
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმება და გენერალურ პროკურატურასთან შერწყმა – ნაბიჯი ეფექტურობისკენ !
ბოლო დროს აქტიურად განიხილება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ( სსს ) გაუქმებისა და მისი ფუნქციების გენერალური პროკურატურისთვის გადაცემის საკითხი. ეს ცვლილება, სავარაუდოდ, მიზნად ისახავს საგამოძიებო პროცესების ოპტიმიზაციასა და სისტემის ეფექტურობის ამაღლებას. მართალია, ,,სსს” შედარებით ახალი უწყება იყო, მაგრამ მისი საქმიანობის პერიოდში გამოვლინდა გარკვეული ხარვეზები, რამაც, შესაძლოა, განაპირობა კიდეც მისი რეორგანიზაციის საჭიროება.
რატომ უქმდება სპეციალური საგამოძიებო სამსახური ?
სპეციალური საგამოძიებო სამსახური 2022 წლის 1 მარტს შეიქმნა, როგორც დამოუკიდებელი უწყება, რომლის მთავარი ფუნქცია სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება იყო. იდეა იყო, რომ ეს სამსახური იქნებოდა მიუკერძოებელი და ეფექტურად გამოიძიებდა იმ საქმეებს, სადაც შესაძლოა, პროკურატურას ინტერესთა კონფლიქტი ჰქონოდა, თუმცა, მისი არსებობის პერიოდში გაჩნდა კითხვები მისი დამოუკიდებლობის ხარისხთან დაკავშირებით. არაერთი ექსპერტი თუ სამოქალაქო აქტივისტი მიიჩნევდა, რომ ,,სსს” სრულად ვერ ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოლოდინებს და ხშირად მისი გადაწყვეტილებები არასაკმარისად გამჭვირვალე იყო. ასევე, გამოიკვეთა გარკვეული საკანონმდებლო და სტრუქტურული ხარვეზები, რამაც უწყების მუშაობას ხელი შეუშალა.
რა არის ,,სსს”-ის გენერალურ პროკურატურასთან შერწყმის პოტენციური სარგებელი ?
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გენერალურ პროკურატურასთან შერწყმა რამდენიმე პოტენციურ სარგებელს მოიცავს :
1 – რესურსების ოპტიმიზაცია : ორი ცალკეული უწყების ნაცვლად, ერთი დიდი სტრუქტურის ფარგლებში შესაძლებელი გახდება ადამიანური და მატერიალური რესურსების უფრო ეფექტური გადანაწილება და გამოყენება. ეს შეამცირებს ბიუროკრატიას და გააუმჯობესებს საგამოძიებო პროცესების კოორდინაციას.
2 – გამოცდილების გაზიარება : პროკურატურის მრავალწლიანი გამოცდილება და ჩამოყალიბებული ინფრასტრუქტურა ,,სსს”-ის ფუნქციების ინტეგრირების შემთხვევაში დადებითად აისახება გამოძიების ხარისხზე.
3 -ერთიანი საგამოძიებო პოლიტიკა : ერთიანი ხელმძღვანელობის ქვეშ შესაძლებელი გახდება უფრო თანმიმდევრული და ერთიანი საგამოძიებო პოლიტიკის განხორციელება, რაც შეამცირებს შეუსაბამობებსა და გაუგებრობებს საქმის წარმოებისას.
რა თქმა უნდა, ამ ცვლილებას თან ახლავს გარკვეული გამოწვევებიც, მათ შორის, გენერალური პროკურატურის შიგნით დამოუკიდებელი და ეფექტური ზედამხედველობის მექანიზმების უზრუნველყოფის აუცილებლობა, რათა თავიდან იქნას აცილებული ინტერესთა კონფლიქტი და უზრუნველყოფილი იყოს სამართლიანი გამოძიება.
საბოლოო ჯამში, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმება და მისი ფუნქციების გენერალურ პროკურატურასთან შერწყმა არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქართული სამართალდამცავი სისტემის რეფორმის გზაზე.
სხვათა შორის, ჩვენ ჯერ კიდევ 2024 წლის სექტემბერ-დეკემბრამდე ვწერდით, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმის კეთების ნაცვლად, მისთვის არასასურველი საქმეების თაროზე შემოგდებით იყო დაკავებული. მეტიც, ჩვენი არაერთი განცხადებისა და შეტყობინების მიუხედავად, ( საპარლამენტო არჩევნებამდე და შემდგომაც ), როცა ჩვენზე გარკვეული ოპოზიციური და ,,ქართული ოცნებიდან” გაძევებული ძალების მხრიდან გაუგონარი ზეწოლა, დევნა და პროფესიულ საქმიანობაში ხელისშეშლა მიმდინარეობდა, ეს სამსახური, არათუ რეაგირებდა, არამედ ჩვენს ზარებსაც კი აღარ პასუხობდა. დიახ, ,,სსს”-ში ჩვენი ათეულობით შეტყობინება და განცხადება დევს, რომელიც განცხადებად რჩება – გამომძიებლებიც კი არ გვიკავშირდებოდნენ, რომ მინიმუმ ფორმალურად მაინც გამოვეკითხეთ, ხოლო სამსახურის უფროსს, კარლო კაციტაძეს კი მიბლოკილი ვყავდით, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, რათა ჩვენი ზარებით ბატონი კარლო ზედმეტად არ შეწუხებილიყო ! ჩვენ მაშინ პირდაპირ ვწერდით ამ ყველაფერზე და აღვნიშნავდით, რომ კაციტაძის უწყებაში ,,ძაღლი პატრონს ვერ სცნობდა”….და ვსვამდით კითხვას – რაში იღებდნენ ეს ადამიანები ბიუჯეტიდან ხელფასს ? ( სტატიები შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს პორტალზე ) .
დამაინც, დრო გვიჩვენებს, რამდენად ეფექტური იქნება ეს ცვლილება პრაქტიკაში და რამდენად შეუწყობს ხელს ის სამართლის უზენაესობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფას…
,,GEO NEWS” მიესალმება ამ ახალ საკანონმდებლო ნოვაციას და საქართველის გენერალურ პროკურატურას გამოწვევებთან წარმატებულ გამკლავებას უსურვებს.
ქეთი ხომერიკი





