
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
სერგეი ლავროვი – ჩვენ არა მხოლოდ მოვუსმინეთ, არამედ გავიგეთ ერთმანეთის, ამერიკულმა მხარემ უკეთ გაიგო ჩვენი პოზიცია, საუბარი ძალიან სასარგებლოა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განაცხადებით, რუსეთის დელეგაცია დაეთანხმა სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს, რომ მნიშვნელოვანია, ქვეყნებმა იხელმძღვანელონ თავიანთი ეროვნული ინტერესებით.
ლავროვის თქმით, სახელმწიფოთა ინტერესები თუ არ ემთხვევა, მნიშვნელოვანია ურთიერთობათა დარეგულირება, რათა არ მოხდეს სამხედრო ესკალაციის პროვოცირება.
„ვფიქრობ, საუბარი ძალიან სასარგებლოა, ჩვენ არა მხოლოდ მოვუსმინეთ, არამედ გავიგეთ ერთმანეთის. ამერიკულმა მხარემ უკეთ გაიგო ჩვენი პოზიცია“, – აღნიშნა ლავროვმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ამერიკულ დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ დაასახელა სამეტაპიანი შეთანხმება ქვეყნებს შორის. ლავროვის თქმით, პირველი ამოცანაა ორი ქვეყნის ელჩების დამტკიცების დაჩქარების უზრუნველყოფა. მან ასევე მოუწოდა ამერიკულ მხარეს, მოიხსნას დაბრკოლებები, რომლებიც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ დააწესა დიპლომატიურ საქმიანობაში, რაც სერიოზულად ართულებს რუსეთისა და აშშ-ის საელჩოების მუშაობას; მეორე ეტაპი უკრაინაში მიმდინარე ომის დარეგულირების პროცესს მოიცავს.
„ჩვენ შევთანხმდით, რომ უახლოეს მომავალში ჩამოყალიბდება უკრაინის კონფლიქტის მოგვარების პროცესი. ამერიკული მხარე შეგვატყობინებს, ვინ წარმოადგენს ვაშინგტონს ამ სამუშაოს ფარგლებში. როგორც კი გავიგებთ სახელს, დავასახელებთ ჩვენი პროცესის მონაწილეს“, – აღნიშნა ლავროვმა.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მესამე ეტაპი მოიცავს პირობების შექმნას რუსეთისა და აშშ-ს თანამშრომლობის სრული განახლებისთვის, უკრაინაში მიმდინარე ომის მოგვარების პარალელურად, მათ შორის, მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში არსებული გეოპოლიტიკური პრობლემების კუთხით.





