდებები დებატებისკენ. თქვენი აზრით, ვისთან უნდა გამართოს დიალოგი პრემიერმა ?
-აი, აქ მინდა ძალიან მკაფიო ვიყო. მე მინდა ვთხოვო საქართველოს პრემიერ-მინისტრს :
ბატონო პრემიერო, თქვენ ხართ სახელმწიფო მოღვაწე, რომელიც ქვეყანას მშვიდობისა და განვითარების გზით მიუძღვის. ნამდვილად ღირს, რომ დაუჯდეთ სადებატოდ მხოლოდ ღირსეულ ოპონენტებს – მათ, ვისაც რეალურად აწუხებს ქვეყნის ბედი და აქვთ არგუმენტირებული კრიტიკა. ნუ დაკარგავთ ძვირფას დროს უღირსებზე, რადიკალებზე და ჩვეულებრივ პროვოკატორებზე. მათ არ აინტერესებთ სიმართლე, მათ მხოლოდ შოუ და დესტრუქცია სჭირდებათ. პრემიერის დრო ქვეყნისთვის ძალიან ღირებულია იმისათვის, რომ ის პოლიტიკურ მასკარადში დაიხარჯოს.
-ბატონო ალი, დიდი მადლობა ასეთი გულწრფელი და სიღრმისეული ანალიზისთვის.
-მადლობა თქვენ. მჯერა, რომ სიმართლე ყოველთვის გაიმარჯვებს.
სიმართლის ხმა :
ბატონ ალი ბაბაევთან, ინტერვიუ კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყანას ჰყავდეს ისეთი მოაზროვნეები, რომლებიც მოვლენებს გლობალურ ჭრილში ხედავენ. მისი ურყევი ოპტიმიზმი და, ამავდროულად, ფხიზელი თვალით დანახული საფრთხეები, საუკეთესო გზამკვლევია ჩვენი საზოგადოებისთვის.
ბატონი ალი, რჩება იმ ადამიანად, რომელიც არ უშინდება გარე წნეხს და მუდამ მყარად დგას ქართული სახელმწიფოს ინტერესების სადარაჯოზე. მისი კეთილგანწყობილი, თუმცა პრინციპული პოზიცია არის ის, რაც დღეს ჩვენს პოლიტიკურ კულტურას ჰაერივით სჭირდება.
ირაკლი კერესელიძე
,,GEO NEWS”





