
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ,, ძაღლი პატრონს ვერ სცნობს” ?
ვინც ჩვენს წერილების ციკლს აკვირდება ემახსოვრება პოლონეთში მოკალათებულ ვინმე გოჩა არჩაიას მუქარების დასტა, ჩვენი ჩივილი დიდუბე-ჩუღურეთის მე-4 სამმართველოში და ამავე სამმართველოს მიერ დუშეთის რაიონულ სამმართველოში გაგზავნილ ზემოთხენებული ,, პიროტექნიკის” სისხლის სამართლის საქმე, ასევე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მოქალაქეების პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოები.
რაც შეეხება დუშეთში გადაგზავნილ საქმეს, რომელიც იძიებს არჩაიას მიერ ჩვენდამი გამოთქმულ მუქარებს, როგორც იქნა, წინ წავიდა – ერთ-ერთი ჩვენთაგანი გამოიკითხა. გამოძიება, სამწუხაროდ მდორედ მიმდინარეობს.
რაც შეეხება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გადაგზავნილ საქმეს, რომელიც მოქალაქეების პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოებს ეხება, ამანაც განიცადა პროგრესი – ერთ-ერთი ჩვენთაგანი გუშინ, ჩვენივე განცხადების, ზარებისა და აქტიურობის ხელშეწყობით, გამოიკითხა.
გამომძიებელმა სახელად ანზორიმ განგვიცხადა, რომ საქმე დიდუბე-ჩუღურეთის მე-4 სამმართველოდან მათთან არ მისულა და გამოკითხვა ჩვენი შეტყობინების საფუძველზე მოხდაო. გამომძიებელმა, რომელიც არ იყო სრულად საქმის კურსში, თავიდან ბოლოდე მოგვაყოლინა საქმის არსი. მას არათუ საქმე, არამედ არავითარი დოკუმენტი გადმოგზავნილი დიდუბე-ჩუღურეთის მე-4 სამმართველოდან მაგიდაზე არ ედო. დიდუბის სამმართველოს გამომძიებლის სახელი და გვარიც ჩვენ გვკითხა. არც დავაყოვნეთ და დავასახელეთ. ბატონმა ანზორიმ გვითხრა, რომ ეს საქმე მისი სამსახურის ქვემდებარე არ არის ( ავტ. ვინაიდან ვიდეობი 2022 წლამდეა გადაღებული, რაშიც გამომძიებელს ვეთანხმებით, უბრალოდ, ზნეობა და კანონი არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ დავაკონკრეტოთ დეტალები და პირები ) და ცნობა ამის შესახებ გამოგვეგზავნება. ასევე გამომძიებელმა დასძინა, რომ ეს საქმე დიდუბე-ჩუღურეთის მე-4 სამმართველომ უნდა გამოიძიოს ვინაიდან ვიდეოები, როგორც მოგახსენეთ, ბევრი წლის წინ არის გადაღებული.
რა თქმა უნდა, კვლავ, უკვე მერამდენეჯერ ( ! ) მივმართეთ დიდუბე-ჩუღურეთის მე-4 სამმართველოს, ასევე შსს-ს გენისპექციას. თავისმხრივ, ორივე გვიმტკიცებს, რომ საქმე არის გადაგზავნილი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, რომელიც, თურმე, უკან არ აბრუნებს საქმეს და ამიტომ გამოძიებას ვერ ვაგრძელებთო.
ვინაიდან ჩვენ გვაქვს კარგი წარმოდგენა საქართველოს პოლიციაზე, მის მაღალკვალიფიციურ კადრებზე, ვერ ვიჯერებთ, რომ ასეთი გაურკვევლობა სუფევდეს ჩვენს ძალოვან სტრუქტურაში. ჩვენი ვარაუდით საქმე ,, გაიჩხირა “სპეციალური საგამოძიებო სამსახურის კანცელარიაში, რომელშიც, ალბათ, მოღვაწეობენ შემთხვევითი პიროვნებები, რომელთაც საკანცელარიო საქმეზე აქვთ ძალზე ბუნდოვანი წარმოდგენა ან საერთოდ არ აქვთ. შესაძლოა აქვთ, მაგრამ ვიღაცის მითითების გამო, საქმე აორთქლებულია. ჯერ-ჯერობით პრეტენზია მხოლოდ კანცელარიის გაზულუქებულ და განებივრებულ ხალხთან გვაქვს. თუმცა, არაა გამორიცხული, რომ მაგ სამსახურში საერთოდ ყველაფერია მოშლილი და უკონტროლო. თავად განსაჯეთ, გამომძიებელი ამბობს ერთს, აწარმოებს გამოკითხვას საქმის გარეშე ( ჩვენივე შეტყობინების საფუძველზე ) , რომელმაც ვერა და ვერ მიაღწია მის კაბინეტამდე.
მივმართავთ ბატონ კოკა კაციტაძეს, რომელიც ჩვენს ზარებს არ პასუხობს, რომ პირად კონტროლზე აიყვანოს ჩვენი საქმე და წესრიგი დაამყაროს თავის ,, სამფლობელოში “. პრინც ჰამლეტის თქმის არ იყოს, რაღაც სიდამპლეა დანიურ სამეფოში.
p.s. ხმამაღლა ვაცხადებთ, რომ შეუძლებელია, შსს-ს გენისპექციას შევყავდეთ შეცდომაში, ეს გამორიცხულია. მაშ, რა ხდება ? დიდუბე-ჩუღურეთის მე-4 სამმართველო არასწორ ინფორმაციას გენისპექციას ვერ მიაწვდის, თავისმხრივ კი, გენისპექცია კაციტაძის უწყებისკენ იშვერს თითს. და სანამ მიმდინარეობს ერთმანეთის მიმართ გადაბრალება, მოუთმენლად ველით მოქალაქეების პირადი ცხოვრების ახალ ვიდეო ფილმებს.
( გაგრძელება იქნება )
გიორგი კორძაძე, ქეთი ხომერიკი