
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებში ხმის მიცემა დასრულდა
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები დასრულდა. საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა.
მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 513 818-ს შეადგენს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით 3 061 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი, რომელთაგან 2 284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 777 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდა, მათ შორისა იყო გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი ათი უბანი, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებებშია გახსნილი.
4 ოქტომბრის არჩევნებისთვის 12 პოლიტიკური პარტია იყო რეგისტრირებული, რომელთა რიგითობა საარჩევნო ბიულეტენში ასე იყო განაწილებული.
1. „მამული, ენა, სარწმუნოება“; 3. „კონსერვატორები საქართველოსთვის“; 5. „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“; 7. „თავისუფალი საქართველო“; 8. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“; 9. „ძლიერი საქართველო – ლელო“; 11. „საქართველო“; 12. „მწვანეთა პარტია“; 14. „სახალხო ხელისუფლება“; 25. „გახარია საქართველოსთვის“, 36. „გირჩი“; 41. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“.
ამასთან, თბილისში რეგისტრირებული იყო მერობის ცხრა კანდიდატი. თბილისის საკრებულოს არჩევნებისთვის პარტიული სია წარადგინა 12-ვე პოლიტიკურმა გაერთიანებამ. გარდა თბილისისა, დანარჩენ 63 მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იყო მერობის 112 კანდიდატი, მათ შორის საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილია ოთხი კანდიდატი.
რაც შეეხება ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში რეგისტრირებულ მაჟორიტარობის კანდიდატებს – სულ რეგისტრირებული იყო 2 228 კანდიდატი, მათ შორის საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი 32 კანდიდატი. თბილისში კი – 160 კანდიდატი.
საარჩევნო პროცესს დააკვირდებიან 28 საერთაშორისო და 27 ადგილობრივი ორგანიზაციის დამკვირვებლები. არჩევნების მიმდინარეობას გააშუქებს 73 მედიასაშუალების ათასამდე წარმომადგენელი.
ამასთან, ცესკო-ს მონაცემებით, 17:00 საათისთვის საარჩევნო უბანზე 1 175 817 ამომრჩეველი მივიდა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 33.5 პროცენტს შეადგენს.





