
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
სომხეთმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში ფულადი შენატანის გადახდაზე უარი თქვა
სომხეთმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ყოველწლიური ფულადი შენატანის გადახდაზე უარი თქვა. როგორც სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ერევანმა ამ გადაწყვეტილების შესახებ ორგანიზაციის სამდივნოს ოფიციალურად აცნობა. საუბარია გასული წლის შენატანზე.
„სომხეთი თავს იკავებს „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების 2024 წლის ბიუჯეტის შესახებ“ გადაწყვეტილების ხელმოწერისკენ და, შესაბამისად, ორგანიზაციის საქმიანობის დაფინანსებისგან“, – განაცხადეს სომხეთის საგარეო უწყებაში.
ერევანში განაცხადეს, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების შიდა წესების მიხედვით, ორგანიზაციის ბიუჯეტის დეტალები არ არის საჯარო.
მანამდე რუსეთის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ თუ სომხეთი 2025 წლამდე არ დაფარავს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის მიმართ დაგროვილ დავალიანებას, მაშინ შესაძლებელია, სომხეთის წინააღმდეგ სხვადასხვა ზომა იყოს მიღებული, თუმცა ქვეყნის გარიცხვა მოსალოდნელი არ არის.
შეგახსენებთ, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრები არიან ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, რუსეთი, ტაჯიკეთი და სომხეთი.
2024 წლის დასაწყისში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში ქვეყნის წევრობას გაყინავს და არ გამორიცხა სომხეთის ამ ორგანიზაციიდან გასვლა, თუ ეს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია არ შეასრულებს საკუთარ ვალდებულებს და არ აღიარებს პასუხისმგებლობის ზონას. საქმე ეხებოდა 2023 წელს აზერბაიჯანის მიერ ყარაბაღში ჩატარებულ სამხედრო ოპერაციას.