
- By Keti Khomeriki
- In ,,GEO NEWS" ახლდება ყოველ დღე შაბათ-კვირის გარდა, ექსკლუზივი - სტატიები, ინტერვიუ
სპორტსმენი გიორგი ჭავჭავაძე ძველი ქართული ტრადიციული საბრძოლო ხელოვნების არსზე და საქართველოს სახელის განდიდებაზე საუბრობს
ამ საახალწლო დღეებში ჩვენს მკითხველს გვინდა გამორჩეული ქართველი სპორტსმენი გიორგი ჭავჭავაძე წარვუდგინოთ, რომელიც დარწმუნებული ვართ, საკუთარი დიდი მოგვარის მსგავსად, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს არაერთი წარმატების განმაპირობებელი და განმსაზღვრელი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ სულ ახალგაზრდა ასაკისაა, მისი მიღწევები და საკუთარი თავის მიძღვნა სპორტისადმი შთამბეჭდავი და შთამაგონებელია, რაშიც გვჯერა, რომ ჩვენი მკითხველიც დაგვეთანხმება, როდესაც ამ ახალგაზრდა კაცის გულწრფელი პათოსით სავსე საინტერესო ინტერვიუს წაიკითხავს.
–გიორგი, მოგვიყევი შენს სპორტულ საქმიანობიზე და გვითხარი, როგორია შენი მიღწევები ძველ ქართულ ტრადიციულ საბრძოლო ხელოვნებაში ?
-ე.წ. ,,მუშტი-კრივის” დარგში ვიღებ მონაწილეობას და ამ დროისთვის ათი ბრძოლა მაქვს ჩატარებული – ხუთი მოგება, ხუთი მარცხი. ბოლო ბრძოლა საღამოს ბრძოლა იყო, რომლის საუკეთესო წარმდგენი ანუ ავტორი ვიყავი. დიახ, საღამოს ლიდერი გავხდი, ამიტომაც ჩვენმა სპონსორმა დაგვაფინანსა. რა შედეგიც მინდოდა, რომ ჩემი კარიერის მანძილზე დამედო, ის შედეგი საღამოს ბრძოლაში დავდე.
ყველაზე მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, ის არის, რომ მე შედეგისთვის მონდომების და წარმატების იმედით ვშრომობ. საკუთარ თავში ყოველ დღე ძალას და იმ იმედს ვპოულობ, რომ მოვა დრო და დასახულ მიზანს მივაღწევ. ჩემს შეხვედრებს და მიღწევებს ყოველთვის კრიტიკულად ვაანალიზებ და ვხვდები იმას, რომ სწორ ადგილას ვარ, აქ უნდა ვიყო, ამ სპორტში. ამ სპორტს ჩემი შინაგანი სამყაროსთვის სიმშვიდე მოაქვს, თითქოსდა გარეგნული აგრესიული ფორმა შინაგან ჰარმონიას კვებავს და საკუთარ თავთან კომფორტს მიქმნის. აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ სწორ ადგილას ვარ, სწორ დროს და სწორ მეგობრებთან ერთად.
–რამ განაპირობა შენი გატაცება, ერთი შეხედვით ასეთი ვიზუალურად, აგრესიული ფორმის სპორტით ? თუმცა, აქვე იმასაც გეტყვი, რომ მთელ საქართველოსთან ერთად, მეც ამაყი ვიყავი შენი უფროსი კოლეგების ილია თოფურიასა და მერაბ დვალიშვილის მიერ მსოფლიო დონის გამარჯვებების მოპოვებით და საქართველოს სახელის მსოფლიო დონეზე გატანით….
–ეს ყველაფერი გამოწვეულია იმით, რომ ქართველი ვარ. ჩვენი წინაპრების ისტორიიდან გამომდინარე, როგორც გვახსოვს, ყოველთვის ომში და ბრძოლაში ვიყავით, ეს გენები მეც შემომრჩა და შესაბამისად, მებრძოლი სულიც. ამ გენებს ყველაზე ლეგალური გზით ვაძლევ გამოვხატვის შესაძლებლობას. ვიბრძვი წარმატებისთვის, ვიბრძვი მომავლისთვის, ვიბრძვი ჩემი ოჯახის კეთილდღეობისთვის, ჩემი სამშობლოს სასახელოდ.
ეს სპორტი მეტ-ნაკლებად ახალი აღმოცენებულია საქართველოში. ჩემი უფროსი კოლეგების, საამაყო ილიასა და მერაბის მიღწევებიდან გამომდინარე, ნელ-ნელა, ასე რომ ვთქვათ, სახელმწიფოდანაც იზრდება ჩართულობა, რაც იმედია გაგრძელდება და გაძლიერდება.
–რაიმე სახის განსაკუთრებული ჩვევა ან ტრადიცია ხომ არ გაქვს საბრძოლველად გასვლის წინ ?
-ბრძოლაზე გასვლის წინ, რაღაც განსაკუთრებული ტრადიცია არ მაქვს. ბრძოლის წინ ცრურწმენები არ მჭირდება, რადგან ჩემს მაქსიმუმს ვაკეთებ, იმისთვის რომ ის შედეგი დავდო, რისთვისაც ვიბრძვი. არ აქვს მნიშვნელობა ბრძოლის წინ რა მეცმევა, რას გავაკეთებ, მთავარია, რომ შრომაში ჩავდო ყველაფერი და შედეგი დავდო. ტრადიცია და ჩვევა ჩემს რეზულტატს, თუ მე არ მოვიწადინე, ვერ შეცვლის.
დაახლოებით ოთხი წელია, რაც ამ სპორტში ვარ და ყველაზე დიდი მიღწევა, რაც მაქვს, ეს გრეპლინგში საქართველოს ჩემპიონობაა. სპორტის ამ სახეობამ, ბოლო დროს, საქართველოში ძალიან მოიკიდა ფეხი. ჩვენი ქართველი მებრძოლების წარმატების შემდეგ, ამ სპორტს საქართველოში მერაბისა და ილიას წარმატებები დიდ პოპულარიზაციას უწევს.
–როგორია თქვენი სამომავლო გეგმები ?
-რაც შეეხება ჩემს სამომავლო გეგმებს, ის ,,იუეფსის” უკავშირდება, როგორც ყველა ,,ემ ემ ეი”-ს მებრძოლის გასავლელ გზას, რადგან ეს არის მსოფლიოში პირველი ორგანიზაცია, რომელიც ამ დროისთვის წამყვანი ორგანიზაციაა დარგში.
-რას ეტყოდით ახალგაზრდებს, თქვენს თანატოლებს ?
-ახალგაზრდებს ვეტყოდი იმას, რომ მთავარია საკუთარი თავის გწამდეს, რადგან საკუთარი რწმენით ყველაფერს მიაღწევ. მქონია მომენტი, როცა ჩემი თავის რწმენაც კი დამიკარგავს, მაგრამ ამ ყველაფერს მოუცია ბიძგი, მიმხვდარვარ, რომ შედეგზე გასვლა რწმენისა და მათ შორის, საკუთარი თავის რწმენის გარეშე, არ ხდება. ჩემი მიღწევები ამ ეტაპისთვის არ არის ისეთი, როგორიც მე მინდა, რომ იყოს, თუმცა ყოველდღიურ რეჟიმში ვშრომობ, რათა დავუახლოვდე ჩემს მიზანს.
გარდა ამისა, ამ მომენტისთვის ორგანიზაცია ,,გამაში,, ვსაქმიანობ, ეს საბრძოლო ხელოვნებაში ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციაა საქართველოში.
ირაკლი გუნია