
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
სერგეი ლავროვი – არანაირი უკრაინის ჩათრევა ნატო-ში, საერთოდ არანაირი ნატო-ს გაფართოება, მეორე მოთხოვნა არის იმ რეალობის აღიარება, რაც ჩაწერილია ჩვენს კონსტიტუციაში
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთის მოთხოვნებია, უკრაინა ნატო-ში არასდროს გაწევრიანდეს და აღიარებული იყოს ტერიტორიები.
აღნიშნულის შესახებ ლავროვმა მოსკოვის ოლქში გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენ დაჟინებით ვითხოვთ იმას, რაც ჩვენი კანონიერი მოთხოვნებია, კონკრეტულად კი – ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფა: არანაირი უკრაინის ჩათრევა ნატო-ში, საერთოდ არანაირი ნატო-ს გაფართოება. ყველა დაპირებისა და დოკუმენტების მიუხედავად, ნატო უკვე ისედაც გაფართოვდა ჩვენს საზღვრებამდე; ასევე, მეორე მოთხოვნა არის იმ რეალობის აღიარება, რაც ჩაწერილია ჩვენს კონსტიტუციაში, ეს აბსოლუტურად უალტერნატივო მოთხოვნებია“, – განაცხადა ლავროვმა.
სერგეი ლავროვმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი დღეს მარტო იბრძვის მთელი დასავლეთის წინააღმდეგ.
„დღეს ჩვენ ბრძოლის ველზე მოკავშირეები არ გვყავს. ამიტომ მხოლოდ ჩვენი თავის იმედი უნდა გვქონდეს. არ შეიძლება, დავუშვათ სისუსტე“, – განაცხადა ლავროვმა.





